იქ სადაც დაღმართს დაღმართი მოჰყვება

-მი რენა თენეფ?

მეგრულად სულ სხვაგვარად შრიალებს ტყე.....

-მუ ოკონა?

ასე გგონია უნდა გაიგო რას გეუბნება, მაგრამ მეგრულს ცოდნა უნდა

ან ამეკიდე, ან აგეკიდები - ასე გეტყვის თუ შეხვდი, არ უნდა შეგეშინდეს - ამტკიცებს დაჟინებით და ბილიკს ნახევრად სირბილით მიუყვება.

- ეთი თომამ ჭკვერას ორდას

რა თქმა უნდა გველმა სისინამ არ დააყოვნა და სადღაც მწკრივის ბოლოდან გავიგონეთ:
-როგორც ინებებთო, მაგასაც დააყოლებს ბარემ და ეგ არის.
სულ სიცილ - ხარხარით ჩავიარეთ უცნაური, ტყიანი მონაკვეთი.

მთელი ისტორია კი სულ სხვაგან და სხვაგვარად დაიწყო.

***

მატარებლის ვაგონის მთელი თუ არა უდიდესი ნაწილი მაინც, ჩვენ დავიკავეთ. დერეფანში მზეზე გასაშრობი ჩურჩხელებივით გამოვეფინეთ და სანამ არ დავიძარით კაი ღრიანცელი იდგა.

შუა ღამის მოახლოებასთან ერთად ყველა ჩვენს კუპეებში მივჩუმდით, უმეტესობას აბსოლუტური ძილქუშიც დაეცა.

რომლიმე ღმერთმა მაინც თუ უწყის როგორ გაიარა ღამემ უკვე კარგია, ჯერ კიდევ გაუთენებელზე ჩამოგვსხეს მატარებლიდან, თვალებდაწებებულები, პირშიმკვდარკატაგამოვლებული და აბსოლუტური ჯუჯღუნის ხასიათზე მყოფი, უსაყვარლესი 13 ადამიანი.

კიდევ კარგი ერთი მეგრულად მოჭიკჭიკე მაინც გვერია რიგებში, თავიდანვე გამოდგა.

სამარშრუტო ვიპოვეთ და ავეხვეტეთ შიგნით, გზაში იყო გაუგებრობები, "გამიშვიგამატარეთ"-ებიც და "ვისა ბიჭოებიც", მაგრამ სტარტის წერტილში მაინც მშვიდობიანად მივედით.

გამკვირვებია ადამიანების ვისაც დილა უთენია, გამოუძინებელზე შემართება ჰყოფნით რომ აქტიურად იმოძრავონ წინ და უკან, ჩაატარონ უცნაური პროცედურები და ეს ხალისით აკეთონ.

რამდენიღაც ბევრი საათი სატვირთო მანქანის ძარაზე ყურყუტის შემდეგ, პირველი ქოხიდან უკვე მეგრულად აჭიკჭიკებულები დავიძარით (თითქმის ყველა). 
მაინც რას შვება დალოცვილი სასმელი - ონტკა.

მთლად მწკრივში კი არ გვივლია ახლა, მაგრამ როგორც გამოდიოდა ისევე მივბოდიალებდით. ვისაც ომახიდ ა სირბილის კაიფი ჰქონდა წინ იყო გავარდნილი მზვერავად, ვისაც თან გვერდით გახედვა უნდოდა შუაში იყო მოქცეული და ვისაც თავის მოკვლა არ გვეპიტნავებოდა უკან მოვჩანჩალებდი. მთლად მარტოც კი არ ვიყავი, ორნი მოვჩანჩალებდით, მე იმიტომ რომ სხვა ტემპით ვერ ვივლიდი, ის კი იმიტომ რომ 12-ნი არ დაბრუნებულიყვნენ უკან.

პირველივე დღეს ადრენალინის უდიდესი წილი მივიღეთ მეც და ჩემმა მეგზურმაც, ასე არც ვაციე არც ვაცხელე და თავქვე ჩავეკიდე ხევში.

რა საკითხავია კაცო, დამაინტერესა ხევის ბოლოს რა ხდებოდა, თორემ ფეხი ცუდად კი არ დამიდგამს და წონასწორობა კი არ დამიკარგავს. 
ჩემს მაფშალიას კი ეგონა ვაიმე იღუპებაო და კი არ მაცალა, მწვდა ფეხში და შემაკავა ხევის პირზე.
არ გავუბრაზდი რა თქმა უნდა, აბა ხომ უნდა გამეფრთხილებინა თავქვე მინდა ხევი დავათვალიეროთქო, რა იცოდა.

