213 - XXXVIII

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში

1 თებერვალი - იპოვნე სამსახური

რა თქმა უნდა, ისევ ადრეული დილიდან დავიწყეთ ბოდიალი, ფული მხოლოდ იმაზე გვყოფნის, რომ დილით 40-50 ცენტიანი ადგილობრივი დონატები ვჭამოთ საუზმეზე. 

ეს სადონატე ჩვენი სახლიდან არც ისე შორსაა და წინა დღეებში შევთვალიერეთ. 
შაქრიან - შოკოლადიანი საუზმის შემდეგ (ყავის გარეშე) წავედით Artisans საწარმოში, სადაც უფასო ექსკურსია გველოდებოდა.


ძალიან საინტერესო ადგილი აღმოჩნდა, გავიარეთ სხვადასხვა დარბაზები, სადაც მუშაობდნენ ქვაზე, ხეზე, ფაიფურზე და ნაჭერზე. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. 


გასაოცარია, რომ კამბოჯაში ასე მშვენივრად აქვთ აწყობილი ამ ადამიანების დასაქმება, თანაც რასაც ისინი აკეთებენ, შემდეგ შოუ რუმში იყიდება და მშვენივრად ხმარდება მათ კეთილდღეობას.

ძალიან საინტერესო გამოვიდა ექსკურსია, რომელიც ბოლოს შოურუმში დასრულდა. გული მომეწურა ხელნაკეთი მშვენიერობების ნახვისას, რომელსაც ნამდვილად ვერ ვიყიდდი (მიუხედავად იმისა, რომ აბრეშუმის თავსაფარი 3 დოლარი ღირდა, მაინც)


ამ ექსკურსიის შემდეგ ბაკო გაემგზავრა სადღაც, ქალაქგარეთ ტექსტილის საწარმოში, მე კი ისევ ჰოსტელს მივაშურე და ბუნგალოში განვერთხე სკამზე.

დაახლოებით შუადღეზე, ბაკოს ისეთი მშიერი დავხვდი კინაღამ ფეხები მოვაკვნიტე, ამიტომ სასწრაფო წესით გავემართეთ სადილის საშოვნელად. 

ძველი გამოცდილებით, უკვე აღარ ვუფრთხივართ გარე კვების ობიექტებს (მიუხედავად რამდენიმე მარცხისა და ფაღარათისა) ასე რომ ჰოსტელთან მდებარე პატარა "კაფეში" მივირთვით სადილად ბრინჯი და ჩვენი მისიის - სამსახურის პოვნის- შესასრულებლად დავიძარით ცენტრისკენ.

მოგეხსენებათ თაკარა მზე და გულისგამაწვრილებელი მეტუკტუკეები ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილია.

პირველად იმ დაწესებულებებს მივადექით სადაც ვიცოდით, რომ არაადგილობრივი ხელმძღვანელობა ჰყავდა, იმედი გვქონდა მათ არ შეეშინდებოდათ უცხოელების აყვანა დროებით სამუშაოზე. 

შევცდით.

შემდეგ, ვცადეთ ადგილები სადაც ბევრი ტურისტი დადის და სხვადასხვა ენაზე კომუნიკაციაა საჭირო, მაინც ვერაფერი.  კამბოჯაში უფრთხიან უცხოელების აყვანას სამუშაოდ, თანაც დროებით სამუშაოზე (რომელიც რამდენიმე კვირას ან თვეს გულისხმობს)

ძალიან გულდაწყვეტილები დავბრუნდით ჰოსტელში, ფული მართლაც ძალიან ჩქარა ქრება, ჩვენ კი ჰოსტელის ფულიც უნდა ვიხადოთ, ვჭამოთ კიდეც და ანკორიც ხომ უნდა ვნახოთ, რომელიც ცეცხლის ფასი ღირს.

საღამო საკმაოდ სევდიანად გავატარეთ და ადრე დავიძინეთ, სიცხეში ქალაქის მასშტაბით ბოდიალი საკმაოდ ძნელია. იმდენ წყალს ვსვამთ, ალბათ ერთ საკაიფო ტბას დიდი ხნის წინ გავავსებდით.

2 თებერვალი - გადაწყვეტილება მიღებულია

ამ დღის გეგმაც არ იყო წინასგან განსხვავებული, ჩამოვუარეთ სასტუმროებსა და ჰოსტელებს, ნებისმიერი საქმე გვაწყობდა, რომელსაც ვინმე მაინც შემოგვთავაზებდა, თანაც ჰოსტელში და ბარში მუშაობის გამოცდილება უკვე გვაქვს ტაილანდიდან, მაგრამ რად გინდა.

ყველა სამუშაო, რომელიც გამოკრული იყო ინგლისურად მაინც ადგილობრივებისთვის იყო განკუთვნილი, რაც უცნაურია - რატომ წერენ განცხადებას ინგლისურად თუ ადგილობრივი უნდათ დამლაგებლად.


ბაკო ძალიან გაბრაზებული დაიარებოდა და ფაქტიურად მზად იყო ყველასთან ეჩხუბა.
ამ მოგზაურობისას მგონი როლები და ხასიათები გავცვალეთ. წარმოუდგენელი რამეები გვემართება, ერთმანეთს ვერ ვცნობთ და გაოცებულები ვუყურებთ ხოლმე.

სადილისთვის ისევ ჰოსტელში დავბრუდნით და ცხვირჩამოშვებულები დავესვენეთ ბუნგალოში.

ვჭამეთ თუ არა ბაკოს უცნაურად გაუნათდა თვალები. გეტყვით რომ კამბოჯიდან მალაიზიაში გადასაფრენი ბილეთები ჯერ კიდევ ტაილანდში ყოფნისას ვიყიდეთ, თანაც საზიარო ბარგით რომლის ჯამური წონა 20 კილოგრამს არ უნდა აჭარბებდეს.

ხოდა ბაკომ შვა იდეა - ჩვენ ფული გვიმთავრდება, მოდი ბილეთები გადავცვალოთ და უფრო ადრე გავფრინდეთ მალაიზიაში ვიდრე ვგეგმავდითო, ამას ისიც მოჰყვა რომ ვაღიარეთ დაღლა, ვაღიარეთ რომ გეგმას ვერ მივყვებით, მაგრამ მაინც ძალიან ამაყები ვართ საკუთარი თავით.

მართალია რაღაცეებზე მოგვიწევს უარის თქმა, მაგრამ მაგაზე გულს არ ვიწყვეტთ, თანაც მივიღეთ გადაწყვეტილება რომ არავის ვეტყვით გეგმის ცვლილების შესახებ.

ერთი პრობლემაა მხოლოდ, ფული. ფული რომელიც არ არის საკმარისი.

გადავწყვიტეთ, რომ ოჯახებს და მეგობრებს დავეკონტაქტოთ და ცოტა ფული მოვიმათხოვროთ, თორემ უეჭველი სადმე გავეჭედებით და მერე მოგვიწევს ტრეფიკინგის მსხვერპლობა.

 

Post a Comment

0 Comments