სახლი საიდანაც არავინ მიდის

ეს ჩემი სახლია კიკეთის ტყეში. უფრო სწორად ჩვენი სახლია, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო რომ იდეა თავიდან ბოლომდე მე მეკუთვნის და მაცხოვრებლებიც თვითონ შევარჩიე ძალიან მკაცრი მახასიათებლების მიხედვით, თუმცა ძირითადი კრიტერიუმი ერთია - ნორმალური აქ არავინ გვყავს.

არ იფიქრო რომ ფსიქიატრიული კლინიკაა, არა, ჩვეულებრივი დიდი სახლია სადაც ერთმანეთისთვის არამონათესავე ადამიანები ვცხოვრობთ. ძალიან უცნაურია აქ როგორ მოგვაგენი, თუმცა რადგან უკვე აქ ხარ ნელა ნელა ვეცდები მოგიყვე მთელი ისტორია და გაგაცნო აქაური მაცხოვრებლები.

სახლი ძალიან ძველია და ასე სულაც არ გამოიყურებოდა თავიდან. პატარა "ხუხულა" იდგა როდესაც მე ის ვიყიდე, თუმცა შემდეგ ავაშენე, მივამატე, დავამაგრე და ასეთი ლამაზი და ცოტა ძველებური რამე გამოვიდა.

მთავარი იდეა ის მქონდა, რომ ბევრი ოთახები ყოფილიყო, რომელიც საცხოვრებლად გამოდგება, კიდევ სივრცე ყოფილიყო დიდი, რომ შიგნით სხვადასხვა სახის მისაღები ოთახები და დარბაზები გაგვეკეთებინა. მართალია ეზო არც ისე დიდი დარჩა, მაგრამ მაინც ძალიან გამოსადეგარია ბევრი რამისთვის. ჰამაკები, პატარა ტერარიუმი და ყვავილების ადგილი მაინც დაგვრჩა, ახლა აუზზე ვფიქრობთ, თუმცა ჯერ გაკეთებამდე საქმე არ მისულა, თანაც ვინმე თუ დაიხრჩო შიგნით - გვამის დასამარხი ადგილიც არ გვაქვს და ამაზეც ვფიქრობთ.


სახლში სულ 28-ნი ვცხოვრობთ. მერე ჩამოგითვლი ვინ ვინაა და როგორია.
გვაქვს დიდი სარდაფი და დიდი სხვენი. კიდევ ერთი დარბაზიც გვაქვს პირველ სართულზე სადაც სხვადასხვა არანორმალურობებს ვიგონებთ და ვატარებთ.
ეზოში ორი გალია რომაა იქ ერთში ჩვენი ხუჭუჭა მეგობარი ცხოვრობს, ნორმალური ჰგონია თავი და ამიტომ იზოლირებულია სანამ არ აღიარებს რომ ცდება. სტაფილოებს ვაჭმევთ და მოფერებით ჯონის ვეძახით. ცოტა აგრესიულია, არ უნდა იმ გალიაში ჯდომა, მაგრამ არაფერს ვაკლებთ და კარგად ვუვლით.

ეზოს დიდი ჭიშკარი იმისთვის აქვს, რომ ყველა დეგენერატმა ვერ შემოაღწიოს თორემ მოდიან ხოლმე ვიღაც ცნობისმოყვარე "წესიერი" ახალგაზრდები და გვეშარებიან, აგრესია მაგრად გვკიდია და გვეზარება ხოლმე მოგერიება, ამიტომ ჯობია საერთოდ ვერ მოგვიახლოვდნენ.

იმისათვის რომ სახლში მოხვდე ჩვენი მაცხოვრებლების ცოცხალი კორიდორის გავლა მოგიწევს. რას მოიმოქმედებენ ისინი (სანამ გაივლი) არავინ იცის, მაგრამ თუ მზად არ ხარ ნებისმიერი სახის (ისეთიც კი რომ გგონია თავში არავის მოუვაო) გამოხტომისთვის, ჯობია სახლში არ შემოხვიდე.