ასე იყო თუ ისე, ავად თუ კარგად, საბანაკე ადგილსაც მივაგენით. 
მიგნებით კი მივაგენით, მაგრამ მეგრელების ჯინიანობა მითი არ ყოფილა.

წინ მზვერავები წავიმძღვარეთ და ნელა მივყევით უკან. სანამ ჩვენ გავაკება მოვახერხეთ ისეთი ხელებისქნევით დაბრუნდნენ უკან, წინ ქარიშხალი მოუძღვოდათ.
აღმოჩნდა მწყემსმა აჰყარა ქოშები და აქ არ გადაბანაკებთ ვაკეზე, ჯანდაბამდე გზა გქონიათო. ვერც ჩვენი სულიერი მსაზრდოებლის დიპლომატიამ და ვერც მთის ქალის ბრაზიანმა კილომ ვერ უშველა.

სხვა რა გზა იყო შევეკიდეთ ფრიალოს, ღამემ ნაკადული მკვდარ იისფრად რომ შეფერა მაშინღა შევეხიზნეთ კარვებს და დილამდე რა ხდებოდა ვერ გეტყვით.

დილა გაგვითენდა მშვენიერი, ცივი, მზიანი და სუფთა. გზა იყო გრძელი, ძნელი და სახალისო.
იმდენი ქვა გადავიარეთ, მაგდენი მხოლოდ ვარსკვლავი თუა ცაზე. აღმართიც ბევრი იყო და აღმართიც, აბა ადვილი გზა არ იციან სამეგრელოში.



მოწანწალეთა რიგი ნელა - ნელა იხვეწებოდა და ყველამ იპოვნა თავისი მანერის მეწყვილე. მე რა თქმა უნდა ყველაზე კარგი შემხვდა, მოდიოდა და ჟღურტულებდა. შემდეგ მოჩანჩალეთა რიგებს ყიზილბაში და ევროპას შეხიზნული თვითმარქვია გერმანელიც დაემატა.

როდესაც ყველანი უღელტეხილზე შევგროვდით, ისეთი ქარი ქროდა ერთმანეთის ლაპარაკს ჩვენ ვერ ვიგებდით, მაგრამ მუხურამდე კი ჩაჰქონდა ქარს ურცხვი დიალოგები.

უზარმაზარ ლოდებს შორის ენერგიის არსებობას ისე გრძნობ, როგორც ტაფაზე დაგდებული კარაქი გრძნობს სიმხურვალეს. 
წარმოუდგენელი მუხტი და სიამოვნება იყო, მერე რა თუ ქარი აზრებს ფქვილივით ფანტავდა თავიდან.

თოვლზე სიარულს რა ვუთხარ, მაგრამ კარგი გამოცდა კია, საკუთარი თავისაც და სხვისი თავგანწირვისაც.
მაშინ, როდესაც ფეხი ამიცდა კვალის კეთებისას, მწვერვალს მოწყვეტილი ზვავივით დავეშვი. 
უკან მომავალმა, ციცქნა, კრაზანასავით გოგომ კი სცადა ჩემი შეჩერება, მაგრამ კიდევ კარგი დროზე მიხვდა რა კატასტროფა მოჰყვებოდა ამას და დანებდა ჩემს ბედს.

სანამ მე ძალებს ვიკრებდი დაღმართში, ევროპას შეხიზნულმა პოზიციები გაამაგრა, თავი თოვლში ჩაიფლო (კი არ ამობრუნებულა, ფეხები გაამაგრა მხოლოდ) და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა შევეჩერებინე. 
კი გამოვიდა, მაგრამ მის მოცელვას ცოტა დამაკლდა. 
დანარჩენები კი უიმედოდ უყურებდნენ როგორ "ვმხიარულობდით" ჩვენ. 
ჩვენ რა ახლა, ერთი კი ვიფიქრე მოვწყდე კიდევთქო, მაგრამ ხომ არ ავანერვიულებდი ამ სათნო ხალხს და უკუვაგდე იდეა.

