ის დილა როდესაც სხვა ვარ


ვფხიზლდები. მცივა. ფეხები მეყინება და ყურებში ქარი მიზუზუნებს.

ქუთუთოებზე ალბათ ორი შემრევი ბეტონი მაქვს მისხმული, ვერ ვახელ, მძიმეა. 
ვხვდები, რომ ერთბაშად ორივე თვალის გახელა არ გამოვა, ამიტომ მარცხენათი ვიწყებ.

ქვაფენილი
სიგარეტის ნამწვები
შიშველი ფეხი
***

ჯანდაბა ეს ფეხი ჩემია. რატომ ვარ ფეხშიშველი? 
სასწრაფოდ უნდა გავახილო მეორე თვალიც, მეორე ფეხიც შიშველი მაქვს თუ არა, საინტერესოა.

გამოვიდა, ორივე თვალი გახელილი მაქვს. თავბრუ დამეხვა, ამდენი სინათლე რატომ არის გარშემო?

მეორე შიშველი ფეხი. 
ვაჰ, არადა ფეხზე ნამდვილად მეცვა ბოლოს. როდის იყო ეგ ბოლო ისე?

ტაკ, ვიხსენებთ რაც შეგვიძლია ყველაფერს.
ესეიგი....

რა საშინელებაა ფიქრის დროსაც კი ენა მებმის, თუ აზრები, მოკლედ ვბორძიკობ.

ესეიგი, გუშინ გოგოებთან ერთად ვიყავი, ნუ თუ გუშინ იყო და არა უფრო ადრე ეგ ყველაფერი.

გარშემო გოგოები არ ჩანან, თავის მიტრიალებას კიდევ არაუშავს, მაგრამ ტანს ვეღარ მივაბრუნებ, იმედია უკან არ არიან. 
ისე შემიძლია დავუძახო...

ხმა გამიფუჭდა, არ არის. 
საფულე, საფულე და მობილურიც მქონდა. აუჰ ამ "კურტკებს" ამდენ ჯიბეს ვინ უკეთებს, ადამიანის გაჭირვებას სულ არ ითვალისწინებენ. 

აჰა, საფულე არის, ვაგრძელებ მობილურის ძებნას. ლიფში რაღაც მაწუხებს, რა ჯანდაბაა ნეტა...

ჰოო, მობილური. რატომ მიდევს მობილური ლიფში? რა ხდებოდა გუშინ, კი მაგრამ?
საფულე, საფულეში ფული დევს, ანუ არ დამიხარჯავს? თუ ვიშოვე?

გამოტოვებული ზარები არ არის, მესიჯები? არც ეგ.
რუკა, რუკის გახსნა არაა ცუდი იდეა. 
ვაააიმეე, ამდენს ვერ გავანაალიზებ ახლა, რამდენი კილომეტრი "დავწერეთ"?
და სად არიან გოგოები ბოლოს და ბოლოს?

ა გუშინ, ორი ტიპი რომ გავიცანით, რა ერქვათ...
ეს რაღაა ხელზე? ააჰ, აგერ თურმე რა ერქვა, ნომერიც კი მაქვს. ირონია. 
არ იშლება. იმედია რომ სვირინგი არ არის, აბა რატომ მეწვის? ნეტა მარკერი იყოს...
***

მოდი მივწერ გოგოებს, იქნებ მიპასუხონ და გავარკვევ სად ვარ, თუ ადგომა მოვახერხე ოღონდ.

ძნელი საქმე ყოფილა გაყინული ხელებით მესიჯის წერა. 
უი გამახსენდა. გუშინ რაღაც დიდ სახლში რომ ვიყავით წვეულებაზე და იქ რომ აუზში ჩავხტი... ანუ ჩემი ტანსაცმელი არ არის რაც მაცვია? 

ნამდვილად, არც ჯემპრი მეცნობა და შარვალიც კაცისაა. 
მე მგონია ჯობია შევწყვიტო წინა ღამის ამბების გახსენება, ვფიქრობ არ ღირს იმის ცოდნა რაც ტვინმა უკვე დაივიწყა.

