ნარჩენების შემცირება | მარტივი ნაბიჯები | საიდან დავიწყოთ?

ნარჩენების შემცირება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ადამიანებმა იმდენი მოვახერხეთ, რომ დედამიწა პლასტმასის და ცელოფნის ნარჩენებით დაიფარა.

პირველი ნაბიჯების გადასადგმელად არ არის აუცილებელი რაღაც განსაკუთრებული ხარჯის გაწევა, მხოლოდ ზოგიერთი ჩვევის გადაფასება და შეცვლა გვჭირდება. 

▶ დაიწყეთ ყველაზე მარტივით - უარი თქვით საწრუპებზე. ნებისმიერ დაწესებულებაში ან წვეულებაზე, უბრალოდ უარი თქვით საწრუპის გამოყენებაზე. ნებისმიერი წვენის და კოქტეილის დალევა საწრუპის გარეშეც მშვენივრად გამოდის.

შეგიძლიათ ატაროთ საკუთარი მეტალის საწრუპი თუ მისი აუცილებლობა არსებობს

▶ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება ცელოფნის პარკების მრავალჯერადი გამოყენება იყოს. ყველას გვაქვს დაგროვილი და ხშირად სხვადასხვა პროდუქტის ყიდვისას ახალ პარკებსაც გვაძლევენ(უფრო გვტენიან, სხვანაირად ვერ წარმოუოდგენიათ). ეცადეთ ატაროთ რამდენიმე ცალი ჩანთით და ისინი რამდენჯერმე გამოიყენოთ. მარტივია, მსუბუქია და დაახლოებით 10-ჯერ მაინც შეამცირებთ კვირის განმავლობაში თქვენს მიერ გამოყენებული ცელოფნის რაოდენობას.

ნაჭრის ჩანთების აურაცხელი სახეობა

ასევე, დიდი პარკების ნაცვლად ნაჭრის ჩანთების ტარებაც დიდებული გამოსავალია. ალბათ მინიმუმ 2-3 ცალი გადასაკიდი,ნაჭრის ჩანთა (Tote Bag) გექნებათ სხვადასხვა ფესტივალებიდან და ივენთებიდან შემორჩენილი. ჩაკეცეთ ძირითად ჩანთაში და მძიმე ან დიდი მოცულობის რაღაცეების ყიდვისას ცელოფნის პარკის სახელურით დასერილი თითები აღარც გაგახსენდებათ. 

▶ კიდევ ერთი მარტივი ჩანაცვლებაა ყურის ჩხირები. რა თქმა უნდა ყველა ვყიდულობთ, მაგრამ შეგვიძლია რომ შეძენისას არჩევანი უფრო ეკომეგობრულ ვერსიაზე შევაჩეროთ და პლასტმასის მაგივრად ხის ჩხირებზე წამოცმული ბამბა ვიყიდოთ. შესაძლოა სულ მცირედით ძვირი დაგიჯდეთ ასეთი არჩევანი, მაგრამ გრძელვადიან პერიოდზე თუ გავთვლით, ცუდი არჩევანი ისევ თქვენს ჯანმრთელობაზე უნდა აისახოს უარყოფითად, ასე რომ მგონი ღირს ოდნავ მეტის დახარჯვა.

ხის ჩხირზე აწყობილი ყურის ჯოხები

▶ ატარეთ საკუთარი ლანჩი/კონტეინერი მაინც. ძალიან ხშირად, სამსახურში საკვების გამოძახებისას ან შემოგარენში სწრაფი კვების ობიექტებში კერძების ყიდვისას პლასტმასის კონტეინერების მთელს არმიას ვაგროვებთ. წარმოიდგინეთ რამდენ პლასტმასს ყრით თუ კვირაში სამჯერ მაინც იძახებთ საკვებს, ან ყიდულობთ მას საოჯახო სამზარეულოს ტიპის მარკეტში?
სხვა თუ არაფერი გარეთ ჭამა უკვე ფრიად ძვირი სიამოვნებაა და თან არასოდეს იცი რამდენად კარგი და ჯანსაღი ინგრედიენტებისგან მომზადდა ის რასაც მიირთმევ, ასე რომ ესეც პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გაკეთებული ცვლილებაა.

▶ უარი თქვით პლასტმასის ბოთლებზე და ეცადეთ საკუთარი თერმოსი ატაროთ, ან სამსახურში გედგათ მაგიდაზე მინის ბოთლი. სხვა თუ არაფერი საკუთარ ჯანმრთელობას მოუფრთხილებით. თქვენს ორგანიზმში ვერ მოხვდებიან ფტალატები და მიკროპლასტმასის ნაწილაკები, ასე რომ საკუთარ თავზე ზრუნვით გარემოსაც მოუფრთხილდებით.

წყლის ბოთლი, რომელიც წყალსაც მოგანდომებთ და პლასტმასაც აგარიდებთ

შესაძლოა ერთი შეხედვით დიდი ვერაფრად მოგეჩვენოთ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები, მაგრამ სულ მცირე ნაბიჯიც კი ჯამში ძალიან დიდ ცვლილებას მოახდენს, თუ ჩვენ ბევრნი ვიქნებით.

რა თქმა უნდა, თავიდანვე ყველაფერს ვერ მივედ - მოვედებით, ყველაფერს ვერ გადავწვდებით და ხანდახან არჩევანიც კი არ გვაქვს ბაზარზე, მაგრამ როდესაც ასეთი არსებობს ნამდვილად ღირს დაფიქრება და გააზრებული გადაწყვეტილების გაკეთება.

შეიძლება ჩვენ ვერ გავაკეთოთ ყველაფერი რაც გარემოს გადსარჩენადაა საჭირო, მაგრამ ყველას მცირე გადაწყვეტილებები და ცვლილებები ქცევაში არის ის რაც დედამიწას ძალიან სჭირდება.

სხვა პლანეტა ჯერ არ გვაქვს, ასე რომ სანამ ჯერ კიდევ არსებობს შანსი ამის გადარჩენის, ეს უნდა გავაკეთოთ.
სიტუაცია შეუქცევადი სულ მალე გახდება. მეცნიერები უახლოეს რამდენიმე წელიწადში ტემპერატურის 4 გრადუსიან მატებას ვარაუდობენ, რაც ისეთი კატაკლიზმების მიზეზი გახდება რომ შესაძლოა დასალევი წყალი და საკვები დედამიწის ნახევარს სანატრელი გავიხდეს.
ძველი შარვლისგან შეიძლება სარაფანის გამოვიდეს და ნაჭრის ჩანთაც ხილისთვის.

ნუ ვიქნებით საკუთარი სიკვდილის სულელური მიზეზი. დავიწყოთ ცვლილება ახლავე! 





Post a Comment

0 Comments