ეს ლექსი ღრმა ბავშვობაში მასწავლეს და სულ რაკარუკით ვყვებოდი, მაგრამ სულ მაწუხებდა ორი კითხვა (და ისინი დღემდე არ გამქრალა) რატომ? და ვინ დათქვა?სამწუხაროდ არასოდეს ვიცოდი და ვერ ვხვდებოდი რა იყო ცუდი და რა კარგი. ვერ ვხედავდი განსხვავებას საქციელებს შორის, არც სინდისის ქენჯნა მაწუხებდა.
დაახლოებით 3 წლის ვიყავი სესილი რომ გავიცანი. ძალიან საყვარელი, მრგვალლოყება და სათნო ვინმე იყო.
როგორც ბავშვებმა იციან - უცებ დავმეგობრდით და ხელჩაკიდებულები დავდიოდით ხოლმე სულ.
იმ დღიდან სესილი ჩემს ნამუსად იქცა, მხოლოდ მას შეეძლო გადაეფიქრებინა ჩემთვის რამის გაკეთება, მხოლოდ მისი ნათქვამი იყო ჩემთვის ჭეშმარიტება და იმის მაჩვნებელი, რომ ჩემი საქციელი არ იყო კონკრეტული მომენტისთვის შესაფერისი.
მიუხედავად ამისა ვერც სესილი მიხსნიდა რა განსხვავება იყო კარგ და ცუდ საქციელს შორის, ან რის მიხედვით უნდა განმესაზღვრა, ან რატომ უნდა განმესაზღვრა საერთოდ.
ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს მეზობელ ელმირას გული უღონდებოდა როდესაც კორპუსის მოპირდაპირედ მდგარ ნანგრევებში დავრბოდი და მესამე სართულის კიდეზე ვეკიდე, მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი რატომ იყო ეს საქციელი ცუდი.
ვერც იმას ვხვდებოდი რატომ მსჯიდენ თუ არ შევჭამდი მთელ თეფშ საზიზღარ სუფს და რატომ მეძახდნენ ცუდ გოგოს ამ დროს.
სამწუხაროდ სესილი 24 საათი ჩემს გვერდით ვერასოდეს იყო და შესაბამისად მეც მქონდა ხოლმე მომენტები, როდესაც აბსოლუტურ გაუგებრობაში ვხვდებოდი.
იყო შემთხვევა, როდესაც ჩემს კლასელ ნოდარიკოს ჩანთაში მთელი ქილა წებო ჩავუსხი და მშვიდად ველოდებოდი როდის ახარხარდებოდა (რომ ავყოლოდი) როდესაც ერთმანეთზე ქაოტურად მიწებებულ წიგნებს და რვეულებს ნახავდა, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც წარმომედგინა.
ნოდარიკომ ღრიალი ატეხა "პენალი გამიფუჭდა და ხელი გამესვარაო", დიდი ხანი არ უძებნიათ დამნაშავე, ამ სულელი ბიჭის უკან ბოლო მერხზე მე ვიჯექი მხოლოდ. ნოდარიკოს ცუდი იუმორის გამო ძალიან დავისაჯე, მაგრამ დღემდე არ ვიცი რატომ იყო ეს საქციელი ცუდი, დარწმუნებული ვიყავი მე და ნორდარიკოს გულიანად უნდა გვეხალისა....
კიდევ იყო - როდესაც სესილის ვიღაც ბიჭი თმებს წიწკნიდა ხშირად, ხოდა მეც გადაწყვიტე მიმეხვედრებინა ის ბიჭი, რომ არაა სასიამოვნო ეს საქციელი. მასთანაც ჩემი გენიალური იარაღი წებო გამოვიყენე და ქუდში ჩავუსხი. მთელი გეგმა გათვლილი მქონდა - როგორ დაიხურავდა ის წებოიან ქუდს, როგორ მოვიცდიდი რამდენიმე წუთი სანამ წებო შეშრებოდა და მერე როგორ ავაძრობდი თავიდან იმ ქუდს ხელის მკვეთრი მოძრაობით.