აგერ სახლიდან რომ შიშველი გამოვარდა ეგ ნანუკაა, ექსჰიბიციონიზმის აქამდე უცნობი ფორმა აქვს, იხდის მაგრამ ყველგან არა, თუმცა თუ იხდის ბოლომდეც არა. ასე უცებ მოუვლის ხოლმე თავში და დატლიკინობს შიშველი, ძირითადად თავისთვისაა და ცეკვავს, ა კიდევ კითხულობს და ინტელექტუალობასაც იბრალებს - თუმცა ეგ ძალიან სადაო საკითხია. ისე კი სულელს ნამდვილად ვერ უწოდებ.

აი იქ მესამე სართულის ფანჯარაში თმიანი ტორსი რომ ჩანს ნამდვილია, ხელებიც აქვს და ფეხებიც, თავიც სხვათაშორის. სახლს რომ ვაშენებდი დამავიწყდა ყველა მაცხოვრებლის გაბარიტი გამეთვალისწინებინა, ამიტომ ვერ ეტევა ფანჯარაში. 
ერთი სათნო იურისტია, თუმცა თავში რა უტრიალებს დღემდე არ ვიცი და მგონი არც არავინ არ იცის, არც ერთმა ქალმა რომელიც მასთან ერთად ყოფილა ან არის. ა, აი ფეხის ნაწილი მის ტორსზე მისი ბოლო ქალია, ცოტა თავქარიანია მაგრამ მხიარული, შიგადაშიგ ისეთ ხუმრობებს "აძრობს" რომ თვითონაც არ ეცინება.  პროფესია რა აქვს კაცმა არ იცის მაგრამ ერთად კი გვიმუშავია.

მაგათ გვერდზე ოთახში, სადაც შავი ფარდები კიდია და ჩონჩხის თავებია მიხატული ფანჯრის ჩარჩოებზე, ცოტა არაჯანმრთელი ცოლქმარი ცხოვრობს. ქმარი კოპროფილია და კიდევ მგონი ნეკროფილიც, მაგრამ არ გაუმართლა და ძალიან ჯანმრთელი ცოლი ჰყავს, არაფრით არ უნდა სიკვდილი მიუხედავად იმისა რომ ხან ხმა ეკარგება და ხან სიცხისგან ბოდავს. ჰო ცოლიც ეგეთია ისე რომ ვთქვათ, ახირებული, ჯიუტი, მამაკაცური , კარგი მსმელი და დამრტყმელი. კაი ტანზე კი დგას მაგას ვერ დავუკარგავთ, ისეთი ტრაკი აქვს დერეფანში თუ ვინმე შეხვდა აუცილებლად ხელს შემოარტყამენ ხოლმე. მე მგონი უკვე ბავშვის გაკეთებაზეც ფიქრობენ და ღმერთმა (ნუ, ან სატანამ) უწყის რა დაიბადება.



დღეს სტუმრებს არ ველოდებოდით, ამიტომ ჩვენი ცოცხალი კორიდორის გარეშე შემოხვალ სახლში, თუმცა ყველაფერს ვერ განახებ, მაგრამ ძირითად წარმოდგენას შეგიქმნი რა ხდება.

აგერ პირველი სართული. მარცხნივ სამზარეულოა. რა გაცინებს შენი აზრით ამდენ ხალხს ერთი მაცივარი ეყოფოდა?? ამიტომ დგას ორი უზარმაზარი და ერთი საშუალო მაცივარი, რომელშიც სასმელი ინახება. სამზარეულოს გვერდით ოთახში შესვლას არც გირჩევ, იქ სამრეცხაოა - დღემდე აუხსნელი და უცხო წარმოშობის არსებებითაა დასახლებული, ჩვენც ნაჯახით შევდივართ, სასწრაფოდ ვყრით სარეცხს მანქანაში და უკან გამოვრბივართ.

