ჯიქივით დაწინწკლული და ზუსტად ასეთი თავისუფალი, თავზეხელაღებული, უშიშარი, მოქნილი და ლამაზია.
ნეტა განახათ, ყოველ დილას ფეხშიშველი როგორ მიჰქრის ხასხასა მოლზე, მიწას არ ეხება...
სანამ ყველაზე მაღალ მწვერვალს თავზე არ მოექცევა და მზის ამოსვლას ზემოდან არ გადმოხედავს, მანამდე თვალები სისხლმოწყურებული მხეცივით უელავს.
იქ, სადაც ჩვენ ვართ სიმშვიდე და უსასრულობა ერთმანეთში ისე ძლიერად არის გადახლართული, რომ არც დასაწყისი ჩანს და არც ბოლო.
ისე, აქ არც გვჭირდება დასაწყისი ან დასასრული. ყველაფერი იმდენად კარგია, რომ არანაირ ახსნასა და განმარტებას არ საჭიროებს.
სანამ არის ის, ვიქნები მეც... შემდეგ, როგორც გამოვა.
ხის კარს ისე ძლიერად ჰკრავს ხოლმე ხელს, თითქოს მთლიანი მორებისგან შეკრული სულაც არ არის.
შემოფრიალდება ოთახში ბრინჯაოსფერი თმების შრიალით. გადატკეცილ ხორბლისფერ კანს მხოლოდ სახესა და ხელებზე თუ შენიშნავთ, სხვა ყველაფერს საკუთარი ხელით შექმნილი კაბები უფარავს, შემოფრიალდება და ყველგან ყვავილებს აწყობს.
ყვავილები გვაქვს ლარნაკებში, ღრიჭოებში, სათლებში, ჭიქებში, ბუხარშიც, მაგიდაზე, ფანჯრის რაფაზე.... ყველგან....
თვითონაც ყვავილს ჰგავს - ედელვეისს რომელიც ისეთ სიმაღლეზე ამოდის მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ მისით ტკბობა.
ის სიველურე რაც მასშია წარმოუდგენლად მოქმედებს ჩემზე.
იცით როგორია? ზუსტად ისეთი როგორსაც ბუნება ზრდის მის ქმნილებებს, ადამიანის ჩარევის გარეშე.
ჰო, მასზე საუბარი არასოდეს მბეზრდება, გიკვირთ?
წარმოუდგენელ მუხტს მგვრის მისი ყურება როდესაც დაჯირითობს სახლის მახლობლად, უბრალოდ დაჯირითობს და არ ვიცი ჩემს, ცხენის თუ საკუთარი თავის გასამხნეველბად - კიჟინას სცემს ხოლმე.
სისხლი მეყინება.
ველურია. ტყიური. მაგიური.
ჭკვიანი ცხოველივით უტყვია და საშიში. ყოველდღე ვუყურებ და არ ვიცი - დღეს თავს დამესხმება თუ ისევ გუშინდელივით ვეყვარები.
არც ერთი დღე წინას არ ჰგავს, არასოდეს ვიცი დაბრუნდება თუ არა, მაგრამ როდესაც ბრუნდება ყოველ ჯერზე ახალი მუხტი და ემოცია მოაქვს.
როდესაც ბრუნდება ბუხარს ვახვედრებ, ბუხართან ფეხმორთხმით ჯდება და წიგნების თაროდან შემთხვევით შერჩეულ წიგნს ყდიდან ყდამდე, ერთ ამოსუნტქვაზე კითხულობს.
ცეცხლის წინ როდესაც ზის მეჩვენება, რომ შეიძლება ალს შეერიოს და საკვამურში გაუჩინარდეს, შემდეგ კი სადღაც ცაში ვარსკვლავად იქცეს და მაშინ კი ნამდვილად ღამეების მოლოდინში ამომხდება სული.
ზოგჯერ, როდესაც ტბაზე გავდივარ ღამით, რომ როგორმე საკუთარი აზრები დავალაგო, უჩუმრად მომდევს და ვიცი შორიახლოს ჯდება. ასეთ დროს ვერ ვხვდები მასაც ეშინია რომ არ დავბრუნდები? ამის ხომ მე მეშინია? როგორ შეიძლება არ იცოდეს, რომ მე არსად წავალ სანამ ის იქნება?
ხანდახან, მესმის როგორ ღიღინებს, თავისთვის ჩუმად. ღიღინებს ისე თითქოს ვიღაცას ელაპარაკება, ნეტა ვიცოდე ამას რატომ აკეთებს.
არასოდეს ვიცი რას ფიქრობს, უბრალოდ თვალების ელვარებით ვატყობ როგორი დღე გვექნება, დილის კიჟინა მაგებინებს როგორ ჩაივლის დრო მზის ჩასვლამდე.
ერთ დღესაც, როდესაც მასიური მორებისგან შეკრული კარი ჭრიალით აღარ შემოიღება, როდესაც დილით კიჟინას ვერ გავიგებ, როდესაც ულაყი თავლაში აღარ დამხვდება, როდესაც ყველა ყვავილი დაჭკნება, როდესაც წაუკითხავი წიგნი აღარ დარჩება, მაშინ წავალ ტბაზე საბანაოდ, მარტო...
როგორც დაწინწკლული ჯიქი ის არავის ეკუთვნის და არასოდეს, არავის ეცოდინება სად იქნება მისი შემდეგი თავშესაფარი.
5 Comments
<3 მარიამ ^_^
ReplyDeleteქეთევან :3 :*
Deletehttps://www.youtube.com/watch?v=FkBQggRBqEY
ReplyDeleteშემოვიხედე და გადავავლე თვალი ისევ..
ReplyDeleteროგორი კარგია. მახსენებს ხოლმე, სად და როგორ უნდა ვიყო.. საკუთარ თავს.
მადლობა.
♥♥♥♥♥♥
Deleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!