213-XVI


მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.


შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.



24  ნოემბერი - სამხრეთ - აღმოსავლეთი

დილით ისევ იმაზე ადრე ავდექით ვიდრე საჭირო იყო და ცოტა ხანი სახურავზე ჯდომაც მოვასწარით.
დაახლოებით 10 საათისთვის უკვე გავლილი გვქონდა სექიურითი ჩეკების ნახევარი და მოსაცდელ დარბაზში ჩასხდომის გამოცხადებას სულმოუთქმელად ველოდით.

რა ტყუილად ველოდეთ რომ ველოდეთ. თვითმფრინავმა აფრენა 1 საათით დაიგვიანა. ღმერთმა უწყის რატომ, მაგრამ კი ვიყურყუტეთ.

თითქმის მთელი ფრენა მეძინა, კითხვის თავი არ მქონდა, გვიან დავწექით წინა ღამით. ჯერ ვიბოდიალეთ არტუროსთან (ტაივანელი რუმმეითი-სუპერ კაი ვინმე) ერთად, მერე ოთახში ვიღლაბუცეთ და როდის-როდის გაგვახსენდა დაძინება.

ტაილანდის პირველი ხედები, როდესაც თვითმფრინავი ღრუბლებს ჩამოცდა, წყლით დაფარულ-დატბორილი მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა. უამრავი წუმპე ტბორები, შუაში ვიწრო გზები და კანტიკუნტად დაკოფსებული სახლები დავინახეთ თავიდან.

აეროპორტი უზარმაზარი, თუმცა კი აბსოლუტურად საათივით გამართული - არანაირი შეყოვნება და ლოდინი.

პირველი ტურისტების პოლიციას მივადექით და საიმიგრაციო აპლიკაციების შესახებ რამდენიმე კითხვა დავუსვით, შემდეგ კი საპასპორტო კონტროლი ელვისუსწრაფესად გავიარეთ და აი მანდ დაგვერხა.

ტურისტული საინფორმაციო ვერ ვნახეთ, თუმცა რუკა რაღაც სააგენტოს desk-ზე ავიღეთ.

აეროპორტის ქვეშ გადის რკინიგზა, რომელსაც ქალაქამდე უნდა გავყოლოდით. გზაში აპარატთან ჟეტონების ყიდვაში აეროპორტის თანამშრომელი დაგვეხმარა და ჩავძვერით მიწისქვეშ.

პირველი ფინთი გოიმობა იყო რომ თურმე ჟეტონი დამაგნიტებულია და ჩაგდების მაგივრად უნდა დაადო გასასვლელს, ჩვენ ღრიჭოს ვეძებდით დიდი ხანი. შემდეგ მატარებლის კარის ადგილი ძლივს შევნიშნეთ, რადგან ის დიდ შემინულ გვირაბში მოდის, რომელსაც გარედან სულ რეკლამები აქვს მიკრული. ჩამოვდექით ცხვრებივით და ამ დროს მატარებლის სპეც დაცვამ მიგვითითა კარის ან მარცხნივ დადექით ან მარჯვნივ, იატაკზე ისრები ტყუილადაა დატანილიო??



მატარებელი როგორც კი ჩამოდგა შიგნით ჯერ სამხედროები შეცვივდნენ შესამოწმებლად, შემდეგ საიდანღაც დამლაგებელიც გაჩნდა, იატაკი მოწმინდა და შემდეგ მგზავრებიც შეგვიშვეს.

მოკლედ პირი არც დაგვიხურავს მე და ბაკოს ელექტრო ჟეტონების მერე და სასტუმრომდე ასე დაფჩენილებმა ვიმგზავრეთ.
სამი ხაზის გამოცვლის შემდეგ როგორც იყო სასტუმროშიც მივლასლასდით და დავეყარეთ, თუმცა კი მაგრად გვშიოდა.

 სასტუმროსთან ახლოს ვივახშმეთ სწრაფი კვების ობიექტში და უკანა გზაზე ბანკოკელ ვირთხებსაც გავეცანით ახლოდან.

პ.ს პირველად შემხვდა რომ აეროპორტში ბარგის გამოსასვლელს ეწერებოდეს რომელი რეისიდან დაიწყო ჩანთების გადმოცლა და რომ ბოლო ჩანთაც გამოშვებულია დარბაზისკენ.

Post a Comment

0 Comments