213 - XXXI

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.

 20 იანვარი - ვიენტინი

დილით სასტუმროში (ჰოსტელში) საუზმე გვერგო, დავნაყრდით და ქალაქში გავედით.
პირველი Wat Sisaket-თან მივედით, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა. გავეშურეთ ტრიუმფალური თაღის სანახავად.
ლაოსი ფრანგული აზიაა, იმდენი ხანი იყვნენ კოლონია, რომ ყველაფერს ფრანგული წარწერები აქვს და ქუჩასაც Rue - აწერია.
ტრიუმფალური თაღი ლამაზი აღმოჩნდა, გარშემო საყვარელი სკვერით. უკანა გზაზე ტურისტულ საინფორმაციოში შევიარეთ, ავიღეთ რუკები, ბუკლეტები და კითხვებზე პასუხები, შემდეგ ლაოსური Spring Roll და ტაფამწვარიც გავსინჯეთ და დავბრუნით უკან ჰოსტელში.


ბაკო ოთახში გაშპა, მე კი ლობიში შევრჩი. პოლონელი ბიჭი (სახელად კამილი) დამაცხრა თავზე და ჩემს სვირინგებზე რაღაცეებს მეკითხებოდა. როგორც აღმოჩნდა თვითონაც tattoo მასტერია და ახლა მხოლოდ ბამბუკით მუშაობს, კიდევ ფილმს იღებს და დიჯირიდუებს აკეთებს. ერთი თავისი თან დააქვს და უკრავს კიდეც.
ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, შემდეგ დიჯირიდუზე უკრავდა, ბოლოს კი ვუყურე როგორ გაუკეთა ერთ ბიჭს სვირინგი ლობიში.

ძალიან გავხალისდი, ამ დროს ინდრეკიც (ესტონელი ბიჭი) გამოჩნდა და შემოგვიერთდა.
ბევრი ვისაუბრეთ და საინტერესო ამოცდილებები გამიზიარა, ბოლოს კი ჩემი პასპორტი რომ ნახა "You are real Estonian Girl"-ო და სიცილისაგან გავიგუდე.

დასაძინებლად ფრიად გვიან ავედი, ბაკო მძინარე დამხვდა და ამიტომ საღამოს შთაბეჭდილებების გაუზიარებლად დავიძინე.


21 იანვარი - Vang Vieng 
დილით წავედით ცენტრალურ ავტოსადგურზე, საიდანაც წავედით ჩრდილოეთ ავტოსადგურზე, საიდანაც წავედით ვან ვიენში (ჯანდაბა ამათ, საოცრად ჩახლართული სისტემაა)

აქ ერთი სადგური არაა, 4-ია ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. მოკლედ, ქვეყნის რომელ მხარესაც გინდა მოხვედრა იმ სადგურზე უნდა წახვიდე. ასეა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა დიდ ქალაქებშიც.

ჩრდილოეთ ავტოსადგურზე ბოლო ორი (გადმოსაშლელი) სკამი დავიკავეთ მინი ავტობუსში და დავიძარით.
3 საათი მოკუნტულს და გვერდზე გადახრილს რაღაცნაირად მეძინა შიგადაშიგ, სანამ მიკროავტობუსი გრუნტის გზაზე არეკილი მიქროდა.

გზაზე ერთ-ერთ გაჩერებაზე მინიავტობუსს მოაწყდნენ გამყიდველი ქალები და ათას რამეს გვთავაზობდნენ.
ბაკო შესასვლელთან იჯდა ზუსტად და ამ ქალებიდან ერთმა ჯოხზე აცმული მშვენიერი, დაბრაწული ვირთხები შემოყო ავტობუსში, რომ ყველასთვის ეჩვენებინა საქონელი, ბაკოს კი კინაღამ გული წაუვიდა.
სახე შეატრიალა და მე მეხვეწებოდა უთხარი გაწიოსო, არადა ეს ქალი ისე ცდილობდა ბაკოსთვის ეს ვირთხუნიები შეესაღებინა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.


ვან ვიენის ცენტრში ჩამოვეყარეთ და პირველივე გესთ ჰაუსში შევაჭერით. ოთახი იყო სანაქებო, ფასსაც არაუშავდა და დავრჩით 2 ღამით.

იმ საღამოს რა თქმა უნდა ჩვენი სიზარმაცე ვკვებეთ და არ გავნძრეულვართ. წავივახშმეთ და დავიძინეთ..
ლაოსში რთულია ცოტა, რაღაც ფართი ქვეყანა უფროა თინეიჯერებისთვის.


Post a Comment

0 Comments