აი პასუხი მოვიდა. მეზობელ ქალაქში? როგორ მოხვდა ეს გოგო მეზობელ ქალაქში 80 კილომეტრის მოშორებით, შუა ღამით? აზრზე არ არის ვის სახლშია, თანაც არც ხმები ისმის და ოთახშიც არავინაა.

ვუშველო? მე როგორ ვუშველო? ფეხზეც ვერ ვდგები, სხვისი ტანსაცმელი მაცვია და აზრზე არ ვარ მე თვითონ სად ვარ.

ნეტა მეორე სადღაა, რო არ ჩანს. იმედია კარგადაა და ისიც სადმე არ გადაკარგულა. 
უნდა ვცადო ფეხზე ადგომა და რუკაზე ლოკაციის ნახვა, აუცილებლად უნდა გავიგო სად ვარ, რაც მთავარია ფული მაინც მაქვს, აქ არ დავრჩები.

ერთი, ორი, სამი.... ოთხი, ხუთი, ოცდაშვიდი. 
ვერ ვდგები. 
რამდენი ხანი უნდა ვიჯდე ასე? ფეხებიც გამილურჯდა და ვერ ვგრძნობ. არადა მე მგონი არ ცივა. 
***


უკანასკნელი ძალები მოვიკრიფე და ტროტუარიდან ავდექი. ავდექი, მაგრამ იქვე მდგარ საფოსტო ყუთს, თუ რაღაც ასეთს ჩამოვეკონწიალე, ასეთი მოქნევით დაცემას ვერ გადავიტან. 

მობილური უნდა ამოვიღო, მაგრამ სად წავიღე, ნუთუ იქვე ჩავტენე სადაც ვიპოვე? აჰ არა, აგერ ჩამიდია ჯიბეში.
აააააააააააააააააააააქ რა ჯანდაბა მინდა? საერთოდ როგორ მოვხვდი აქ? ქალაქის ამ ნაწილის არსებობაზეც არ მქონდა გაგონილი და რატომ არავინ არ დადის ქუჩაში??
***

ალბათ ახლა არ ვარ ფხიზლად და ეს ყველაფერი ჩემს თავში ხდება, ძალიან მინდა რომ ასე იყოს, მაგრამ ისე მცივა უეჭველი რეალობაა. 

აჰა მეორე პასუხიც მოვიდა.... სასტუმროშია! სასტუმროშია! აი რანაირად, რატომ არის მხოლოდ ეს სასტუმროში? ჩვენ რატომ ვერ მოვახერხეთ იქამდე მიღწევა? 

აქედან რა გააღწევს, თან ფეხშიშველი. 

საფულე უნდა ამოვიღო, კიდევ ერთხელ.
რა კარგია რომ ერთ ჩვევას მაინც არ ვღალატობ და ყოველთვის ვიღებ სავიზიტო ბარათს იმ სასტუმროს ლობიში რომელშიც ვცხოვრობ.

ეეეე.... ბარათი არ არის, ეს რანაირად. სულ ვაკეთებ ამას, ახლა როგორ არ არის...
და ეს ვისი პირადობის მოწმობაა? 

მე ასეთი არ ვარ...
ვინ ვარ? სად ვარ? 
***

სიცივე მაფხიზლებს და მთელი სხეული მტკივა, თვალების გახელა უნდა ვცადო...




Post a Comment

3 Comments

  1. ემილი9:41 PM

    აუუ, ისეთია, გაგრძელებაც რომ უნდა მოჰყვეს :)
    ძალიან დინამიურია და ჩამთრევი და უჩვეულო ^^

    ReplyDelete
    Replies
    1. მართლა,რაღაც წიგნის,ან ფილმის დასაწყისს გავს:))

      Delete
  2. აუუ რა გემრიელად წავიკითხე! გაგრძელებას ველოდებოდი, ცალსახად :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!