ეს იყო ადგილი სადაც დაწალიკებულები მივდიოდით ყველა, ყველას თავის მეთოდი ჰქონდა, ყველა ფრთხილობდა და მაინც რამდენი დაცემა, სრიალი და სიცილ - ხორხოცის მიზეზი ჩნდებოდა.

როგორც იყო გამოჩნდა ადგილი, ადგილი რომელიც მართლაც ცას შეჰხიზვნია.
ცაშკიბულის ტობავარჩხილი.

ეს ის ადგილია სადაც ვერ მიხვდები ვარსკვლავები თავს ზემოთ გაქვს თუ ფეხს ქვეშ. 

ადგილი სადაც ყოველი ჩასუნთქვა უნდა დაიმახსოვრო, ყოველი მობერილი სიო უნდა შეინახო, ყოველი ყვავილი და ბალახი უნდა იცნო და გამოემცნაურო.
ადგილი, სადაც მოპარულ სიზმრებს ცას ჰკიდებენ, იმ იმედით რომ ისინი ვარსკვლავებად იქცევა.



მაშ 13 კეთილი მობოდიალე დაბანაკდა და ყველამ თავის გზა იპოვნა, ზოგმა წყალზე იარა, ზოგმაც მიწაზე, ქვებზე და ბალახზე. ყველასთვის იყო რაღაც.

ისე დაგვაღამდა ვერაფერი გავიგეთ, ჩვენს გარშემო მხოლოდ სიჩუმის და ჩვენი ღრიანცელი იდგა.

დილა გათენდა ისეთი, ღმერთი სასეირნოდ სწორედ იქ ჩამოივლიდა გვეგონა.
მთელი დღე ვინ სულიერ და ფიზიკურ განვითარებას ანიჭებდა უპირატესობას, ვინ სიღრმისეულ საუბრებს და წიაღსვლებს, ვისთვის კი ჟირაფების მწყემსვა და ქვიდან ქვაზე გადაყვანა იყო დიდი საქმე.

დღე გავიდა და საღამოჟამს ყველა ცას შევჩერებოდით, მთვარე ისე ამონათდა მიხატულს ჰგავდა.

სანამ ყველა ქარაფზე იყო გადაკიდებული და ღამის სიჩუმით ტკბებოდა, ბანაკთან სინათლე შევნიშნე და გაკვირვებულმა გავძახე რომელი ხარ მანდმეთქი.

გზასაცდენილი მეგობრის ძიებაში ბიჭმა მოაკითხა ჩვენს ბანაკს, აღელვებული, შეციებული და საღი აზრიდან გადასული იყო.
საძებნელად ყველა დაირაზმა, სანამ კლდეს გადაუშხუილეს და უკან დაბრუდნენ მეორე კაციც მოადგა ბანაკს. 
შეციებულებს და შეშფოთებულებს ცხელი ჩაი და ცოტაც საჭმელი შევაშველეთ და დარჩენა გადავაწყვეტინეთ.

ღამე ალს არ სძინავს და მთას თავისი ხრიკები აქვს, არ ღირდა იმათი გაშვება.

დილით დახმარება აღუთქვეს ბიჭებმა და ყველამ სასწრაფო წესით დავიძინეთ, ჩვენც დიდი გზა გვქონდა წინ და დაკარგულის ძიებაც არ იყო იოლი ამბავი.

შეღამებულზე ამდგარან მაძიებელნი და შემოუვლიათ ყველაფერი გარშემო, სამწუხაროდ დაკარგულის ვერაფერს მიაკვლიეს.
მაშველები უკან გავაბრუნეთ და ჩვენ ბანაკის აშლა დავიწყეთ, ამ დროს კი გაირკვა, რომ ღამის უამინდობისას ჟირაფი დაგვეხრჩო. ღრმა წყალში ჩასვენებულიყო და მისი მწყემსი კლდიდან თავს ადგა, შველით კი ვერაფერს შველოდა.

როგორ გგონიათ 13 კეთილ ადამიანში ერთიც არ აღმოჩნდებოდა ვისაც შეაშფოთებდა ჟირაფის უდროო დახრჩობა? რა თქმა უნდა ასეთი მზეჭაბუკი აღმოჩნდა, რაღაც ხერხებით ჟირაფი წყლიდან ამოიყვანა და მწყემსს დაუბრუნა.

გზა გრძელი იყო, ჭითაგვალაშ ტობავარჩხილამდე მისულებს მზე ისე გვქონდა მოკიდებული, თავი ჯოჯხეთში თუ არა სადმე მახლობლად გვეგონა, ნამდვილად.