ჰოლში ბუხარი და პუფები ძირითადად სტუმრების მისაღებადაა განკუთვნილი, აქ იშვიათად ვზივართ ჩვენ თვითონ, თუმცა ლალის და რეზოს უყვართ ხოლმე ჩამოსხდომა და წითელი ღვინის წრუპვით ფრიად ინტელექტუალურ საუბრებს მართავენ, თუმცა ბოლოს მაინც ან თამაშებზე მიდიან ან რაღაც მსგავს არასერიოზულ თემაზე. მოკლედ ძირიათად მაგათ აქვთ აქაურობა ოკუპირებული.



აგერ მარჯვნივ ზუსტად ის დარბაზია რომელზეც გეუბნებოდი. მშვენიერი ხმის სისტემა დგას, ავეჯიც სპეციალურად ისეა მოფიქრებული, რომ ხან აკეცილი იყოს ხან ჩამოკეცილი და ბევრი ადგილი არ დაიკავოს.
იქ კედელზე რა არის და ალბათ ერეკლეს სისხლია ბოლოს ლალიმ რომ იატაკის ჯოხით მაგრად ცემა იმ დროიდან შემორჩენილი. ხო, რა მოხდა აქ ეგეთი გაჭედვები ისეთი ჩვეული ამბავია როგორც მთვრალზე რწევა.

ერეკლე დეპრესიული და თავის თავში ჩაკეტილი ტიპია რომელსაც მისი GF უძლებს მხოლოდ, თუმცა ყრუ არაა და ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი ფენომენია, მაგრამ მე რა.
ხო, ხო აი ის კაფანდარა გოგო დერეფანში რომ დაფარფატებს მაგის გოგოა. არა კაცო, მთვრალი კი არაა უბრალოდ ღრიჭოებიდან უბერავს მაგრად და ესეც თავს ვერ იკავებს ისეთ მსუბუქია, ხოდა დადის ასე კედლიდან კედლამდე ხეთქებით.

აი იქ დარბაზის ბოლოს, ტუჩები რომ არის კედელზე ლაშასია. გიჟდება ისე უყვარს გოგოების კოლგოტების ამოცმა და მერე დაფარფატებს - ფერია ჰგონია თავი. მას უფლება აქვს ნებისმიერი მდედრის ოთახში შევიდეს და აიღოს სხვადასხვა ქალური ნივთები, ნუ გარდა ლელას ოთახისა - იქ ასეთი არაფერი არაა.
ხოდა დადის ლაშაც და ხან რას წააწიალებს ხან რას, ბოლოს რომ გადაიცვა მაგ დროინდელია ეგ ტუჩები, არ მახსოვს შალვამ რა ამოგვიგზავნა სარდაფიდან, მაგრამ ყველა მაგრად კი გავგიჟიდით. დათუნა სხვენის დიდ კარადაში ჭიკარტებით დამაგრებული ვიპოვნეთ, პირში ბოლოკი ჰქონდა გაკეთებული და აჯიკა წასმული - ალბათ მისი კულინარული ნიჭისა და წარმომავლობის პაროდია იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ავტორი ვერ გავაკრვიეთ.



შალვა ვინაა?? ჰოო, შალვა ჩვენი განსაკუთრებული მაცხოვრებელი და მეგობარია. მიდრეკილება აქვს ნარკოტიკული საშუალებებისკენ და ძირითადად მათი შექმნისკენ. მთელი დღე სარდაფის ლაბორატორიაშია და რაღაცეებს აკეთებს. ამასწინად ისეთი აფეთქება მოაწყო სამი დღე სწორ ხაზზე ვერც ერთი ვერ დავდიოდით, თვითონ გადარჩა უბრალოდ წინა სამი კბილი აკლია ახლა და ფეხზე ორი თითი აქვს მაგარი დამწვარი. ხოდა შალვას ახალ-ახალ აღმოჩენებს ჩვენ ვტესტავთ, მერე კი ფულის წყაროდ ვაქცევთ ხოლმე, თუ კარგი გამოდგა.

