მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.
შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის.
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.
213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.
5 ნოემბერი - სამი რამე
განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ პოხარადან კატმანდუსკენ იმდენი ხანი ვიყავით გზაში რომ ათას რამეზე დაფიქრება მოვასწარი, ხოდა ზუსტად ამაზე დავწერ ახლა.
პირველი რაც მინდა მოგიყვეთ ნეპალელების მიერ რესურსების ათვისებაა.
აქ იშვიათია ბილბორდი და უშველებელი ბანერები. მათ მაგივრად ნეპალში არსებობს კედლები - სახლის კედლები, ღობე კედლები, ფარეხის კედლები, უპატრონო კედლები, გაჩერების კედლები - მოკლედ ყველა ცუდად თუ კარგად შელესილ კედელს მშვენივრად იყენებენ რეკლამისთვის.
ახატავენ და აწერენ, სულაც საკაიფოდ აგრაფიტიებენ ყველაფერს.
ჩემი აზრით მშვნიერი იდეაა, არც კედელი ცდება და ზედმეტ რამეებსაც არ კიდებენ გარშემო. თანაც რუხის მაგივრად ფერადი კედლების ყურება თვალს უხარია. ისე კი არც ვიცი ფასიანია კედლის გამოყენება თუ უფასო, მთავარია რომ გენიალურია.
მეორე ეს არის ნეპალური სატვირთო ავტომობილები. ყველაზე ჭრელი, ფერადი და უცნაური რამეებია. ყველას რაღაც აწერია და ახატია ძარაზე - ზოლები, ინგლისური ფრაზები (დეტალურად ცოტა ქვემოთ), ღვთაებები, სიმბოლოები.
წინა ნაწილზე აუცილებლად აწერია "road star" ან "road king" ან რაღაც მსგავსი. უცნაური ქრომირებული ელემენტებით აქვთ გაფორმებული კარი და საქარე მინები, ხოლო სალონში ფერადი ფარდები, ფოჩები ან ფოტოსურათები აქვთ დამაგრებული (ზოგჯერ ყველაფერი ერთად). ზოგიერთს (ეწ ბახრამა) ფოჩები გარედანაც აქვს მიმაგრებული სარკეებსა და საწუწელებთან (ბრიზგავიკი).
მოკლედ ხელოვნების ნიმუშები დადის გზაზე და სულ მაწუხებს კითხვა-ვინ წამოიწყო ეს ყველაფერი და რა უდევს ამას საფუძვლად. ისე კი მაგარი სახალისოა რომ ბევრ მათგანს ძარაზე უკან დიდად აწერია "ძლიერად დამიპიპინე" ან "მე გხედავ" ან "გამოიყენე საყვირი" (ნეპალში ყველა აპიპინებს აბოსულუტურად და თანაც გაბმულად. ისეთი ღრიანცელია ტრასაზეც და ქალაქშიც, რომ ვერ აღვწერ).
გარდა სატვირთოებისა აქ არის მანქანის მწარმოებელი "TATA", რომელიც გავრცელებულია და ბევრია, კიდევ ბოლერო და სუზუკიც ბევრია. აქა-იქ ჰიუნდაისაც შევხვდი და ნისანებსაც, სოფლებში მაჰინდრაც ვნახე, მაგრამ ძირითადად სატვირთოები. ტატა ყველანაირად ლიდერობს.
მესამე საოცარი ამბავია მათხოვრები. მიუხედავად იმისა, რომ ნეპალი აშკარად არ არის განვითარების მხრივ მოწინავე ადგილზე, ფაქტია რომ მათხოვრები ბევრი არ არის.
ისინი სხვადასხვა ქალაქების ზოგიერთ უბანში გვხვდება მხოლოდ. როგორც დავაკვირდი ნეპალელების უმეტესობა მუშაობს და რაღაცას მაინც აკეთებს - ზოგი მიწაზე მუშაობს, ზოგი აცხობს და ყიდის, ზოგი CRAFTINGითაა დაკავებული, არიან გიდებად და ტურ სააგენტოებში მომუშავეები, კაფეებში შემპატიჟებლები და რავიცი მოკლედ რა აღარ.
როგორც აქამდე აღვნიშნე ზარმაცი ერი არ უნდა იყოს. მართალია ტურისტებიც ზღვაა და არის ვიზეც შეიძლება ფულის კეთება, მაგრამ აგერ საქართველოში ეგეც გვეზარება და აზრიანად ვერ ვახერხებთ.
ფოტოები იხილეთ ჩემს ფეისბუქზე.
ბლოგის წარმოება მიმდინარეობს მობილური ტელეფონიდან.
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!