კლიმატის ცვლილება - რა შემიძლია მე?

ბოლო რამდენიმე ათწლეულის უდიდესი პრობლემა კონსუმერიზმი და სხვადასხვა პროდუქტის ზედმეტი გამოყენებაა, რასაც უდიდეს გამოწვევამდე - კლიმატის სწრაფ ცვლილებამდე მივყავართ. 


ალბათ გაგიგიათ, რომ ნაგავსაყრელები არა მხოლოდ მესამე რიგის ქვეყნების, არამედ განვითარებული სახელმწიფოების პრობლემაცაა. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ნარჩენების შემცირების და გააზრებული მოხმარების მოძრაობა ძალიან აქტიურია. 


ეს ყველაფერი კი, ერთადერთი რამის გამოა - ნაგავსაყრელები და მათ მიერ შექმნილი სათბურის აირები, გრუნტის წყლების მოწამვლა და ნიადაგის დაავადება. 


ნაგავი და ნაგავსაყრელები უდიდეს პრობლემას ქმნის დედამიწისთვის. 

ნაგავსაყრელებზე გროვდება ტოქსიკური ნარჩენები, შხამ-ქიმიკატები და რაც მთავარია საკვების ნარჩენები, რომელიც ვერ ახერხებს სრულ დაშლას (ლპობას) არასათანადო პირობების გამო და გამოყოფს ისეთ აირებს როგორიცაა მეთანი და ნახშირორჟანგი. 

ეს აირები ორგანული ნარჩენის არასრული და არასწორი დაშლისას წარმოიქმნება. ამ აირების გამოყოფა ცნობილია როგორც სათბურის გაზები.



ერთ, პატარა ნაგავსაყრელსაც კი დაახლოებით 50 წლამდე შეუძლია სხვადასხვა აირების წარმოშობა.
მეთანი და ნახშირორჟანგი წარმოიქმნება სხვადასხვა სახის ორგანული ნარჩენების და ბაქტერიების ურთიერთქმედების შედეგად. ნაგავსაყრელზე გადაყრილი საჭმელი, მუყაო, ქაღალდი, ფოთლები, თმები, ფრჩხილები, ბამბა, ტილოს ქსოვილები არასათანადო გარემო პირობების შედეგად ქმნის იმ საშიშროებას, რომელიც კლიმატის ცვლილებით არის ცნობილი. 


რა თქმა უნდა კლიმატზე გავლენა მხოლოდ ნაგავსაყრელებს არ აქვს, თუმცა საკმაოდ მასშტაბურია მათი გავლენა და წილი.
გავლენის მასშტაბი საკმარისია იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გააზრებულად მოქმედება დაიწყოს. 


რა თქმა უნდა ნაგავსაყრელებისა და ნარჩენების სეპარირების უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, მაგრამ მოქალაქეების ხელშეწყობის გარეშე არაფერი გამოვა. 


რა შეგვიძლია ჩვენ? შენ? მე? სხვას?

არის რამდენიმე მარტივი, ერთი საშუალო და ერთიც ცოტა რთული გამოსავალი. 

რაც მეტი ადამიანი მოიმოქმედებს რამეს, კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, ნარჩენების მართვის კუთხით უფრო უკეთესი იქნება.

შეიძლება ჩვენ ყველამ ყველაფერი ვერ მოვახერხოთ, მაგრამ ჯობია ვიყოთ ბევრნი და ვაკეთოთ სხვადასხვა სასარგებლო რაღაცეები ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვიდრე ვიყოთ ცოტა და გავიჭაჭოთ. 


  1. ნარჩენების მართვა და გააზრებული მოქმედებები.
    რა შეიძლება იყოს იმაზე ადვილი ვიდრე მაღაზიაში საკუთარი ჩანთით სიარულია? ტილოს ან გამჭვირვალე ბადის ასაწონი ჩანთების ტარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.

  2. შეფუთული პროდუქტი
    ყოველ ჯერზე, როდესაც უარს ვიტყვით შეფუთულ ბოსტნეულზე, ან ავირჩევთ მუყაოს ყუთში დაფასოებულ პროდუქტს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ მცირე ნაბიჯი მაინც გადავდგით გლობალური დათბობის წინააღმდეგ.

