მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.
შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის.
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.
213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.
18-19 იანვარი - გვიან, მაგრამ კარგად
დილის 7 საათზე გიჟებივით მივქანდით ავტობუსის გაჩერებაზე რომ ნონგ ხაიმდე ავტობუსს გავყოლოდით, მაგრამ ნურას უკაცრავადო. დილის ავტობუსზე ყველა ბილეთი გაყიდული დაგვხვდა.
ალტერნატივა მხოლოდ 14:30 და 19:00 საათიანი ავტობუსებიღა იყო დარჩენილი.
ვიყიდეთ შუადღის ავტობუსის ბილეთი და დავიწყეთ გაჩერების გარშემო ბოდიალი - ჭამა და ინტერნეტი გვჭირდებოდა.
ბედად დიდი Mall იყო იქვე ახლოს რომელშიც აღმოჩნდა ერთადერთი ღია კაფე ნორმალური ფასებით. დავსხედით და დაახლოებით 3-4 საათი გავატარეთ იქ.
ხან ინტერნეტში ძრომიალში, ხან ჭამაში და ხანაც ლაქლაქში.
როგორც იყო მოვიდა წასვლის დრო და მშვენიერ კომფორტულ ავტობუსში წინა სავარძლებზე მოვთავსდით.
წვენი, ორცხობილა და პლედები დაგვირიგეს რადგან 13 საათი გვიწევდა მზაგრობა. მთელი გზა მთიან და სერპანტინებიან, ჯუნგლებიან გზაზე ვიარეთ, ერთადერთი გაჩერებით სადაც ვერაფერი ვჭამეთ. გზაში ტაილანდურად ვუყურე ჰერკულესს.
არა, კი არ მინდოდა ან მესმოდა, უბრალოდ ეკრანი ისე ახლოს ეკიდა, რომ თვალი ვერაფრით მოვწყვიტე და 3 საათი შტერივით ვუცქერდი აბსოლუტურ იდიოტობას, უცხო ენაზე.
ნორმალურად ძილი ვერც მოვახერხეთ, ღამის 3 საათზე (19 იანვარს უკვე) ჩავედით უდონტანიში, სადაც ავტობუსმა შუა ქალაქში ჩამოგვსხა და იქიდან ტუკტუკმა კიდევ 40 ბატი აგვახია 2 ნაბიჯში წაყვანაში.
გაჩერებაზე 2 ავტობუსი შევიცვალეთ და აბსოლუტურად გადატენილი ავტობუსით წავედით ნონგ ხაიში.
იქაც დილის 5 საათზე აღმოვჩნდით და 7 საათამდე ბუდა პარკის გახსნას ველოდეთ.
აბსოლუტურად გაავებულები, დაღლილები და უძინრები ალბათ საოცარი სანახავები ვიქნებოდით გაჩერებაზე.
ავიყვანეთ ერთადერთი ქალი მძღოლიანი (და ინლისურად მოლაპარაკე) ტუკტუკი და წავედით. რატომღაც ჩავთვალეთ, რომ პარკი დიდი უნდა ყოფილიყო და ტუკტუკი უკან გავუშვით, 4 საათში მოსვლის პირობით.
პარკის ნახვას 1 საათი მოვანდომეთ, შემდეგ ცოტა ვჭამეთ და პარკში ქვის (მოუხერხებელ) სკამებზეც გვეძინა.
ტუკ-ტუკმა გადაგვაგდო და ამიტომ ტრასაზე ბოდიალმაც მოგვიწია კარგა გვარიანად. როგორღაც მივაღწიეთ ავტოსადგურამდე ისევ, ჩავდექით ბილეთის რიგში (ვიენტინის ავტობუსზე), მაგრამ არ მოგვყიდეს. ვიზა არ გირტყიათ და სხვა მგზავრებს შეაფერხებთო.
წამოვედით უკან გინებით და გავეშურეთ ბანკისკენ, რადგან ლაოსის ვიზის ფულს მხოლოდ დოლარში იღებენ.
