ყველაფერი უფლის ნებაა - ეს იყო ჩვენი ოჯახის მთავარი წესი და არგუმენტი ყველაფერზე.
ბავშვობა უცნაურად გავატარე. როდესაც ყველა თამაშობდა მე ვლოცულობდი, როდესაც სხვები სწავლობდნენ და მეცადინეობდნენ მე ვლოცულობდი, მაშინაც კი როდესაც სხვები ლოცულობდნენ - მე ორჯერ უფრო გულმხურვალედ მიწევდა ლოცვა.
ჩვენი ოჯახი ყველა, სულ უმნიშვნელო (დანარჩენი მორწმუნებიისათვის) დღესასწაულზეც კი ეკლესიაში იყო და სრული წესის დაცვით "აღნიშნავდა" ამა თუ იმ წმინდანის სიკვდილსა და დაბადებას, მოკლედ კვირაში 5-6 დღე ეკლესიაში სიარული გარანტირებული გვქონდა.
იმდენად ძლიერი იყო ოჯახის რწმენა, რომ როდესაც ჩემს დას ტუბერკულოზი დაემართა (თავიდან უყურადღებობით შემდეგ კი ექიმების მნიშვნელობის დაკნინებით) და ჩემს მშობლებს მისი განკურნება ღმერთისთვის ჰქონდათ მინდობილი, ერთი წუთიც არ უფიქრიათ ექიმთან მისვლაზე. 21 საუკუნეში ჩემი და ტუბერკულოზისგან მოკვდა, ხოლო ოჯახის სულიერმა მამამ "უფლის ნება იყო ასეთი და ეს განსაცდელი მოგივლინათო" უთხრა ჩემს მშობლებს.
დედას ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია ჩემი დის პანაშვიდებზე, მამა გულამოსკვილი ტიროდა და ზუსტად ამის შემდეგ შეირყა ჩვენი ოჯახი და ჩემი რწმენაც.
მამამ სმას მოუხშირა, როდესაც აქამდე ერთ ჭიქა ღვინოს თუ დალევდა, ისიც წასულების მოსაგონრად ან რაღაც ასეთი წესის გამო, ახლა სულ უფრო და უფრო ხშირად სვამდა არა ერთ ჭიქას და არა მხოლოდ ღვინოს.
ჩვენი ოჯახის მოძღვარი დედას ამშვიდებდა ეს განსაცდელიც უნდა გადალახოთო და გულმხურვალედ ლოცვას გვირჩევდა, მარხვის გარდა კიდევ ათასი სხვადასხვა რიტუალის კეთება გვიწევდა იმისათვის, რომ მამა ისევ სწორ გზაზე დამდგარიყო და ოჯახი არ დანგრეულიყო.
ამ დროისთვის უკვე 15 წლის ვიყავი და ბევრი კითხვაც მქონდა დაგროვებული. ნელ-ნელა ამ კითხვების დასმა დავიწყე, ჯერ დედას ვეკითხებოდი ხოლმე, თუმცა ჩემი კითხვების გამო თავიდან ყვირილი, ხოლო შემდეგ უკვე ქამარიც მემუქრებოდა ხოლმე, მაინც არ ვწყვეტდი ამას.
შემდეგ ჩვენს მოძღვართან, მამა იოანესთან მივედი, მისგან უარესი პასუხი მივიღე - თურმე მეც მამის კვალს მივყვებოდი ეშმაკებისკენ.
ამის შემდეგ მივხვდი, მამაჩემი ჩემს ოჯახში ყველაზე ადეკვატური იყო იმ მომენტისთვის. მართალია საშინლად თვრებოდა, ხშირად უგონო მდგომარეობაში იყო და მეზობლები ეზოშიც კი პოულობდნენ ხის ძირში წამოწოლილს, მაგრამ მხოლოდ მისდამი მქონდა პატივისცემა და სიყვარული შერჩენილი.