სივრცე, წყალი და კიჭინა კბილებივით მიმოყრილი კლდეები გარშემო, ეს ადგილიც რაღაცნაირი იყო. 
ჯადოსნური, მაგრამ არამეგობრული. უფრო მკაცრი და ჯუჯღუნა დედაბერივით უკმაყოფილო.



ჭამამ და ცურვამ კი არგო ყველას, მაგრამ ჩემი ფეხები ზღვარს იყვნენ მისული, თავქვე რომ დავეშვით ბანაკამდე 700მდე ქვა დავთვალე და მივხვდი, რომ ყურადღება უნდა გადამეტანა, ამიტომ ჩემს ირგვლივ მოყიალეებთან ერთად მსოფლიოსა და სამყაროს საჭირბოროტო თემებზე დავიწყე საუბარი.

კარგია ჭკვიან და სათნო ადამიანებთან ერთად ბოდიალი, ციური მანანასავით მოვლენილი სასწაულია.

ბანაკში ამ დღეს ყველა ურევდა, ზედმეტი ჟანგბადის მიღებამ და უცხო ადამიანებმა ერთმანეთზე საოცრად იქონიეს გავლენა.

დღის მიწურულს მზის ჩასვლის თვალის დევნება და ფეხისგულებში ნაგრძნობი განწყობის მერე, 13 კაციანი სამზარეულოში ჩაის დალევაც კი ისეთი კარგის ნიშანი იყო, ასეთი მხოლოდ 10 მცნების მიღება თუ იქნებოდა სინას მთაზე, ისე კი რით ვიყავით მაგაზე ნაკლებ ადგილას, თუმცა კი ციდან არავინ დაგვლაპარაკებია, ან არავინ ტყდება ამაში.



შემდეგი დილაც ისეთვე კარგი რომ არ ყოფილიყო, როგორც ყველა წინა, ეჭვი შემეპარებოდა ამ ადგილის სასწაულეობრიობაში, მაგრამ ეჭვის საფუძველი არ მქონია.

დილიდან კამანჩების ტომმა შემოგვიტია და აშა-აშას ძახილში და სახრეს ქნევაში მხრები ამოვიყარეთ.

რაც პირველ დღეებში აღმართები იყო ახლა სულ პირიქით შემობრუნდა ყველაფერი. ამდენი დაღმართი ერთად არასოდეს მინახავს, დაღმართს დაღმართი მოჰყვებოდა, შემდეგ ისევ დაღმართი და არაფრით უნდოდა გავაკება. საოცარი ამბავი ხდება სამერელოში. არადა ვერ იფიქრებ ადამიანი თუ ამდენი დაღმართი ან აღმართი აქვთ. ყველაფერი ტყაშმაფების ბრალია, ამაში ეჭვი არ შეგვპარვია, თითქმის.

ტყეში შესვლისთანავე სულიერებაზე მზრუნავმა ისევ დაიწყო ტყაშმაფების ძებნა, ისე გულით უნდოდა შეხვედრა, კაცი იფიქრებდა მთელი თავისი დღე და მოსწრება მეტი არაფერი უკეთებია , მათთან შესახვედრად დიალოგებს იგონებდაო.


- ათენეფ თაურე ვავორღვით და, ეგება ადგილ ხოლო მიდამღანი.

სანამ არ გავივაკეთ იმას ამტკიცებდა ვგრძნობ აქ არიან და არ უნდათ რომ ვიპოვნოთო.


-ბჟაკეთ გილუოსერგელუე ოკო

არადა როგორ დავუმეგობრდებოდი, რა საყვარელი იქნება - არ ცხრებოდა არაფრით და მთელი გზა ჩვენს მეგრელ ბულბულს აყოლებდა ტყის ზღაპრული მაცხოვრებლების 
შესახებ. 



ამ დღეს მდინარის ხეობაშიც ვიარეთ, გზაგასაყარზე დიდი სირთულის წინაშეც აღმოვჩნდით, ქვიდან ქვაზე ხტუნვა და სიმაღლის სწრაფი ცვლილებაც რამდენიმეჯერ მოგვიწია, საბანაკე ადგილი კი მზვერავმა ბედად იპოვნა.