რა თქმა უნდა აქაც არ წავიდა საქმე ისე როგორც მე ვგეგმავდი (თუმცა წებომ გაამართლა და თითქმის გავამელოტე სესილის კლასელი). ქუდის აგლეჯვა სკოლის მედდას მოუწია იმ ბიჭის თავიდან, მე კიდევ ცოტა დამაკლდა, რომ სულ მათრახით არ ვეცემე სკოლის სასწავლო ნაწილს.
მე კი დღემდე მგონია, რომ ძალიან ადეკვატური საქციელია როდესაც ადამიანს მისი საქციელის საკუთარ ტყავზე შეგრძნების შესაძლებლობას აძლევ - რატომღაც სამყაროში ასე არ ითვლება.
ამის შემდეგ ბევრი თავგადასავლები მქონდა, ძირითადად იმ დროს როდესაც სესილი არ იყო ახლოს, რომ მინიმუმ თვალით ენიშნებინა ღირდა თუ არა ჩემი იდეის განხორციელება. ძირითადად უსიტყვოდ ხვდებოდა ხოლმე რისი გაკეთება მინდოდა, თუმცა ხშირად ვუყვებოდი კიდეც და ველოდებოდი მისგან დასტურს.
ყველაზე სახალისო ჩემს ცხოვრებაში ბიჭებთან ურთიერთობა იყო, ამ დროს სესილი არ ერეოდა ხოლმე არაფერში, არც რჩევას მაძლევდა და არც მარიგებდა ასე მოიქეციო. ყველა პაემანის თუ უბრალო შეხვედრის შემდეგ ვუყვებოდი განვითარებულ მოვლენებს და ისე გულიანად ხითხითებდა ჩემს მიერ მოყოლილ ამბებზე, რომ მზად ვიყავი ნებისმიერი თავში მოსული აზრი იმ წუთასვე განმეხორციელებინა ჩემს გულისსწორებზე, ოღონდაც შემდეგ ამ ამბის მოყოლისას სესილის უბედნიერესი სიცილი მენახა.
მხოლოდ ეს იყო ერთადერთი სფერო სადაც სესილი არაფერს მიშლიდა და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ისმენდა ჩემს ყველა იდეას. დასანანი მხოლოდ ის იყო, რომ ჩემი ბიჭები სულ რაღაც 1 კვირა თუ უძლებდნენ ყველაფერს, შემდეგ კი სულ "გიჟი ხარს"
ძახილით გარბოდნენ ჩემგან, თუმცა ეს არ მადარდებდა დიდად.
ასე იყო ყველაფერი ზღაპარივით, სანამ სესილი არ წავიდა სხვა ქვეყანაში. მართალია დიდი ხნით არა, სულ 2-3 წლით, მაგრამ ჩემთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია.
წარმოიდგინეთ დავკარგე 3 სამსახური იმიტომ, რომ არავინ მყავდა ვისაც გავუზიარებდი ჩემს იდეებს და ვინც მირჩევდა რომ უფროსს მასეთი რამე არ უთხრაო.
ამ პერიოდში დავიწყე ვინმეს ძებნა ვინც მომცემდა რჩევებს და შეძლებდა ჩემს მოსმენას, თორემ სიტუაცია გამოუვალი ხდებოდა.
სამწუხაროდ როდესაც ასეთი ადამიანი ვიპოვნე თურმე უკვე იმდენი "ცუდი" საქმე მქონდა გაკეთებული, რომ სულიერად დაავადებულებისთვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებაში მომათავსეს.
სამ წელზე ცოტა ნაკლები გავიდა რაც პირველად შემოვდგი ფეხი ამ შენობაში. თავიდან ძალიან მიჭირდა იმიტომ, რომ ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდნენ, ყველა მითითება გაუგებარი მეჩვენებოდა.
ნელა-ნელა მივხვდი, რომ აქაც მასწავლიდნენ და მიმითითებდნენ რა უნდა გამეკეთებინა და რა არა. დროთა განმავლობაში საქმე მეტად გამიადვილდა, თუმცა ყველაზე რთული მაინც ის იყო როდესაც პასუხს მთხოვდნენ რატომ იყო ესა თუ ის საქციელი ცუდი, როდესაც ჩემგან არგუმენტებს და ახსნას ითხოვდნენ იმის დასტურად რომ ყველაფერს მივხვდი.