ა, აი გესმის?? ჰო ეგ  ლუკაა, ასე აუდგება და ღრიალებს ათას უწმაწურობას, ცოტა ნასვამი თუა მაშინ საერთოდ ისეთი სიტყვები ახსენდება არც ერთმა რომ არ ვიცით. ამ ყველაფერს მისი იუმორის გრძნობის გამო ვიტანთ, თუმცა რაც გათხოვდა ცოტა ჭკუაში ჩავარდა, ცოტა მეთქი კაცო.

ფანჯარაში გახედე ერთი იმას, საბურავწამოცმული იარაღით რომ დარბის ეგ ლადოა. მისი ორი სიყვარული და ბოლო ჰობია ორივე, ხოდა დრო არასოდეს არ ჰყოფნის, რომ ერთად მიხედოს ორივეს აი ზუსტად ამიტომ გამოიყურება ახლა ასე უცნაურად. ყოველთვის ცდილობს ყველაფერი მოაsწროს და ძალიან უნდა რომ ეს კარგად გამოუვიდეს, თუმცა ტვინის ჭამისა და უცნაური იდეების ფრქვევის გარდა ჯერ მხოლოდ ბავშვის გაკეთება გამოუვიდა კარგად. ველოდებით იქნებ რამე ახალი დაამუღამოს და გამოდგეს. ასე შეუძლია ნახევარი დღე ირბინოს ხან იარაღი იქნიოს და ხან მანქანის ჭანჭიკებს უჩხიკინოს და თუმცა ეს უკანასკნელი არ ესმის, მაინც არ ნებდება.



აგერ მესამე სართულზეც ამოვედით, აქ საცხოვრებელი ოთახების გარდა ბიბლიოთეკის მაგვარი რაღაცაც გვაქვს. ნუ წიგნები, რამდენიმე მონგრეული ნოუთბუქი და მსგავსი ხლამია შეყრილი. თუ ვინმეს რამე პროექტი აქვს ან უბრალოდ ახალი ინფორმაციის მიღება უნდა და ამ დროს ოთახში ჯდომა მობეზრდა აქ შემოდის. ძირითადად აქ აკაკი ჩხირკედელაობს. ან ფოტოსესიებს აწყობს - ეს ხლამი კი მშვენიერ დეკორაციებად ადგება, ან რაღაც ელექტრომოწყობილობებს უჩხიკინებს. ამასწინად მოკლე ჩართვა მოახდინა ორი დღე სანთლის შუქზე ვცხოვრობდით და ცივ საჭმელს ვჭამდით, მაგრამ კარგი მიგნებებიც აქვს შიგადაშიგ, თანაც გიტარაზე უკრავს კარგად, ამიტომაც ცხოვრობს აქ.

მეოთხე სართული მთლიანად გასართობადაა ქცეული. მარჯვნივ ოთახში დიდი მაგიდები დგას რუსული ბილიარდისა და პულისთვის, წამო შევიხედოთ აუცილებლად იქ დაგვხვდება ჩვენი სახლის ნახევარი სასტავი.
მართალი აღმოვჩნდი - აი ის მაღალი და ცოტა უცნაურად ჩაცმული შოთაა. ამ ბოლო დროს დაამუღამა უცნაური ელქტრიკი ფერები და ვერაფრით გადავაფიქრებინეთ. ტრუსებიც კი მყვირალა ვარდისფერი აცვია. ამაყი დადის და ახალ ახალ შენაძენებს გვიმარიაჟებს.