ლეგენდის თანახმად ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი თავს წვიმას ატეხს მათ ვინც ტბაში ბანაობას იკადრებს, ხოდა ჩვენც გვიან, მაგრამ ისეთი სამაგიერო გადაგვიხადა მეორე დღის გვიან დილამდე მთელი ტბა თავზე ჩამოგვაფერთხა.

გეგმის მიხედვით ალაგება ვერ მოვახერხეთ, მშრალი არაფერი გვებადა თითქმის, საჭმელი ბოლო პორციები დავინაწილეთ. ბოლო დღე იყო, სქურში უნდა ჩავსულიყავით.

აბა ჩემი ფეხების სისხლიანი ისტორიის მოყოლაზე როგორ მოგაწყინოთ, მაგრამ უნდა გითხრათ რომ ჯადოსნურ ტყეში ჩატარებულ მინი ოპერაციას მხოლოდ მაშინ უნდა დათანხმდე როდესაც იცი, შენს გვერდით მყოფი ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ შენი გასაჭირიდან გამოსაყვანად.

არავის დავუჯერებდი რომ ეთქვათ ჭრილობაზე მეგრული ტალახია რომ შველისო და მეგობრის მოქნილი ხელი, რომელსაც ალესილი დანა უჭირავსო, მაგრამ დამიჯერეთ ზუსტად ეს ნაზავია იმის გარანტი, რომ ორივე ფეხით დბრუნდები ადამიანი მთიდან, ამაყად გაივლი დაბრეცილი ფეხებით, ოხშივარასულ ასფალტზე ფეხშიშველი და სიამოვნებით გაიხსენებ სისხლისღვრას ტყეში. (მართალია "ქირურგის" სახე არ დამინახავს, ცრემლებმა ამივსეს თვალები, მაგრამ დარწმუნებული ვარ კმაყოფილი და მომართული იქნებოდა)

გზად ციდან ჩამოცვენილი კეთილი ადამიანები და ცეცხლოვანი სასმელი რომ არა, ომახი დიდხანს არ მიგვყვებოდა. ამ დღეს იმდენი ვიარეთ ზღაპარი რომ ყოფილიყო 9 მთა და 9 ზღვა ორგზის გადავლილი გამოგვივიდოდა.

კარგად დაღამებულზე, სრულად სიმაღლედაკარგულზე და ისევ აკრეფილზე, ნისლში და ყელამდე ტალახში ნავალზე, სლუკუნით ნათრევ საკუთარ მუხლებზე და ტკბილ შხამად ჩასულ სიგარეტის ბოლზე აღარაფერს მოგიყვებით, მაგის სიტყვებად გადმოსაცემად ალბათ ასე 4-5 ლექსიკონის გადაკითხვა მომიწევს.

ზუგდიდში ჩასულს ისე მენანებოდა ყველა წამი, რომელიც ცივილიზაციამდე მისვლაში გავლიეთ.

მძიმედ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ყველას შვება მოჰგვარა, საწოლებზე გართხმულებს, დიდ ოთახში ყველას საამო სიზმარი თუ არა, ცუდი ნამდვილად არაფერი დაესიზმრებოდა.

დღე გათენდა ცივილიზაციაში, იქ სადაც ყველა დაღმართი დასრულდა და ვაკედ იქცა, მაგრამ ამბავი სულ სხვაგან და სხვაგვარად დასრულდა....



გებჟალია






Post a Comment

3 Comments

  1. Anonymous1:07 AM

    სქოლიო ყოველი შემთხვევისთვის ;) :
    ,,-მი რენა თენეფ?" - ვინ არიან ესენი?
    ,,-მუ ოკონა?" - რა უნდათ?
    ,,- ეთი თომამ ჭკვერას ორდას" - აი, ის თმიანი ჭკვიანად იყოს.
    ,,ონტკა" - არაყი.
    ,,- ათენეფ თაურე ვავორღვით და, ეგება ადგილ ხოლო მიდამღანი." - ესენი აქედან თუ არ გავყარეთ, ადგილსაც კი წაგვართმევენ.
    ,,-ბჟაკეთ გილუოსერგელუე ოკო" - წვერით უნდა ვათრიო.

    გებჟალია - ღვთიური კერძი, რომელიც მზადდება ახალამოყვანილი სულუგუნითა და ათასი მაგიური დანამატით.. რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ ზუგდიდში, რესტორან ,,მენძელში".

    ReplyDelete
  2. რა ლამაზი მანდაურობა აქაურობაა!

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!