ნამდვილად არ გვაქვს მეორე პლანეტა, მარსის კოლონიზაცია კი ჯერ ბურუსით მოცული გეგმაა, რომელიც შეიძლება ჩაფლავდეს, რადგან აღარ გვექნება მთავარი პლანეტა რომლიდანაც რამის დაგეგმვას და განხორციელებას შევძლებთ.
უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ადამიანის მიერ წარმოებული ნარჩენები ყველა ბუნებრივ კატასტროფაზე უფრო დიდი კატაკლიზმია.
უკანასკნელი კვლევების თანახმად, ნარჩენები რომელიც დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ნაგავსაყრელებზე ხვავდება კატასტროფამდე მიგვიყვანს.
2016 წელს ნარჩენების რაოდენობამ 2,01 მილიარდ ტონას მიაღწია. ვარაუდობენ, რომ ეს რაოდენობა სულ მალე 3 მილიარდ ტონას გადააჭარბებს. პატარა განვითარებადი ქვეყნებიც ნელ-ნელა ებმებიან ამ ფერხულში და თავისი წვლილი შეაქვთ ევროპისა და ამერიკის კვალდაკვალ.
ყველაზე დიდი პრობლემა დედამიწაზე არადეგრადირებადი ნარჩენებია. ასეთი კი ძირითადად პლატმასი და პოლიეთილენია.
ეს ნარჩენები არა მხოლოდ ლოკალურად ახდენენ გავლენას, იქ სადაც მათი დაყრა ხდება, არამედ ისინი აბინძურებენ მიწისქვეშა წყლებსა და ნიადაგს, გამოყოფენ ტოქნიკურ ნივთიერებებს და ეს რამდენიმე ათეული ან ასეული წელიწადი გრძელდება.
ნაგავსაყრელებზე წარმოქმნილი კარბონის დიოქსიდი (ნახშირორჟანგი) ჰაერის დაბიძურების 5% წილშია.
“Mismanagement of waste is harming human health and local environments while adding to the climate challenge,” said Laura Tuck, Vice President for Sustainable Development, World Bank. [ნარჩენების არასწორი დახარისხება ვნებს ადამიანების ჯანმრთელობას და გარემოს, ამასთანავე მონაწილეობს კლიმატის ცვლილებაში]
განვითარებად ქვეყნებში ნარჩენების რაღაც ნაწილი გადის გადამუშავების პროცესს, თუმცა ეს წილი მხოლოდდაახლოებით 5%-მდეა. უკანასკნელ პერიოდში ძალიან აქტუალური ხდება კომპოსტირება (ქალაქის და მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების პირობებშიც კი). ბევრი ქვეყანა და ქალაქები ქმნიან სპეციალურ სამსახურებს, რომელიც ქალაქის მასშტაბით მოსახლეობისგან აგროვებს საკვებ ნარჩენებს და შემდეგ სწორი კოპოსტირების ეტაპის გავლისას აბრუნებენ ამ ყველაფერს ნიადაგში.
ეს ინტერაქტიული რუკა დაგეხმარებათ უკეთ აღიქვათ თუ ნარჩენების და ნაგავსაყრელების რა მასშტაბზეა საუბარი -
ნარჩენების დიდი წილი საყოფაცხოვრებო ნივთებისგან შედგება. შესაბამისად, ჩვენ ყველაზე ადვილად შეგვიძლია შევუწყოთ ხელი მათ შემცირებას და როგორც კი ამას ვიზამთ კომპანიებსაც მოუწევთ ფეხის აწყობა, ეკომეგობრულ მასალებზე და შეფუთვებზე გადასვლა.
პლასტმასის ნარჩენების უდიდესი ნაწილი ჩვენს მიერ შეძენილი საკვები პროდუქტებიდან მოდის.
ჩიფსებისა და ტკბილეულობის შეფუთვა ყველაზე დიდი წილს იკავებს, შემდეგ წყლისა და სასმელების ბოთლები მოყვება + მათი თავსახურები, დიდი მაღაზიების და მარკეტების პოლიეთილენის პარკები, საწრუპები და ა.შ
მეტსაც გეტყვით, პლასტმასის გამოყენება საშიში კიდევ ერთი მიზეზითაა, უმეტესად მასში შედის ისეთი ნივთიერება როგორიცაა ფტალატი (Phthalates, or phthalate esters) რომელიც გამოიყენება მასალის მდგრადობის, სიმყარის და მოხმარების გახანგრძლივებისთვის.
ზუსტად ეს არის პრობლემა, როდესაც მოვიხმართ პლასტმასის შეფუთვაში შენახულ პროდუქტს ეს ნივთიერება მისი საშუალებით ჩვენს ორგანიზმში ხვდება. კვლევებმა კი აჩვენა, რომ ამ ნივთიერების ადამინის ორგანიზმში მოხვედრა სავალალოა და აზიანებს თირკმელს, ფიტვებს და რეპროდუქციულ სისტემას. ფტალატები ისეთ უწყინარ პროდუქტებშიც კი გვხვდება როგორიცაა სათამაშოები, ლუბრიკანტები, თავის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკა, საკვების შესაფუთი მასალები, შპალერები და ავტომობილის სავარძლებიც კი.
შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ძალიან მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ თუ რას მოვიხმართ, არა მხოლოდ საკვებ პროდუქტებში არამედ ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ნივთებში. ჩვენი ჯანმრთელობა არ შედგება ცალკეული ელემენტებისგან, სრულიად გარემო ახდენს მასზე გავლენას და ჩვენ აღარ უნდა შევუწყოთ ამას ხელი.
იმისთვის, რომ მეტნაკლებად შევძლოთ თავის დაცვა გარემოზე ზრუნვით, აუცილებელია შევიძინოთ რამდენიმე ახალი უნარი/ჩვევა.
პირველი, რაც აუცილებელია და ძალიან საყურადღებოა - გავეცნოთ პროდუქტის შემადგენლობებს, ასევე მოვიძიოთ ძალიან საშიში ინგრედიენტებისა და ქიმიკატების სია რომელიც ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება შედიოდეს ჩვენთვის სასურველ პროდუქტში, მაგრამ ის უპრობლემოდ ეწეროს შემადგენლობაში, კომპანიის მხრიდან ყველანაირი გაფრთხილების გარეშე.
კონსუმერიზმის ერაში, კომპანიები არ იწუხებენ თავს ჩვენზე ზრუნვით, შესაბამისად ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და წავახალისოთ ან ვაიძულოთ ისინი შექმნან უფრო მდგრადი, უსაფრთხო და ეკო მეგობრული პროდუქტები.
შემდეგი ძალიან აუცილებელი უნარია, რომ ნებისმიერი რესურსის გამოყენების შემდეგ ხელახლა გამოვიყენოთ და მეორე სიცოცხლე შთავბეროთ მათ.
რა თქმა უნდა ძალიან ძნელია ერთბაშად ყველაფერზე უარის თქმა, მინიმუმ სახლში ყველას გვაქვს უკვე ნაყიდი სხვადასხვა საშუალებები, რომლის ნაგავში გადაყრაც არაფრით არ ჩაჯდება ეკომეგობრულ და ნარჩენების გონივრული მართვის პრინციპებში.
დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით და შემდეგ, როდესაც ერთი ჩვევა გაჩნდება და ახალ უნარს შეიძენთ, გადადით შემდეგზე.
ჯობია ნელი ნაბიჯებით შევცვალოთ ცხოვრების წესი, ვიდრე ერთბაშად ვეცეთ, ჩავფლავდეთ და ხელი ჩავიქნიოთ.
მდგრადი განვითარებისა და ნარჩენების მართვაში არსებობს სამი R:
Reduce[შემცირება], Reuse [ ხელახლა გამოყენება/მეორადი გამოყენება ], Recycle [ გადამუშავება ].
ძალიან ადვილი პრინციპია თითქოს და გადამუშავებამდე სანამ მივალთ (რომელიც შეილება საკუთარი ძალებით არ გამოვიდეს, რადგან ქვეყანაში უნდა არსებობდეს ასეთი ქარხნები და შესაძლებელი იყოს სხვადასხვა მასალის და ტარის ჩაბარება), პირველი ორი პუნქტის შესრულება თითოეულ ჩვენგანს ძალიან მარტივად შეგვიძლია:
1. აუცილებელია დავფიქრდეთ რას ვყიდულობთ, ნამდვილად გვჭირდება თუ არა ეს და ვართ თუ არა იმპულსური მყიდველები. ძალიან ხშირად რაღაც უბრალოდ მოგვწონს და დაუფიქრებლად ვყიდულობთ, შემდეგ ეს ნივთი დიდი ხანი გამოუყენებლად იმტვერება, ხოლო სეზონური და ჩვეულებრივი დალაგებისას ჩვენ მას ვაგდებთ და ის სასიცოცხლო ციკლს ნაგავსაყრელზე ასრულებს.
იმისათვის, რომ არ მოხდეს მსგავსი რაღაც და გარემოს დაბინძურებაში ჩვენი წვლილი შევამციროთ, აუცილებელია კარგად დავფიქრდეთ და ავწონ-დავწონოთ რეალურად რამდენად გვჭირდება ეს თუ ის ნივთი, ნამდვილად გამოვიყენებთ თუ არა, მოგვიტანს თუ არა სარგებელს და გახდის თუ არა ჩვენს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ან მარტივს.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენაძენი გააზრებული იქნება და ის არ დაასრულებს სიცოცხლეს ნაგავსაყრელზე, მინიმუმ მანამდე სანამ მისი მოხმარების ვადა ამოიწურება და ის ნამდვილად უსარგებლო გახდება.
ასეთი გააზრება ყიდვამდე ეხება ნებისმიერ ნივთს - ტანსაცმელს, ტექნიკას, ჭურჭელს, საკანცელარიო ნივთებს, საკვებს - პრინციპში საერთოდ ყველაფერს რაც კი ხელმისაწვდომია ჩვენს გარშემო.
