არაშენდა პარკში - ნაწილი V

ზაფხული მშვიდი იყოთქო ვერც ვიტყვით, ივლისში ისანში მარკეტ კარფურის ასაშენებლად ისეთი სისასტიკე დატრიალდა, რომ მოსახლოებაც კი აღშფოთდა და ატყდა ერთი ამბავი.



შემდეგ სიცხისგან რომ არ მოვდუნებულიგავით ბანაკში ანიმაციური ვორკშოპი გაკეთდა პატარებისთვის. 


ჯერ ააწყვეს მთელი ისტორია, შემდეგ გადაიღეს და ალბათ მალე შედეგსაც ვნახავთ დასრულებულს. 
ყველა კმაყოფილი დარჩა.

რა ჯობია ზაფხულის სიცხეში ხეების გარემოცვაში ჯდომას, სადაც მზე ძალიანაც არ აჭერს, ჰაერი მეტნაკლებად სუფთაა და ჩაგუდვა არ გემუქრება ადამიანს?
ჰო ნამდვილად არაფერი ჯობია, მაგრამ აბა ვის ესმის ეს? 


ალბათ საქართველოში სასწრაფოდ უნდა განვივითაროთ ნახშირორჟანგით ან რამე სხვა საშინელი ნივთიერებით სუნთქვა-არსებობის უნარები, სხვა გზა აღარაა.

11 ივლისს პარტიზანული მებაღეობის მოძრაობის დაბადების დღეც აღვნიშნეთ ბანაკში, იმდენი გემრიელობა გააკეთეს პარტიზანებმა (თავისი ხელით დიახ, ძალიან კარგები არიან) რომ დიაბეტს ძლივს გადავურჩით. 
მშვენიერი ატმოსფერო იყო, საუკეთესო ადამიანები, ჩვეული მეგობრული სითბო და კეთილგანწყობა, ცოტა მუსიკა, ბევრი ტკბილეული და რა თქმა უნდა არც ერთი წვეთი ალკოჰოლი.


9 თვის განმავლობაში რაც ბანაკი არსებობს ერთადერთი წესი - რომელიც ალკოჰოლის არმოხმარებას ეხება - მუშაობს და არის დაცული.

მთელი აგვისტოს თვე პარტიზანებმა ძალების მოკრებისთვის და ახალი იდეების გენერირებისთვის გამოიყენეს. 

მართალია, შეხვედრები ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, ბანაკი ისევ თავის ადგილზე იყო, თუმცა ამ პერიოდში არანაირი აქტივობა არ დაგეგმილა, მაგრამ სექტემბრისთვის აღმოჩნდა რომ ყველა  მზადყოფნაში ვიყავით, ყველას ჰქონდა რაღაც იდეა და გეგმა რომელიც შეიძლებოდა საერთო საქმეს წასდგომოდა.


ამ პერიოდში ინვესტორის მიერ საძირკველისთვის ამოთხრილ დიდ ღრმულში მშვენიერი საირიგაციო სისტემა გაკეთდა, ნარგავების მოსარწყავად. 
დიახ, დიახ, პარტიზანებმა აითვისეს ეგ ტერიტორიაც და ზედ ბოსტანი გააშენეს, ასევე ამ ღრმულშივე გაკეთდა სიურპრიზი უცხოელი ახალდაქორწინებულებისთვის.

მეგობრებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა გადაწყვიტეს, რომ წყვილისთვის გულის ფორმაზე განაწილებული ხეები დაერგათ პარკში, ამ აქტივობაში კი მონაწილეობა მათაც მიაღებინეს. ძალიან სასიამოვნო იყო ამის ყურება, რადგან პატარძალი აქტიური გარემოსდამცველი ყოფილა და მისთვის ამაზე კარგს ვერაფერს მოიფიქრებდნენ. ყველა ბედნიერი და აღტაცებული იყო მომხდარი ამბით.

დასანანია, რომ ყველა ზრუნავს ქალაქზე იმათ გარდა ვისაც ეს პირდაპირ ევალება!!

სექტემბერში კომპანია "კაპაროლმა" პარტიზანებს 100 ცალი პადონი (ტრანსპორტირებისას გამოყენებული ხის მასალა) აჩუქა  ბანაკისთვის, რაც მთლიანად კინოთეატრის მშენებლობას მოხმარდა, ხოლო კინოთეატრი რა თქმა უნდა ბუდაპეშტის საძირკველში მოეწყო.


გამზადდა დიდი ეკრანი და სპეციალური მაგიდა აპარატურისთვის.

რა ჯობია ღია ცის ქვეშ, სასიამოვნოდ და მყუდროდ კარგი ფილმის ყურებას? რა თქმა უნდა ბევრი არაფერი.


თუმცა ეს მშენებლობა სიმშვიდეში არ მიმდინარეობდა.
ბელინსკის ქუჩა რომელზეც მანამდეც გიყვებოდით ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსა. უზარმაზარი კლდის მასივი ისე თვალისდახამხამებაში მოჭრეს, რომ ყველა სახტად დარჩა. 

