თევზი ვიტრინაში

როდისმე გიფიქრიათ იმაზე, რომ თევზივით ცხოვრობდეთ?? ვიტრინის მიღმა თქვენს სამყაროში, გარშემო კი ვიღაცეების ცხოვრება დუღდეს??

ძალიან უცნაურია როდესაც აკვირდები ვიღაცას ისე, რომ არც ხმა გესმის და ვერც რამე ხელმოსაჭიდს იღებ, მხოლოდ ვარაუდები და წარმოდგენები გრჩება.

გუშინ ვიდექი დიდ ვიტრინასთან, რომლის უკანაც მშვენიერი პატარა კაფე იყო და ვფიქრობდი.

ერთ მაგიდაზე მოხუცი კაცი და ორი ბავშვი იჯდა, ბავშვები ხტუნავდნენ ადგილზე, ზედ იქცევდნენ მენიუს ნახევარს - მოხუცი კიდევ ძალიან გაღიმებული ეუბნებოდა რაღაცას.
ინტერესისგან კინაღამ შევქანდი და მათ მაგიდას მივუჯექი, ძალიან უცნაური იყო ცეტ ბავშვებს რა მშვიდად (ასე ჩანდა ვიტრინიდან) და ღიმილით ესაუბრებოდა მოხუცი.

იქვე გვერდით მაგიდასთან ორი გოგო იჯდა ისეთ დაძაბული სახეები ჰქონდათ იფიქრებდი რომელიღაცას აბორტის გაკეთება უწევსო, არადა იქნებ სულაც არ იყო მასე და მხოლოდ რაღაც გადაწყვეტილებაზე ბჭობდნენ, ან სულაც მესამე მეგობარი მოიქცა ცუდად და მისთვის სასჯელს იგონებდნენ. 
ძალიან რთულია შუშისმიღმა სამყაროში მომხდარი ამბების შესახებ სწორი წარმოდგენა შეიქმნა.


კაფეს ბოლოში მენეჯერი და მიმტანი ჩანდნენ, ისე საყვარლად და ნაზად უყურებდნენ ერთმანეთს, რომ ერთადერთი აზრი რომელმაც გამიელვა მათ სიყვარულზე, ნუ ან ურთიერთ თბილ გრძნობებზე იყო. თუმცა იქნებ ამ შემთხვევაშიც სულ სხვა იყო მიზეზი და ისინი და - ძმა ან სულაც კარგი მეგობრები იყვნენ რომლებსაც ერთად მუშაობა მოუწიათ??

ზუსტად 15 წუთი მეყო იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი - აკვარიუმში ცხოვრება ჩემი საქმე არაა.
 მე მინდა ჩართული ვიყო მთელი სამყაროს ამბებში, მინდა ვიცოდეს ვის რა სტკივა და აწუხებს, რატომ ესაუბრებიან მოუსვენარ ბავშვებს გაღიმებული მოხუცები, რა კავშირი შეიძლება იყოს უფროსსა და დაქვემდებარებულს შორის.

შესაძლოა ვიტრინის მეორე მხარეს არც ერთი ჩემს მიერ ჩამოყალიბებული სცენარი არ ვითარდებოდა და ეს მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან ჩანდა ასე, იქნებ მხოლოდ ამაზე მეყო ფანტაზია.


ვინ იცის, თუმცა გირჩევთ ნუ იქნებით ვიტრინის მეორე მხარეს მდუმარე დამკვირვებელი, ჩაებით ნებისმიერ ვნებათაღელვაში თავით და იგრძენით გარემო მთელი სიმძაფრით.

Post a Comment

0 Comments