მივედით ბანკში და ფულის გადახურდავება რომ მოვითხოვეთ მოლარემ გვითხრა სტოკში დოლარი საერთოდ არ გვაქვსო, ბანკოკ ბანკს უნდა მიაკითხოთო.
გამოვშტერდით, ბანკი სადაც აწერია Exchange, მაგრამ დოლარი არ არის.
ავიღეთ ჩანთები, დავჯექით ისევ ტუკ-ტუკზე და წავედით ჯერ ბანკში, შემდეგ კი Lao-Thai Friendship Bridge-ზე.
ტაილანდის მხარეს ისევ უაზროდ უყურეს ჩემს პასპორტს (რაღაც ჯადოა რა), მაგრამ ბოლოს გამიშვეს.
შემდეგ ვიყიდეთ ავტოუბსის ბილეთი, 500 მეტრის ფეხით გავლა არ შეიძლებაო და ჩვენც ავეტენეთ.
ავტოუბსით ნეიტრალურ ტერიტორიაზე საცობში ვიდექით 30 წუთი და როგორც იქნა მივაღწიეთ ლაოსის მხარეს. შევავსეთ აპლიკაციები და ჩავდექით მომლოდინეთა რიგებში. მთელს პროცედურას დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა. რა თქმა უნდა ამ დროის განმავლობაში გულისგაწვრილებამდე ბევრი ტუკ-ტუკის და მინიავტობუსების მძღოლ-ოპერატორები მოვიდნენ და სერვისი შემოგვთავაზეს, თუმცა პირველივე ჯერზე არ ვთანხმდებით და ჯერ ვარიანტებს ვარკვევთ ხოლმე, არდაგოიმების ამბავში.
ჩანთა გკიდია, დიდი თვალები გაქვს და მორჩა, ფულის კეთების პონტი ხარ ყველასთვის.
40 წუთი დაგვჭირდა ვიენტიენის ცენტრამდე მისასვლელად სონგტაუთი.
საკმაოდ უცნაურ ადგილას ჩამოგვყარა სონგტაუმ და დავაწექით ფეხით.
ყველა შემხვედრ გესთჰაუსსა და სასტუმროში შევყავით ცხვირი, მაგრამ ან ძვირი იყო და ან ადგილი არ ჰქოდათ,
რთულია მშიერზე და ნამგზავრზე საცხოვრისის ძებნა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, უკვე კარგა გვიანი იყო. სულ ბედად ერთ-ერთ გზაჯვარედინზე ნაცნობი სახელი შევნიშნე (რამდენიმე დღით ადრე booking.comზე ვნახეთ) და ეგრევე მივაჭერით.
Backpacker-ების სპეც ჰოსტელი იყო სადაც Mixed Dorm-ში ადგილი ჰქონდათ და ბევრი არ გვიფიქრია დავრჩით 2 ღამით.
იმავე საღამოს ვერანდაზე ვისხედით, რომ უცებ ზურგიდან გავიგე:
"Tere, ma nägin oma nime Teataja" და შეცბუნებული შევტრიალდი.
ჩემს წინ გაჩხიკული ესტონელი ბიჭი იდგა და რაღაცას მეუბნებოდა ჩქარ-ჩქარა. მივესალმე და გავაჩერე - ესტონურად ვერ ვლაპარაკობ, სულ 10 სიტყვა ვიცი მეთქი.
გაეცინა და კარგი, კარგი მოგვიანებით შევხვდებითო.
პირველი ესტონელი რომელიც 3 თვის განმავლობაში შემხვდა. ძირითადად ავსტრალიელები, ინგლისელები და გერმანელები დაბოდიალობენ, დანარჩენები ცოტა.
იმ საღამოს მოცელილებმა დავიძინეთ რა თქმა უნდა, თანაც ამ ბოლო დროს სიზარმაცე გვიტევს, დავიღალეთ და სახლიც გვენატრება.
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!