-როგორ გრძნობ თავს? - იმედი მაქვს, რომ სიტუაციის შესაფერის პასუხს მოვისმენ
-მშვენივრად, არაფერს ვუჩივი
-კი მაგრამ იმ ქერა, შიშველი ქალის გვამი ბუნკერთან?? -ახლა უკვე გაოცებულიც აღარ მქვია
-იცი რა ეგ პირველი კი არ არის, ისინი ბევრნი არიან, თანაც განა მხოლოდ ბევრნი, სხვადასხვანაირები და ყველგან.
მას დიდი ხანია აწუხებს უცნაური სიმპტომები, რომელიც სინამდვილეში არც ისე დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს ზოგადად მის თავსა და სხეულში მიმდინარე მოვლენებზე.
ერთი შეხედვით უსაყვარლესია - ლამაზი სახე, აბსოლუტურად კეთილი და სათნო გამომეტყველება, სასიამოვნო ხმა და კარგი იუმორის გრძნობა.
სისხლისა და უბედურების შესახებ ისტორიებისადმი სასწაულ, ენით აუწერელ სიყვარულს განიცდის.
სიკვდილი მისთვის რაღაც მორიგი გასართობია, თუმცა თვითონ ჯერ არც ერთხელ არ მომკვდარა.
ზოგჯერ ჩამოჯდება ხოლმე და მოთქვამს როგორ შია ხორცი, რა კოკისპირულად უნდა რომ შეჭამოს და რომ "თავში შია" ხორცი. მომენტებში საერთოდ ვერ ვიგებ "კაიფობს" თუ არც ისე.
მისი ისტორიები ბავშვობიდან იწყება როგორც ვიცი, დიდი ხნის წინ სადღაც ბანაკში დაინახა ის რაც სხვამ ვერც ვერავინ ვერ დაინახა და დაადასტურა, თუმცა თვითონ აბსოლუტურად დარწმუნებულია რომ არ მოსჩვენებია.
მას მერე უკვე დიდი ხანია თან სდევენ უცნაური გამოსახულებები, რომლებიც ხან ცოცხლები არიან, ხან მკვდრები, ხან ცოცხალ-მკვდრები.
- არ გაწუხებს ეს "რამეები" რომ დაგდევენ? არ გინდა რომ შეწყდეს?
- არაა, მივეჩვიე უკვე, ზოგჯერ სპეციალურად ისე ვაკეთებ ხოლმე რომ თვალებმა მოაწყონ სხვადასხვა ილუზია და თავი გავირთო რამენაირად.
- როგორ თუ თვალებმა მოაწყონ ილუზია? - გაოგნებული ვარ, ბოლო რამდენიმე საათში ენით აუწერელი უცნაურობების შესახებ გავიგე და არც ვიცი გამეცინოს თუ დავიზაფრო, თუმცა ამ ისტორიების მოსმენა ნამდვილად ბევრ ჰოლივუდურ "უჟასწიკს" ჯობია.
- არასოდეს გითამაშია სიბნელეში?? როდესაც ერთ წერტილს მიაჩერდები და შემდეგ ეს წერტილი იწყებს მოძრაობას, შემდეგ გარდაქმნას და სხვადასხვა რამეეებს ხედავ? - მშვენიერ ხასიათზეა და ძალიან დიდი ხალისით პასუხობს ყველა კითხვას, თუმცა ჰგონია რომ ცოტა დებილი ვარ.
არც კი ვიცი რა ვუპასუხო. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე არაადეკვატური და არანორმალური ტიპი მე ვიყავი ჩემს ნაცნობებში, მაგრამ მან გამასწრო და მე თვითონაც კი აბსოლუტური ნორმალურის იარლიყის მორგებისკენ მიბიძგა.
- არ გიცდია რომ კარგად დაკვირვებოდი შენს მოჩვენებებს?? ისინი არასოდეს მოძრაობენ?
ამ კითხვის მერე ისე შემომხედა, რომ უეჭველი დებილი ვგონივარ.
ცოტა ხანი გამომცდელად მიყურა, თავი უხერხულად მაგრძნობინა და მხოლოდ ამის მერე მიპასუხა ღიმილით:
- არაა, ძალიან სწრაფები არიან და როგორც ჩნდებიან ისე ქრებიან, არც მე ვაჩერებ და არც იმათ უნდათ დარჩენა.
ეს თქვა და ცადა რომ ჩემგან შეუმჩნევლად გაეხედა ოთახის მოპირდაპირე კუთხისკენ.
-ისეევ?? - კინაღამ ტახტიდან წამოვხტი
- თითქმის
- მერე რას მიღიმი, ახლა რაღა იყო?
