213 - XXVIII

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.

15 იანვარი - ჩანჩქერზე

მეორე დილასაც ადრიანად ავდექით და პირველი საბავშვო ბაღში წავედით. იქ დილის მას. შეკრებაზე გავეცანით ბავშვებსა და ყველა მასწავლებელს და შევქანდით ქეროლაინის ოთახში.


პატარებთან ინგლისურის პრაქტიკა ცოტა რთულია ამიტომ ვეთამაშეთ Stick-man Joe და ფრიად სწრაფად გავიდა 4 გაკვეთილი. იქიდან სკოლაში გადავედით. დიდ შესვენებას დავემთხვიეთ. 


სადილობისას ჩვენც იქ დავსხედით სადაც ბავშვები და ჩვენი მაგიდის გარშემო მცირე ჯგლეთა ატყდა. ზოგიერთ სკამზე 2ნიც კი ისხდნენ. ზოგადად ტაილანდელი მასწავლებლები ძალიან მკაცრები და უხასიათოები არიან, ამიტომ უცხოელებთან თავს მეტად ლაღად გრძნობენ ბავშვები, თანაც ყველას უნდოდა თეთრ (დიდთვალება) გოგოებთან ახლოს ყოფნა. ზოგიერთს ეყო სითამამე და რაღაცეები გვკითხეს კიდეც.
2 გაკვეთილი გავატარეთ სკოლაში, შემდეგ სახლში დავყარეთ ზედმეტი რამეები და უდიდესი პაგოდას სანახავად წავედით. 



პაგოდის გარშემო აბსოლუტური სიმშვიდე და სიჩუმე სუფევდა. ჩვენც ცოტა ხნით მის ქვეშ, პირდაპირ ფილებზე დავეყარეთ და მოვდუნდით. შემდეგი ადგილი ნაციონალურ პარკში მდებარე ლამაზი ჩანჩქერი გახლდათ.


ცოტა რთული იყო გრძელ მარშრუტზე საჭესთან ჯდომა, თუმცა თავი გავართვი და სულ რაღაც 40 წუთის გზის შემდეგ მშვენიერ ჩანჩქერთან აღმოვჩნდით.
დამენანა რომ ციოდა და საცურაო კოსტუმებიც არ გვქონდა თან. ის იშვიათი ადგილი გახლდათ, სადაც დიდი სიამოვნებით გავიჭყუმპალავებდი მიუხედავად სიღრმისა და წყლის შიშისა.


უკანა გზაზე მუსიკაც ჩავრთეთ და თავი მართლაც სხვის ისტორიაში მეგონა. ვერაფრით აღვიქვი, რომ ეს ამბავი ჩემს თავს ხდებოდა და მოქმედი პირი ვიღაც სხვა (გამოგონილი პერსონაჟი კი არა) ჩვენ ვიყავით. ძალიან საინტერესოა, როდესაც აბსოლუტურად დაუგეგმავი რაღაცეები ხდება თრიფში, ჩვენს თავს კი სულ ასე ხდება რაც წამოვედით.

16 იანვარი - დილა - ავტობუსი - უძილობა

ისევ დილის 6 საათზე ადგომა, ისევ გზა და მგზავრობა - დავუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას.
ტრასაზე ჩამოდგომიდან 10 წუთში ჩიანგ მაის ავტობუსიც გამოჩნდა. ქეროლაინს ხელის დაქნევაც არ დასჭირვებია , მძღოლმა ზურგჩანთები შენიშნა თუ არა ეგრევე გააჩერა.
3 საათის განმავლობაში local bus-ით ვიმგზავრეთ, მე კი ნახევარი გზა ზურგჩანთაზე დამხობილს მეძინა.


ჩიანგ მაიში მოხვედრა თავიდან გვქონდა გეგმაში, შემდეგ გადავიფიქრეთ და საბოლოოდ მაინც აღმოვჩნდით იქ. ამ მოგზაურობაში სამყარო თავისთვის წყვეტს რაღაცეებს და ჩვენ უბრალოდ ვნებდებით.
ქალაქი ძალიან ტურისტული და ძალიან "ვესტერნიზებულია". თავიდან საკმაო დრო დავხარჯეთ სასტუმროს პოვნაში, შემდეგ ქეროლაინი წავიდა საიმიგრაციო სამსახურის ოფისში, ჩვენ ცოტა წავუძინეთ.


საღამოს გავედით Night Bazaar-ში, სადაც აუარებელი რაღაცეები იყიდება და ტურისტების ზღვა მოძრაობს. 
მოგზაურობისას გული ხან იმის გამო გვწყდება რომ ფული არ გვაქვს, ხანაც იმის გამო რომ ფული კი გვაქვს , მაგრამ ზურგით ამდენის თრევა ფიზიკურად არ შეგვიძლია. თუმცა რა თქმა უნდა ეს გულისწყვეტა წამიერია ხოლმე.


საღამოს 9 საათზე მისავათებულები დავეყარეთ და სულ, სულ უცებ ჩაგვეძინა, ნუ ან მე ჩამეძინა და დანარჩენებზეც ეგრე მეგონა.


Post a Comment

0 Comments