პარტიზანები ყველა ხერხით ცდილობდნენ (და ახლაც ცდილობენ) ამ მშენებლობის და ვანდალიზმის შეჩერებას.


სიატუაცია ნამდვილ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პარტიზანები ცდილობდნენ ცოცხალი ჟაჭვის დახმარებით შეეჩერებინათ მიმდინარე მოვლენები, შემდეგ მცირე კონცერტით, რომლის დროსაც ქუჩა რა თქმა უნდა გადაიკეტა.

ამ ყველაფრის პარალელურად მშენებლებიც არ ეპუებოდნენ ამ ყველაფერს და დღეში 10-ჯერ იძახებდნენ პატრულს (ისე რომ ვთქვათ ამ გამოძახებებმა ალბათ საპატრულოს საწვავის მარაგის დიდი ნაწილი გახარჯა)

შემდეგ კი როდესაც არაფერმა გაჭრა, მწვანე ზოლის აქცია პერფორმანსიც კი გაკეთდა.
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ერთ - ერთ საპროტესტო დღეს, მაშინ როდესაც "ზილის" მძღოლები ცდილობნენ პარტიზანი აქტივისტებისთვის გადაევლოთ, ვიღაცამ ავტომობილს ქილა ესროლა(ო) (ასე ამბობდა მძღოლი თუმცა თვითმხილველები არ აღმოჩნდნენ) 


სროლას პატრულის რეაგირება და სასამართლოც მოჰყვა. დებილი მძღოლი სხვა რომ ვერავინ იპოვნა მარის გადაეკიდა გინდა თუ არა შენ იყავიო, ადამიანს რომელიც მანქანის სულ სხვა მხარეს იდგა და უბრალოდ პირველი მოხვდა თვალში იმ რეგვენს.

სასამართლო პროცესი დიდი ხანი არ გაჭიანურებულა, მაგრამ რის საფუძველზე გამოიტანეს განაჩენი ჩემთვის დღემდე ამოცანად რჩება. 


"დამნაშავე" პარტიზანს წილად ხვდა სიტყვიერი გაფრთხილება და შეურაცხმყოფელად გადაკიდების მუხლი.
ისევ და ისევ სასამართლოც სავსეა კრეტინებით და ამას ნამდვილად ვერაფერს უშველის ვერც პარტიზნული და ვერც მებაღეობა.

გვეგონა ამ ყველაფერს ძლივს დავაღწიეთ თავი, მაგრამ ვინ მოგცა ამოსუნქთვის საშუალება, პუშკინის სკვერში ხეებს დედა უტირეს, ისე გადაბელეს, რომ სულ მოეჭრათ ალბათ აჯობებდა. მართალია არავინ ტყდება, მაგრამ არსებობს (ამ ბოლო დროს გავრცელებული) გონივრული ეჭვი, რომ ამ ყველაფერს პანორამა თბილისის მშენებლობა აქვს მიზეზად.

ოქტომბერი მორიგი აქტივობით დავიწყეთ - ერთ ერთმა პარტიზანმა Inside Out-ის პროექტი განახორციელა და უმშვენიერესი ფოტოები ქალაქში გაეკრა. რა თქმა უნდა მუშაობა ისევ ერთსულოვანი და მეგობრული იყო. 


შემდეგ შაბათობაც მოეწყო პარკში და წაქცეული ხეები და გამხმარი ფიჩხი მოვაგროვეთ ვაკის პარკის ტყეში, რადგან ზამთარი ისევ კარს მოგვადგა და მერია კი არც იძვრის.
ბანაკი ადგილზე რჩება და ეს მანამდე გაგრძელდება სანამ საბოლოოდ არ გადაწყდება ვაკის პარკის ბედი!

სამწუხაროა, რომ ასე უნდა აჯანჯღარო მერია იმისათვის, რომ მისი მოვალეობები პირნათლად თუ არა ცოტათი მაინც ასრულოს.

ოქტომბრის თვე უმშვენიერესი აქციით მიილია!

"შენი ჯერია, მერია" - იყო აქციის მესიჯი. მართალია ძალიან ბევრი ხალხი არ მოსულა, მაგრამ აქცია იყო ძალიან დადებითი მუხტის მატარებელი და ისე მოხდა რომ ნინა ხატისკაციც კი გამოვიდა შეკრებილ საზოგადოებასთან შესახვედრად.


ეს ჯერ კიდევ ნაწილია იმისა რის გაკეთებასაც პარტიზანი მებაღეები უახლოეს მომავალში აპირებენ!!

იმედია რომ ყველა გამოფხიზლდება!
გამოფხიზლდება მერია, მოქალაქეები, პარლამენტარები - პარტიზანები კი არიან ფხიზლად, თანაც ძალიან!



ქალაქი ჩვენია, ყველასი!!
მოქალაქეობა პასუხიმსგებლობაა, ხოლო გულგრილობა თანამონაწილეობის ტოლფასია!! 



Post a Comment

0 Comments