213 - XXXV

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში

28 იანვარი - Ticket to the new world

ავტობუსის გაჩერებაზე მისვლისთანავე აგვლალეს რაღაც დანჭყრეულ ავტობუსში და დავიძარით პაქსესკენ. გზაში 5 საათი უნდა ვყოფილიყავით. 
დრო სწრაფად გავიდა მიუხედავად იმისა, რომ დაძინება თითქმის ვერ მოვახერხეთ.

პაქსეში ისევ შუა ტრასაზე ჩამოგვყარა ავტობუსმა.
 ვითომ შემთხვევით იქვე მდგომი ტუკტუკიც გამოჩნდა და 25000კიპი გაგვაძრეს კამბოჯის ავტობუსამდე მიყვანაში, თუმცა ავტოსადგურზე როდი ამოვყავით თავი.
ტუკ-ტუკმა მიგვიყვანა სადღაც ტურისტულ სააგენტოსთან და გაირკვა, რომ დილამდე არანაირი ავტობუსი არ იქნება სიამ რიპამდე და რომ სადმე უნდა დავრჩეთ ერთი ღამით. სააგენტოს მშვენიერი, იაფი ოთახიც აღმოაჩნდა, იქვე მეორე სართულზე. ჩვენც დაუყოვნებლივ შევცხოვრით, "პაჩკის" სუფები და ყავა მივირთვით და დავიძინეთ, დილის 8დან 13 საათი გზაში უნდა გაგვეტარებინა მეორე დღეს - კამბოჯის მიმართულებით.

29 იანვარი - ახალი ქვეყანა, ისევ

დილის 8 საათიდან სხვა გზააბნეულ მაწანწალებთან ერთად ტურისტულის წინ ვეყარეთ, სანამ ავტობუსი არ მოვიდა.
ავბარგდით და 2,5 საათი მოვანდომეთ საზღვრამდე მისვლას, უფრო სწორად სასაზღვრო ზონამდე, სადაც მიკრო ავტობუსში უნდა გადავმჯდარიყავით.

როგორც აღმოჩნდა საკმარისი ფული (ნაღდი) არ გვქონდა და ბაკოს ATMთან 10 წუთი რიგში დრომამ მოუწია. როგორც იქნა ყველა ვინც კამბოჯაში მივდიოდით ჩაგვტიეს ავტობუსში, დაგვირიგეს სააპლიკაციო ფორმები, რომელიც საზღვარზე მისვლამდე შევსებული უნდა გვქონოდა.

შევავსეთ ყველაფერი,ჩავდეთ ეს დოკუმენტები და ფული პასპორტებში და გამცილებელს ჩავაბარეთ (მანამდე ამაზე კარგა ხანს ვიფიქრეთ, ღირდა თუ არა) - ასეთი იყო სისტემა.
ჩვენ ნეიტრალურ ზონაში უნდა დავლოდებოდით გამცილებელს, რომელიც ყველას მაგივრად გააკეთებდა ვიზებს.
მართლაც ასე მოხდა, ჩამოგვყარეს ავტობუსიდან და ნეიტრალურ ზონაში მყოფი კაფესკენ მიგვითითეს.


ავტობუსში გერმანელი კრისტიანი გავიცანით, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და ცოტა ქართულიც კი ჰქონდა ნასწავლი.
აღვფრთოვანებული გვიყვებოდა რა მაგარი ერთი წელი გაატარა ჩვენს ქვეყანაში. 
დაახლოებით 1.5 საათი ველოდეთ ვიზებს, თუმცა არ მოგვიწყენია.

როგორც იქნა დაბრუნდა გამცილებელი და პასპორტებიც უკან დაგვირიგა. ჩამოდგა ავტობუსი, რომელშიც მოვასწარით და ადგილები დავიკავეთ, იმიტომ რომ ზოგიერთებს, შუაში ჩაკვეხილ პლასტმასის სკამებზე მოუწიათ დასხდომა.

გზა 11 საათი უნდა ყოფილიყო, თანაც გვარიანად დანგრეული, რადგან ახალი გზით მიმავალი ავტობუსი ბევრად ძვირი ღირდა, ჩვენ კი ამდენის გადახდა არ გვინდოდა და ამიტომ ეს ვარიანტი ავირჩიეთ.

გზაში სულ ორჯერ გავჩერდით, ერთხელ რაღაც გავიფუჭდა და მეორედ საჭმელად. კამბოჯაში ინგლისური უფრო მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე ლაოსში.