2. მივცეთ ნივთებს მეორე სიცოცხლე.
თუ ჩვენ არ გვადგება რაღაც ნივთი, ყოველთვის გამოჩდნება ადამიანი რომელსაც ზუსტად ეს რაღაც სჭირდება და სიამოვნებით გამოიყენებდა მას, ნივთის მთელი სასიცოცხლო პერიოდის განმავლობაში.
სასარგებლო ბმულები:
გაზიარება და არა გადაყრა. თუმცა გაზიარების გარდა თვითონაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ნივთები განსხვავებული დანიშნულებით და ასე მივცეთ მათ მეორე სიცოცხლე. მაგალითად: მწნილის ქილები შევღებოთ და ლარნაკებად ვაქციოთ, გამოუყენებელი ფინჯნები გავხვრიტოთ და ყვავილის ქოთნებად გვქონდეს, გაცრეცილი მაისური კი მტვრის ან იატაკის ტილოდაც გამოდგება.
ამის გარდა არის კიდევ ერთი საშუალება (ნარჩენების გადამუშვებამდე) - გამოვიყენოთ ეკო მეგობრული და ბიოდეგრადირებადი ნივთები.
მაგალითად, ისეთი საყოფაცხოვრებო პროდუქტები როგორიცაა საწრუპი, კბილის ჯაგრისი, ჰიგიენური საფენები, ბრიტვები და სველი ხელსახოცები ყველაზე ადვილად ჩანაცვლებადია ეკო მეგობრული ვერსიებით.
საქართველოში უკვე შესაძლებელია რამდენიმე ადგილსა და დაწესებულებაში ისეთი პროდუქტის შეძენა, რომელიც არა მხოლოდ უსაფრთხოა პირდაპირი გამოყენებისას, არამედ მათი შეძენისას თქვენ გაუფრთხილდებით გარემოს და არ შექმნით საშიშ ნარჩენებს.
ასეთებია მაგალითად - ჯანაშიას 26 ნომერში არსებული მაღაზია zero effect , რომელიც მომხმარებელს ყოველდღიური ნივთების ეკომეგობრულ ვერსიბს სთავაზობს.
zero effect-ში შეგიძლიათ შეიძინოთ წყლის ბოთლები, მრავალჯერადი საწრუპები, ეკომეგობრული საპარსი საშუალებები, ბამბუკის კბილის ჯაგრისები და მრავალი სხვა.
ეტაპობრივი ჩანაცვლება აუცილებლად იქონიებს გარემოზე გავლენას.
საშუალოდ ერთი ადამიანი ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით 200 ცალ პლასტმასის კბილის ჯაგრის მოიხმარს, რომლებიც ნაგავსაყრელებზე ასრულებენ სიცოცხლეს, არასოდეს ლპებიან და აბინძურებენ გარემოს.
ჯამურად კი, თითოეული ადამიანი (განვითარებული ან განვითარებად ქვეყნიდან) დაახლოებით 15 ტონამდე ნაგავს ვაწარმოებთ სიცოცხლის განმავლობაში (ამაში შედის ნებისმიერი მყარი ნარჩენები- მინა, მეტალი, პლასტმასი, ქაღალდი და საკვები).
არის კიდევ ერთი საინტერესო ადგილი თბილისში, სავაჭრო ცენტრ მერანში - Fresh Line.
აქ თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ საკუთარი კონტეინერით და შეიძინოთ სქრაბები, ტანისა და თმის მოვლის საშუალებები. ამით თქვენ შეამცირებთ პლასტმასის მოხმარებას და უფრო ეკომოგებრულ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
და ბოლოს შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი კომპანიის პროდუქტები, რომლებსაც უარი აქვთ ნათქვამი პლასტმასის გამოყენებაზე და დიდი ხანია ის ცელულოზით ჩაანაცვლეს - ასეთი კი Sisel-ი გახლავთ. მათი წარმომადგენლობა თბილისში, უნივესიტეტის ქუჩაზე მდებარეობს.
გარემოზე ზრუნვისთვის ერთი ნაბიჯი და გადაწყვეტილებაც კმარა.
სადღაც ამოვიკითხე, რომ ჩვენ არ გვჭირდება 1000 ადამიანი, რომელიც სრულყოფილად მისდევს ნარჩენების შემცირებისთვის აუცილებელი ყველა წესს. ჩვენ გვჭირდება მილიონობით ადამიანი, რომელიც უბრალოდ გააზრებულ არჩევანს აკეთებს და ზრუნავს იმაზე თუ რას მოიხმარს თვითონ და რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ჩვენს გარემოსა და პლანეტაზე.
დედამიწაზე ტემპერატურის ჯამურად 4 გრადუსით აწევა საშინელ მოვლენებს გვიქადის.
დაგვიანებულია, მაგრამ მაინც შესაძლებელია შევაჩეროთ ის უბედურებები რაც კლიმატის ცვლილების გამო გველოდება.
გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი, ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა გასაქცევად.
________________________________________________________
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!