კუთხეში რომ სანდომიანი და სათნო გარეგნობის ტიპია - მაგაზეა ნათქვამი "Внешность обманчива". ლოთია უბრალოდ ამას არ აღიარებს, მისი ღვიძლის არსებობა დღემდე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ისე ეგ რომ არა შავი იუმორის მარგალიტებით და იშვიათი ეპითეტებით ვინ მოგვამარაგებდა არ ვიცი. მე მგონი თუკი რამე "ფილია" არსებობს ყველა აქვს.
მის გვერდით სათვალიანი გოგო როა ეგ ისეთია კაცებს ერთ დარტყმაში აწვენს. არა სულაც არაა ბოქსიორი, უბრალოდ კარგი წვრთნა აქვს გავლილი და მააგარი "ყვერებიანია", მაგრამ ისე ძალიან თბილი ტიპია, განსაკუთრებით კარგად ნანუკას ეგ უგებს. ისე კიდევ კარგი აქ არავის გვირტყამს თორე ამდენ გვამს ვერსად დავმალავდით, ტანაც ძალიან ცოტა დავრჩებოდით.

ვაჰ, სოფოს კაკანიც ისმის საიდანღაც. ეგ რომ სიცილს იწყებს დამთავრებული ამბავია ყველა წყვეტს ნებისმიერ საქმიანობას და... აჰა აგერ შენც ჩაბჟირდი. ძალიან სათნოა და წითელ თმაზე გიჟდება ოღონდ არ იცის რომ წითელად აქვს შეღებილი, ცოტა უჭირს ფერების ამბავში. ეგ აქ სულ შემთხვევით მოხვდა - მისი შეჭმა მინდა ჩემს გემოზე ვზრდი,რომ გემო არ დაკარგოს და სულ მალე ალბათ გემრიელ სადილსაც გავამზადებთ.

წამოდი გვერდითა საძონძაო ოთახშიც შევიხედოთ, ისე მანამდე გეტყვი, რომ აგერ "სტოიკაზე" რომ მოკლე ქვედაბოლოში ცეკვავს ეგ ნიაა. წესად აქვს კვირაში ერთხელ მაგრად უნდა დალიოს და მერე იცეკვოს სანამ ორივე ფეხი არ მოეკვეთება. ძირითადად სამზარეულოში მენიუს ეგ ადგენს ხოლმე, ევასება უცნაური რეცეპტების დატესტვა. სოციოფობია და ზოგჯერ ჩვენც არ გვენახვება ხოლმე, თუმცა ეგ დიდად არ გვაწუხებს, სხვამხრივ უწყინარია ძალიან.

ოხ აქ პოკერის საღამო გაუმართავთ. რა გაცხარებულები თამაშობენ.
აი ის სათნო სახიანი (პანდას რომ ჰგავს რაღაცით) ვახოა. ცოტა ისტერიჩკაა, წაუქერავებს ხოლმე. ძირითადად მშვიდია და შეიძლება ვერაფერში აიყოლიო ისეთი ზანტია. უმეტესად ჯუჯღუნებს და იზლაზნება, მაგრამ დალევაზე უარს არ ამბობს.
ხო აქ ლოთები ბევრია.



გვერდით რომ უზის ის დევია. არა ხო "ვიდზე" სახელისა არაფერი ეტყობა, როგორია არც კი ვიცი. უფრო სწორად ძალიან რთულია მისი დახასიათება. აფერისტი, ჭკვიანი და ძალიან აუღელვებელია. ისე ეგეც კაი ლოთია. ძირითადად არაფერს ამბობს, თავისთვის ფიქრობს ხოლმე და მერე გულიანად იცინის, მისი საუბრის გაგება თავიდან ისე მიჭირდა ყურები მაჭკნებოდა ზედ, ახლა მივეჩვიე თუმცა ზოგჯერ მაინც "ვმაზავ" რას ამბობს.