გზაში დაძინება გაგვიჭრდა, ჩვენი სკამი ძალიან მორყეული აღმოჩნდა და მაგრად გვაჯნჯღარებდა სულ.

ნავარაუდები 11 საათის მაგივრად სიემ რიპში 8 საათში ჩავედით და საღამოს 9 საათზე დანგრეულ და უკაცრიელ ავტობუსების გაჩერებაზე აღმოვჩნდით, სადაც მხოლოდ ტუკ-ტუკის მძღოლები იყვნენ შეკრებილები.

სანამ მოვიფიქრეთ სად გვინდოდა წასვლა, თავზე გულისგამაწვრილებლად დაგვზუზუნებდნენ ეს მეტუკტუკეები და ბოლოს ერთ-ერთს ვკითხეთ ჩვენი გესთჰაუსი თუ იცოდა სად იყო, კიო გვითხრა და 3 დოლარზე შევთანხმდით (რუკაზე არც ისე ახლო ჩანდა ამიტომ ფასი ნორმალური მოგვეჩვენა)

კამბოჯაში რიალები ჰკიდიათ, კი იყენებენ, მაგრამ ყველაფრის ფასი მაინც დოლარში აქვთ.

ავტოსადგურს რომ მოვშორდით, უცებ გააჩერა მძღოლმა ტუკ ტუკი და დაიწყო ლაი-ლაი რომ აიო ფული დამიმატეთო, ეგ გესთჰაუში შორიაო და რაღაცეები.

გავცეცხლდით საოცრად. ვუთხარით რომ ან უკან წაგვიყვანდა სხცა ტუკ-ტუკებთან ან გესთჰაუსამდე მოუწევდა ჩვენი მიყვანა და რადგან დათანხმდა პირველად თანხაზე ფულს არ დავუმატებდით.

უკმაყოფილო სახით დაჯდა უკან და ზუსტად არ ვიცი სადაა და ახლოს მიგიყვანთ სადმეო, ნუ აზრი აღარ ჰქონდა ჩხუბს. მიგვიყვანა სალოცავამდე, რომელიც ჩვენს გესთჰაუსთან ახლოს იყო და გვეუბნება - აი ფული რომ დაგემატებინათ პირდაპირ იქ მიგიყვანდითო.

ამაზე ისე ავკრიფე რომ მივენთე და საოცარი კივილით გაცლა ვუბრძანე სანამ თავი წამიცლიამეთქი. აშკარად არ ელოდა და შეეშინდა კიდეც, რადგან საოცარი სისწრაფით მოგვცილდა.

ავიკიდეთ ჩანთები და ჩემი რუკის მიხედვით სადაც უნდა ყოფილიყო ჩვენი საცხოვრისი იქით გავჩანჩალდით. რაღაც მომენტში, ერთ გზადშემომხვდარ ჰოსტელში შევიჭყიტეთ და გვითხრეს, რომ მეორე მხარეს უნდა წასულიყავით თან იქით უფრო მეტი დასარჩენებია და რამეს იპოვნითო.

ჩვენც სხვა გზა არ იყო ზუსტად ასე მოვიქეცით და ბევრი ფიქრი არც დაგვჭირვებია პატარა სასტუმროში მყუდრო ოთახი ვიპოვნეთ.

მისავათებულებმა გავიმზადეთ ცხელი ყავა და საწოლებზე დავეყარეთ. 
უცნაურია, მაგრამ როდესაც ბაკომ ოთახში ბონდო აღმოაჩინა (პატარა ხვლიკი) რეაქციაც კი არ ჰქონია, მშვიდად წაიხურა საბანი, ჩართო მისი წილი ვენტილატორი და დაიძინა.


Post a Comment

5 Comments

  1. მარიააააამ <3 მთელი გზა შენთან ერთად გავიარე)))) კითხვის ბოლოს მივხვდი))) რა მაგარიააა ვგიჟდები ისეთ მუღამზე მოვედი) ველოდები გაგრძელებას)))) :*

    ReplyDelete
  2. წარმოვიდგინე როგორ ეჩხუბე მძღოლს :დ :)

    ReplyDelete
    Replies
    1. საოოცრად ვეჩხუბე : ))))
      ერთადერთი შემთხვევა იყო ეს როცა საერთოდ ვიჩხუბე )))

      Delete
  3. sulmoutkmenlad velodebi shens kovel posts! mixaria rom chvenc gagvxade tkveni mogzaurobis nawili.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!