ვერაფერსაც ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ამ დროისთვის სესილი ცოტა ხნის დაბრუნებული იყო და ყოველ კვირას მოდიოდა ჩემს სანახავად. სიტყვა სიტყვით მამახსოვრებინებდა სხვადასხვა პასუხებს იმ უაზრო კითხვებზე, რომელსაც მკურნალი ექიმი მისვამდა და შემდეგ მიდიოდა ხოლმე. თითქმის ძაღლივით მწვრთნიდა რომ სწორი პასუხები უცებ მეპოვნა და სწორად შემესაბამებინა ჩემთვის გაუგებარ კითხვებზე, მალე უნდა გავეყვანე თავისუფალ გარემოში და ყველაფერი დაბრუნებულიყო ჩვეულ რითმში.
მართალია ზოგჯერ ძალიან ვირეოდი და ვერ ვპასუხობდი, მაგრამ ძირითადად გამომდიოდა სწორი პასუხი მომეძებნა და ექიმიც თვლიდა, რომ თითქმის განკურნებული ვიყავი.
სინამდვილეში დღემდე არ ვიცი რისგან მკურნავდნენ, მე ხომ მაინც ვერ გავიგე სად არის ზღვარი იმათ შორის რასაც კარგს და ცუდს ეძახიან?
ამ მომენტისთვის ცხოველთა თავშესაფარში ვმუშაობ და ჩემს თანამშრომლებს ჰგონიათ რომ სასწაული მოვახდნე, რომ განვიკურნე წარმოუდგენლად რთული მენტალური პრობლემისგან.
ისინი ხშირად მეუბნებიან რომ ძალიან კარგი ადამიანი ვარ იმიტომ რომ არ ვნებდები, ცხოველებს ვეხმარები, რომ ყველას მიმართ კეთილი ვარ და ძალიან ძლიერი ნებისყოფა მაქვს.
საინტერესოა ისევ ეგრე მეტყოდნენ რომ იცოდნენ იმის შესახებ რომ ყოველ დილით უმ ხორცს ვჭამ, ჩემი მეზობლის ბოსტანში სპეციალურად ვასხამ შხამიან ნივთიერებებს რომ წამებით მოკვდეს როგორც მისი ძაღლი მოკლა ცოტა ხნის წინად, ვერ ვიტან მტვრის გადაწმენდას და დაგროვილ მტვერს ქილებში ვაგროვებ შემდეგ კი მზეზე ვდგამ- სესილიმ მითხრა რომ ჯობია ამ ყველაფერზე არავის არაფერი არ მოვუყვე, მეც ჩვეულებრივ ვუჯერებ, მას უკეთ ესმის გარშემომყოფების.
სესილი რომ არა ალბათ აქამდე კიდევ ბევრ ხათაბალაში გავეხვეოდი ამ უცნაური ადამიანების გარემოცვის გამო.
ძალიან მიკვირს რატომ ჰბაძავენ ერთმანეთს მიუხედავად იმისა მოსწონთ თუ არა ის რასაც აკეთებენ?
დიდად არ ვწუხვარ მათი რომ არ მესმის მაგრამ მეშინია რომ ისევ სადღაც ოთხ კედელს შუა გამომამწყვდევენ მათი წესებით თუ არ ვითამაშე, მე კი სესილისგან მოშორებით ცხოვრება არ მინდა, ის ერთადერთი გასაგები რამ არის ჩემთვის ამ გარემოში.
2 Comments
tsudi ---- is rats ar mogtsons shen ro giketeben... an dzagls rom klaven,, ar gaaketo da ar gauketo sxvas..
ReplyDeletekargi --- is ras gsiaovnebs....
da saertod.... chemi azrit .... sanam adamians raimes gauketeb kitxo ... unda tu ara es mas....
sadgats.... adaianebis chama migebulia (kanobalizi) isini tsudebi arian???? chemi azrit ara!!!
da shen mogtsons rom sesili ar gtuqsavs ar gastsavlis chkuas.. da shen ratomga uyri satsamavs bostanshi vigatsas????
ar gachnda pirvelad - kvertsxi tu qatai??? :D :D
ძალიან ძალიან კარგი პოსტია და აუცილებლად დავწერ საპასუხოს, დამაფიქრა და რაღაც აზრები გამიჩინა. ბავშვების აღზრდაზე კარგად დასაფიქრებელი პოსტია. ჩორვენ, შე ჭკვიანო!
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!