აგერ პუფში რომ სხედან ეგ ნატო და მისი ქმარი არიან. ეჰ ნატო ისეთი მხიარული და  ფართი გოგო იყო სანამ გათხოვდებოდა, ახლა მას "ჭეშმარიტება" ეწვია და ისეთი გიჟი აღარ არის, მეტიც ოჯახის ქალია. მართალია მისი გათხოვება ვერავის წარმოგვედგინა მაგრამ ადამიანები სავსე არიან სიურპრიზებით. ისე სადმე კარგად დამაგრებული ქრომირებული ბოძი თუ დაინახა თავს მაინც ვერ იკავებს, ეცემა ხოლმე და გახდას იწყებს, მაგრამ ამასაც უკვე ძალიან იშვიათად აკეთებს.

ის ბევრს რომ წიკვინებს სოსიკოა, პოკერის თავგადაკლული მოთამაშე და ყველაზე უცნაური საფულის მფლობელია. არა მაგას ვერ მოგიყვები ეგ როდისმე შენ თვითონ უნდა ნახო.

მის გვერდით მაიკოა, ოოო ერთ - ერთი ყველაზე ქვეშქვეშა და ჩუმჩუმელა მდედრია. "იეი პალეც ვ როტ ნე კლაძი". მხიარულია და დალევაც უყვარს. სანამ აქ გადმოვიდოდით მის საახლში ვგიჟობდით ხოლმე ძალიან ხშირად, მერე კი იქიდან გამოგვყარეს, ნამეტანი მოგვივიდა.

ის ბოლოს ცოტა მანიაკალური მზერით რომ იყურება საბაა. ძალიან უცნაური ისტორია აქვს. ცოტათი მკვდარიც იყო მაგრამ დაბრუნდა. ძალიან უცნაური საუბარი აქვს და ზოგჯერ უკნიდან წინ ფიქრობ - ისეთ რამეებს დებს ხოლმე.

ისე რა საინტერესოა კაცო ლევანს ვერ ვხედავ, ალბათ ისევ ვიღაცას ნერვები მოუშალა და ალიკაპამოდებული სარდაფში - სათავსოში ჩააგდეს.
ა, უი მე თვითოვ ვქენი ეგ და უკვე მეორე დღეა არც გამხსენებია. რატომ?? იმიტომ რომ პირველი 15 წუთის მერე ისეთი აუტანელია რომ მზად ვარ ბლაგვი ბრიტვით გამოვჭრა ყელი და სადმე ჩავაბეტონო, მაგრამ მაგას ალბათ ჯერ არ გავაკეთებ.



ჰო სულ ესაა ამ მომენტისთვის მეტი არ ვართ, თუმცა ეჭვი მაქვს კიდევ დაგვემატებიან უახლოეს მომავალში.

კიბეზე ჩასვლისას, როცა სტუმარს ვაცილებდი ნანუკაც შემოგვეჩეხა, ამჯერად ჩაცმული იყო და რაღაც უცნაურ სუვენირებს მიატორღიარელებდა კიბეზე. მე მგონი მისი ჩაციკვლა სერიალებზე იქამდე მიიყვანს რომ ოთახში მისი ადგილი აღარ დარჩება.

ჭიშკარი შიგნიდან ჩავკეტე და გაღიმებულმა გავხედე სახლს, კიდევ კარგი საღამოს არ მოვიდა სტუმარი თორემ აქ რასაც ნახავდა ამის გამო აუცილებლად დაგვჭირდებოდა მისი მოშორება და გვამების დასამარხად ადგილი მართლა არ გვაქვს, ამაზე აუცილებლად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში.


Post a Comment

3 Comments

  1. Anonymous1:18 PM

    წავედი ოცნებებში :/ ისეთი გრძნობა მაქვს რომ სამსახურიდან სახლსი ერთად უნდა წავიდეთ ;დდდდდ <3

    ReplyDelete
  2. Anonymous2:05 PM

    http://www.youtube.com/watch?v=ULjNjzY7Ei0

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!