ამ ყველაფერმა დედასაც ბოლო მოუღო, მის სახეზე აღარ ჩნდებოდა არანაირი ემოცია, თითქმის არ იღებდა ხმას, დღის ნახევარს ოთახში ხატების წინ ატარებდა, მამას უყვიროდა და ცდილობდა დარჩენილი ტკივილი და ბოღმა ჩემზე ამოენთხია.
ამ პერიოდში ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ვცდილობდი ბიბლიოთეკაში ან კომპიუტერის მონიტორში ჩავკარგულიყავი, რომ რეალობისთვის ამეცილებინა თავი, მაგრამ არაფრით არ გამომდიოდა.
ჩემი დის გარდაცვალებიდან 2 წელიწადში მამაც გარდაიცვალა. ერთ-ერთი დათრობისას სახლამდე ვერ მოვიდა და მანქანას ჩაუვარდა ქვეშ.
დედა არც პოლიციაში მისულა და არც გარდაცვლილის ამოსაცნობად. კიდევ კარგი უკვე 18 წლის ვიყავი და მე შემეძლო მამის გვამის გამოთხოვნაც და სხვა ოპერაციებიც ჩემს თავზე ამეღო.
დედამ კუბოსთვის ფულიც კი არ მომცა, მე კი არ ვმუშაობდი იმ პერიოდში, ამიტომ თანხის მოძიება თავად მომიწია, მამას ასე ხომ ვერ დავტოვებდი?
მაშინ პირველი ფული მოვიგე და ისეთი შოკი მქონდა დავიფიცე, რომ აზარტულ თამაშებს აღარ გავეკარები, ისეთი საშინელებები ვნახე, კიდევ კარგი ჩემს უბანში ბევრნი იყვნენ ვისთვისაც შეეძლო ჩემთვის ეს სამყარო გაეცნო და ეთქვა როგორ უნდა მოვქეცულიყავი, რომ ბედი მეცადა და ფულის მოგების შანსიც გამჩენოდა.
მართალია 2000 ლარი დიდი ვერაფერი ფულია, მაგრამ როგორღაც მოვახერხე და მამა დავკრძალე.
უკვე 3 წელი გავიდა, დედისგან წამოვედი და მას რამდენიმე თვეში ერთხელაც აღარ ვნახულობ, არაფერი არ მინდა მასთან საერთო მქონდეს, აღარც ღმერთის მხარდაჭერისა და თანადგომის არ მჯერა, თუმცა ვფიქრობ რომ ის არსებობს, მაგრამ ისეთი არაა როგორც ჩვენ გვიხატავენ.
ზოგჯერ როდესაც ქუჩაში ნაცნობები მხვდებიან მიყვებიან, რომ დედაჩემი შეიშალა და ქუჩაში სიარულისას ვიღაცეებს ელაპარაკება და ხელებს იქნევს, სამსახურიც აღარ აქვს და პენსიით (თუ რაღაც შემწეობით) ცხოვრობს.
პერიოდულად მეზობლის ხელით პროდუქტს ვუგზავნი, არ მინდა შიმშილით მოკვდეს და ეს ჩემს მხრებზე იყოს, თუმცა მისი ნახვის არანაირი სურვილი არ მაქვს.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი ღმერთის ნება იყო, იმ ღმერთისა რომლის სიკეთისა და გულისხმიერების მე აღარ მწამს.
***
რთულია დაიჯერო, რომ ამ ყველაფერს 22 წლის ბიჭი ყვებოდა, რომელიც თითქმის არასოდეს იცინის, მუშაობს ნებისმიერ სამუშაოზე რაც შეხვდება და რასაც შესთავაზებენ, ორ კვირაში ერთხელ მიდის მამისა და დის საფლავზე, ხოლო დედის მიმართ არანაირ თბილ გრძნობებს არ განიცდის.
ასეთი ცხოვრება უნდოდა ღმერთს მისთვის? როგორ დავიჯერო??
3 Comments
ახლა მოვედი მე აქ, "ღმერთის ადვოკატი" :პ
ReplyDelete1. პოსტის კატეგორია თუ ლეიბლი გაქვს: ღმრთო ურო ჩამცხე :პ
2. დასასრული ძაან პათეტიკურია, რა ვქნა, კარგი რა ჩორვენიკო. ასეთი ცხოვრება უნდოდა ღმერტსო?