- ბავშვები, რამდენიმე სისხლიანი ბავშვი.
მისი გაძლება ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა რომ დიდად არ მჯერა სულების როგორც რაღაც ასე რეალურად დანახვადი არსებების, მაინც მაგრად ვიჯაგრები მომენტებში.
ძალიან საყვარელია, ვგიჟდები მასთან ერტად ჩაის სმასა და სხვადასხვა ისტორიების გარჩევაზე, მაგრამ მას უეჭველი რაღაც სჭირს და ეს მის გარდა ყველას უზომოდ ტანჯავს.
მართალია არ იცის, მაგრამ მისი ახლობლების გადაწყვეტილებით ცოტა ხანი იზოლირებული იქნება და სხვადასხვა საშუალებებით ეცდებიან დაეხმარონ. ერთხელ უკვე აქვს უარი ნათქვამი ამ ყველაფერზე, მაგრამ სიტუაცია უკვე საკმაოდ სერიოზულია.
- ჩაი დაგისხა?
- კი დიდი სიამოვნებით დავლევ ასე 3-4 ჭიქას კიდევ, მაინც არ მეძინება ჯერ და რამე გავარჩიოთ საინტერესო. ისე ახალი ჭორებიც გეცოდინება შენ - მაწვდის ჭიქას და ამოკეცილ ფეხებს ანაცვლებს.
ბოლო ორი დღეა ჩემთან ცხოვრობს, იმიტომ რომ რაღაც იეჭვა, მაგრამ ის აღარ იფიქრა რომ შეიძლება მეც ჩართული ვყოფილიყავი მისი "გადარჩენის" ოპერაციაში და მიუხედავად იმისა, რომ სინდისი მქენჯნის, მაინც გავუღებ კარს 15 წუთში მოსულ ორ ძალიან სანდომიან ტიპს, რომლებიც ჩემს მეგობარს მეგზურობას გაუწევენ მისი მომავალი სამყოფელშისკენ და მიაქცევენ ყურადრებას შემდეგი 2 წელიწადი.
****
- აი, ალბათ ის ბავშვები დაბრუნდნენ - მითხრა გაღიმებულმა, თუმცა ზარის ხმამ ნამდვილად შეაშფოთა და ალბათ ბოლო იმედიც გადაუწურა.
________________________________________________________________
ალტერნატიული დასასრული
________________________________________________________________
- ჩაი დაგისხა?
- კი დიდი სიამოვნებით დავლევ ასე 3-4 ჭიქას კიდევ, მაინც არ მეძინება ჯერ და რამე გავარჩიოთ საინტერესო. ისე ახალი ჭორებიც გეცოდინება შენ - მაწვდის ჭიქას და ამოკეცილ ფეხებს ანაცვლებს.
სამზარეულოში გავედი და ჩაიდანი დავადგი, თბილი იყო მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ცოტა შევაცხელებთქო გადავწყვიტე.
ორ დიდ ფინჯანში განაწილებულ წყალში ჩაი, შაქარი და ცოტა დარიჩინი ჩავყარე.
სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს შორის მდებარე დერეფანში ვიყავი, კარების ჭუჭრუტანაში გასაღების ჟღარუნი როცა გავიგე, ფეხს ავუჩქარე რომ სასტუმრო ოთახში ახალმოსულებზე სწრაფად შევსულიყავი და უკანასკნელად მაინც შემევლო მისთვის თვალი სანამ წაიყვანდნენ, მინდოდა ბოდიში მომეხადა.
-ფუ, ჯანდაბას, ფეხიც დავიწვი ამ ფართხაფურთხში - მაგრამ ახლა ჯუჯღუნის დრო არ მქონდა, უნდა დავმშვიდობებოდი....
სასტუმრო ოთახში შესულს რამდენიმე ადამიანი დამხვდა, მაგრამ ის არსად იყო.
-კი, მაგრამ... ვერ დამიცადეთ? ცოტა გეცლიათ რა მოხდებოდა,ვერც კი დავემშვიდობე - კინაღამ ქვითინი დავიწყე, ეს ორი ჭიქაც ასე შემრჩა ხელში, მაგიდაზეც არ დამიდგამს.
- კი მაგრამ რისთვის უნდა მოგვეცადა? ყველაფერი შეთანხმებულია, დროც ზუსტად დათქმული იყო აქამდე.
წამოდი, წამოდი შენებმა ყველაფერზე იზრუნეს, ახლა ვეღარაფერს შეცვლი.
სად არის შენი ნივთები? ჩვენთან გიცდიან, უკვე ყველამ იცის შენს შესახებ...
და რატომ გიჭირავს ორი ჩაის ჭიქა?
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!