მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.
შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის.
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.
213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.
22 იანვარი - გამოქვაბული სად არის?
დილას ავიზლაზნეთ, მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ვეხვეწებოდი ბაკოს იქნებ არ გვინდა ეს გამოქვაბულითქო. ვჭამეთ სენდვიჩები, რომელიც ნუდლების ფონზე აბსოლუტური გემრიელობა აღმოჩნდა.
გავიყეყეთ და გამოქვაბულის გზას დავადექით. პირველად ნიშნულზე ეწერა 2 კმ, შემდეგზე ისევ 2კმ, ბოლოს კი 3კმ. ჯამში ალბათ მასეც ვიარეთ 6-8 კმ. ბოლო კი ცოტა უცნაური აღმოჩნდა, მაგრამ მაინც მივყევით და ტყის პირას კლდოვან ნაპირზე დაგვხვდა ბიჭი, რომელიც ინგლისურის გარტყმაში არ იყო. 10 000 კიპს ითხოვდა გამოქვაბულში შესვლის საფასურად, თანაც ბილიკი მარცხნივ მიდიოდა, ეს კი დაჟინებით მარჯვნივ გვიშვებდა.
გავცეცხლდით და საერთოდ გადავიფიქრეთ იმ გამოქვაბულში წასვლა, თანაც ფანრებით უნდა შევსულიყავით და 6კმ-ის რადიუსში მხოლოდ ეს უცნაური მაჩეტეიანი ბიჭი მოძრაობდა.
მოკლედ, პერსპექტივა არ მოგვეწონა და უკან დავბრუნდით. გზად შევხვდით ბლუ ლაგუნის გადასახვევს, რომელიც იუწყებოდა რომ ლაგუნამდე 12 კილომეტრიაო. ტუკ-ტუკმა 100 000 კიპი მოგვთხოვა წაყვანაში და ესეც გადავიფიქრეთ, თანაც ბლანტ, მღვრიე წყალში ბანაობა რაღაც არ გვეპიტნავა.
ამის შემდეგ ისევ დავუგდეთ ყური სიზარმაცეს და საწოლში შევგორდით.
ჯერ ერთი ვან ვიენი ფართო სოფელია, მეორეც ლაოსში თუ რამე ტრანსპორტი არ იქირავე (ტუკ-ტუკი ან მოპედი) ვერაფერს ნახავ, ყვლაფერი ტყეებშია მიმოფანტული და სტაბილურად არაფერი დადის იქამდე.
ამიტომაც სევდიანად დავიკიდეთ ყველაფერი და სინდისდამშვიდებულებმა დავიძინეთ საღამოს 8 საათზე.
23 იანვარი - Back To Black, ტფუ ვიენტიენ
საუზმის შემდეგ ცენტრალურ ავტოსადგომს მივაშურეთ, მაგრამ ნურას უკაცრავადო. ჯერ ერთი აქედან არაფერი მიდის BOKEO-სკენო და დანარჩენის სამყოფი ინგლისური ჩვენ არ ვიცითო.
გაავებულები დავედით ისევ ვან ვიენის ცენტრში და რომელიღაც ტურისტულში ვიეტინის ავტობუსის ბილეთი იმაზე იაფად ვიყიდეთ ვიდრე სადგურში ღირდა (რაც ძაალიან უცნაურია)
3 საათი ველოდეთ და ბოლოს მიგვიყვანეს ავტობუსის გაჩერებაზე. ავტობუსმა 1 საათი დააგვიანა, პირველ ავტობუსში ადგილი ყველას არ ეყო, არადა ბილეთი ყველას ჰქონდა. შემდეგ მალევე მოვიდა მეორე ავტობუსი და იმაში ავეტენეთ დანარჩენები.
ისევ 3 საათი ვიჯაყჯაყეთ და გვიან საღამოს ჩავედით ვიენტინში.
ისევ ნაცნობ ქუჩას მივაშურეთ და რაღაც უცნობი ჰოსტელი ვიპოვნეთ. 2 ღამით დარჩენა გადავწყვიტეთ.
დავყარეთ ბარგი და საჭმელად გამოვედით, ამ დროს ნაცნობი ესტონელი ბიჭი და 2-ც უნცობი გოგო-ბიჭი შეგვხვდნენ და შემოგვიერთდნენ.
რაღაც ჩინური რესტორანი ვიპოვნეთ და ვივახშმეთ სიცილ - ხარხარით.
სახლთან კეთილი სურვილებით დავიშალეთ და დასაძინებლად ომახიანად გავეშურეთ.
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!