ღმერთს საერთოდ არაფერი უნდა, იმიტომ რომ (კაცო, რამდენჯერ უნდა გავიმეორო ლოლ ) ღრუბლებზე წამოწოლილი კეთილი პენსიონერი ბაბუა არ არის. ადამიანებს ხომ გვაქვს თავისუფალი ნება, მეტ-ნაკლებად და იმაზე დაყრდნობით, ვინ სად დავიბადეთ და როგორ ოჯახებში, მერე როგორ გავიზარდეთ და რა საზოგადოებაში დავიწყეთ ტრიალი და ა.შ.
ჩემი აზრით, ყველას ის ცხოვრება გვხვდება რაღაც მომენტში, რისი გაძლებაც შეგვიძლია ან არ შეგვიძლია. მე რახან გავჩნდი ლიბერალურ ოჯახში და ღმერთზე საუბარი სულაც არ გვქონია და მე დავინტერესდი უკვე ჰასაკში, ეს ნიშნავს, რომ არ მაკმაყოფილებდა ესე იგი რაღაც, მაკლდა ტრადიციები და ამიტომ წავედი და ვიპოვე ღმერთი.
ასე იმ 22 წლის ბიჭს, რომელიც სამწუხაროდ, მოხვდა ფანატიკოსი მშობლების ხელში და ბოლოს როგორც იქნა, თავისუფალი ნება აიღო ხელში და წამოვიდა.
იმედია, ნელ-ნელა გადალახავს მთელ იმ ტრავმას, რაც ბავშვობიდან აქვს მიღებული და ოდესმე აუცილებლად გაიღიმებს მთელი გულით.
ეს უფლისნებობა და გულზე ხელების დაკრეფა კიდევ უცოდინრობის და გაუნათლებლობის ბრალია, სამწუხაროდ, იმიტომ რომ, რელიგია უნდა იყოს fun, ჩემი აზრით, უნდა დაუსვას ადამიანმა რელიგიურ ავტორიტეტებს ბევრი შეკითხვა, შეაწუხოს ისინი და სულ ეძებდეს და ეძებდეს, სანამ არ იპოვის თავის ღმერთს, if you know what I mean. ჯანმრთელობას რაც ეხება კიდევ, არ არსებობს წმინდა მალამოები და წყლები და რა ვიცი, კიდევ რა, არსებობს ანტიბიოტიკები და ექიმები, აი ეს უნდა უთხრან რელიგიურმა პირებმა თავის მრევლის წევრებს.
მოკლედ, ღმერთს თავი დაანებეთ რა :პ :დ
სოფი მეც მაგას ვაბობ რომ პა ბალშომი ღმერთს მაგრად ჰკიდია აქ დედამიწაზე რა დაგვემართება, დასასრული კი იმათთვის უფრო იყო ვისაც მართლა სჯერა ჯერ კიდევ რომ ყველაფერი უფლის ნებაა : )))
Deleteჩემი აზრით თუ ის არსებობს მაგარი ვრედნია და ვაფშე არ ადარდებს როგორ ვართ აქ ჩვენ.
ამასთანავე ადამიანებს ღმერთი კი არა განათლება სჭრდებათ პირველ რიგში და თავიდან ზუსტად ამაზეა პოსტი : ))
მოკლედ, ღმერთი ცემგან კი თავისუფალია მაგრამ რამდენი გიჟია კიდევ დარჩენილი )))
პ.ს. გადავხედე კომენტარს და სასწაულად გაუმართავია გრამატიკულ-ორთოგრაფიულად და მაპატიეთ რა, ტომი და ჯერის ტომივით ვიჭერ ახლა ჯოხებით თვალებს, რომ არ დამეძინოს და კომენტირებას მაინც თავს არ ვანებებ.
ReplyDeleteახლა ღმერთს ეს უნდა ჩემთვის, ვერ გავიგე? :პ
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!