  3. ნარჩენების დახარისხება
    რა გვიდგას წინ რომ მუყაო, პლასტმასა, ალუმინი და სხვა ყველაფერი ცალ-ცალკე შევაგროვოთ? ვიღაც იტყვის, რომ ადგილია პრობლემაო, მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს ყველა ნარჩენი შეიძლება დავპრესოთ და ისე მოვათავსოთ ყუთში. კორპუსში შეიძლება მეზობლებს შევუამხანაგდეთ, ან იმაზე მაინც დავითანხმოთ, რომ სადარბაზოში ორი დამატებითი ყუთი უპრობლემოდ დაიდგას, სადაც პლასტმასის და ალუმინის ნარჩენი შეგროვდება.
    კიდევ კარგი, რომ საქართველოში გადამუშავებადი ნარჩენების კატეგორია და სია ნელა, მაგრამ იზრდება. 

  4. სახლის კომპოსტი
    ამ ვერსიისთვის აივანი მართლაც აუცილებელია, თუმცა კი მისი ზომა არაა მნიშვნელოვანი. სახლის კომპოსტის წამოსაწყებად რამდენიმე მუყაო, ნასვრეტებიანი კონტეინერი, ცოტა შავი მიწა და თუ ხელი მიგიწვდებათ წვიმის ჭიაყელებია კარგი. სახლის კომპოსტის დაცლა 2 კვირაში ერთხელაც შეიძლება, მაგ დროში სადმე ქალაქის შემოგარენში ადგილსაც შეიგულებთ, სადაც ყველაფრის მიწაში ჩამარხვა ადვილად გამოვა.

  5. საზოგადოებრივი კომპოსტი

ამ შემთხვევაში მერიისა თუ ადგილობრივი მმართველობის ნებართვა აუცილებელია. საჭიროა ფართი სადაც განთავსდება კომპოსტი, შემოსაღობი მასალა და რამდენიმე ნიშნული.

საზოგადოებრივი კომპოსტი დიდებული რამეა, აერთიანებს ადამიანებს, გარემოზე ზრუნვის მეტ იდეებსა და აქტივობებს აჩენს და ბოლოს ხელსაყრელია ყველასთვის, ვისაც სახლში მცენარეები ჰყავს. შეიძლება, რომ საზოგადოებრივი კომპოსტი კონკრეტული ეკო აქტივისტების ჯგუფის იდეების დასაფინანსებლადაც გამოდგეს. კომპოსტზე უკეთესი გამანოყიერებელი კი, სულ ცოტა რამეა

  1. კრეატიული მიდგომა
    კლიმატის ცვლილებაზე ზრუნვა ნარჩენების ახლებურად გამოყენებითაც შეიძლება. ნებისმიერი იდეა ვარგა, რომელიც ნაგავსაყრელზე მოსახვედრ ნარჩენს მინიმუმამდე დაიყვანს. ნარჩენების არტი ძალიან პოპულარული მიმდინარეობაა ამ ათწლეულში. 

ნარჩენების მართვა აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ დიდი კორპორაციებისგან, მივმართოთ მათ და სოციალური პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდოთ. 

ადგილობრივ მმართველობებს აუცილებლად მეტი რესურსის ხარჯვა და ზრუნვა უნდა მოვთხოვოთ ამ მიმართულებით, მაგრამ როგორც მაჰათმა განდიმ თქვა:



შენ თვითონ უნდა იყო ის ცვლილება, რაც შენს გარშემო გინდა დაინახო.


ამიტომ დღესაც არ არის გვიან გარემოზე ზრუნვის დასაწყებად და კლიმატის ცვლილების ტემპის შესამცირებლად, ჯერ კიდევ გვაქვს დრო უკან ვერდაბრუნების წერტილამდე.
შეიძლება ჩვენ ვერ გავაკეთოთ ყველაფერი რაც საჭიროა, მაგრამ ნებისმიერი სულ პატარა ცვლილებაც უმნიშვნელოვანესია. 



პოსტი მომზადებულია კონკურსის "იმოქმედე კლიმატისთვის" ფარგლებში. 



Post a Comment

0 Comments