213 - VIII

ე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში
.


2 ნოემბერი - მშვიდობა
დილიდან დავირაზმეთ და წავედით ავტოსადგურში რომ ნაიაპურამდე ან კანდემდე ბილეთები გვეყიდა, ამ ორიდან უნდა დაწყებულიყო ჩვენი ტრეკინგი.როგორღაც ისე გამოვიდა, რომ ჩემი ნათქვამი მანძილის შესახებ ყურებს მიღმა დარჩა და საუზმის მერე 6 კილომეტრი ვიარეთ. ავტოსადგურში გავარკვიეთ როდის გადის ავტობუსი და რა ღირს მგზვრობა, მაგრამ ბილეთები არ მოგვყიდეს - წინა დღით არ ვყიდითო. იქიდან ტაქსით დავბრუნდით ცენტრში და ვცადეთ მსოფლიო მშვიდობის stupaს სანახავად გადაღმა ნაპირზე გადასვლა. ჯერ ვიღაც ტიპი გვაგოიმებდა ვერ ახვალთ ბილიკები არ იცითო, $20 მომეცით და აგიყვანთო. ჩვენ ვინაიდან lonely planetის გიდში ყველაფერი დაწვრილებით გვქონდა ამოკითხული- ცივი უარი ვტკიცეთ და წავედით ნავების სადგომზე საიდანაც ბილიკამდე მისვლა-წამოსვლა 700 რუპიად ვიყიდეთ. ნავით( რომელსაც კიჩოზე ერთი ტიპი უზის ერთი ნიჩბით) ტბის გადაცურვა ჩემთვის აბსოლუტური ჯოჯოხეთი აღმოჩნდა. წყლის ექსტრემი აშკარად არაა ჩემი. გაკიკინებული ვიჯექი მთელი 15 წუთი რომელიც მეორე ნაპირზე გადასვლას მოვანდომეთ. 
დავიწყეთ ბილიკით ასვლა რომელიც აბსოლუტურად სრიალა ქვებით გახლდათ მოკირწყლული.ძლივს მივდიოდი, თავი ციგურებზე მეგონა, თანაც აღმართში 1 საათის გზას ჩქარა ნამდვილად ვერ ავასკდებოდი, ამიტომ გოგოები ადგილ-ადგილ მელოდებოდნენ.
როგორც იქნა 16:00ზე სტუპასთან ავედით (ნავი 17:30ზე დავიბარეთ) და იმედი გვქონდა რომ მზის ჩასვლასაც ვნახავდით.სამწუხაროდ მზე იმაზე გვიან ჩადიოდა ვიდრე გვეგონა, ამიტომ უჩასვლისნახვოდ დავიწყეთ უკან ჩამოსვლა, თუმცა ღრუბლებში ამოყურყუმალავებული ჰიმალაის დანახვის ბედნიერება მაინც გვხვდა წილად. წარმოუდგენელი ხედი იშლებაზემოდან - გამთენიას ალბათ კიდევ უფრო შთამბეჭდავია, როცა ჰაერი მეტად სუფთაა. 

ვფიქრობ ნეპალში კიდევ არაერთხელ დავბრუნდები.

უკან ჩამოსვლამ ჩემს მუხლებს ბოლო მოუღო, თუმცა იქ ხომ არ დავრჩებოდი? სანაპირომდე როგორც იყო ჩამოვედით, თუმცა ჩვენი ნავკაცი არსად ჩანდა. 
ბევრი მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ერთმა ადამიანმა გვითხრა სულ მალე მოვაო და მართალიც აღმოჩნდა- 10 წუთში ჩვენი ტრანსპორტი მოადგა ნაპირს. 
ნეპალელებში ის მომწონს, რომ დახმარებაზე უარს არავინ გეუბნება და ზურგს არ გაქცევს, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა დახმარების რეალური შანსი. ამ ადამიანებში თითქოს არის რაღაც წმინდა და ღვთაებრივი. ( ზოგჯერ ამაშიც მეპარება ეჭვი, მაგრამ მაგაზე მერე) 
ვახშმის მერე ფორთხვით მივედით სასტუმროში და ჩავლაგდით მორიგი დღის ლაშქრობისთვის.

ფოტოები იხილეთ ჩემს ფეისბუქზე.

Post a Comment

0 Comments