თუშეთი - სამდღიანი მოგზაურობა ზღაპარში

ბოდიალი რომ ძალიან მიყვარს ეს ისედაც გასაგებია ბლოგიდან, ხოდა მეორე წელია მე და ბაკოს (ჩემს მეგობარს) თუშეთის მონახულება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ შარშან ისე გამოვიდა, რომ სეზონის ბოლომდე ვერაფრით ავეწყვეთ, ხოლო წელს უსიკვდილოდ უნდა გაგვეხორციელებინა ეს გეგმა.

აგვისტოს დასაწყისიდან ვგეგმეთ, ვგეგმეთ და წასვლა მხოლოდ 23 რიცხვში, ძალიან სპონტანურად ჯიპ-ტურის საშუალებით მოვახერხეთ.


საქართველოს მთიანი ნაწილი ასეთი თანმიმდევრობით ნანახი  გამომივიდა - ხევსურეთი, შემდეგ სვანეთი და ბოლო იყო თუშეთი - გეტყვით, რომ ჩემი აზრით ზუსტად რომ სწორი თანმიმდევრობაა ეს, რადგან თუშეთის მერე შთაბეჭდილებას ვერც ერთი რეგიონი ვეღარ მოახდენს ალბათ (მართალია სამეგრელოს ნაწილი ჯერ არ მინახავს მაგრამ მაინც ასე მგონია)

მოკლედ აგვისტოს ბოლოს გავემართეთ თუშეთისკენ. 

ძალიან უცნაური კამპანია შეგვხვდა მანქანაში, თუმცა ცუდს ვერაფერს ვიტყვი ვერავიზე - მძღოლიც კი ჭეშმარიტი თუში იყო, მთელი გზა უტყვად იჯდა და მხოლოდ გვეღადავებოდა შიგადაშიგ.

ვერ აგიღწერთ როგორი შეგრძნება იყო როდესაც აბანოს უღელტეხილზე ბურუსში მივდიოდით, შემდეგ პირველი სოფელი (რომლის სახელიც არ მახსოვს) დავინახეთ და შემდეგ უკვე თუშეთის ცენტრში - ომალოში ამოვყავით თავი.

პირველი თუშური თავგადასავალი 23-ე კილომეტრძე გადავხდა როდესაც საპირისპირო მხრიდან კამაზი მოდიოდა და უკუსვლით მოგვიწია საკმაოდ დიდი მონაკვეთის გავლა რომ მანქანები ერთმანეთს აცდენონდნენ.
ამასთანავე 40 კილომეტრის განმავლობაში 22 მოსაგონარი დაფა დავითვალეთ - ეს იმ ადამიანებს გაუკეთეს ვინც ამ გზიდან გადაიჩეხა და დაიღუპა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით.


ბუნებას რაც შეეხება - ასეთი მშვიდი და უხვსიმწვანიანი ადგილი ბევრი არ მეგულება. ულამაზესია წიწვოვანი ტყეები, უუზარმაზარი ხევები, რომლის ძირიც არ ჩანს და ის შენობა- ნაგებობები, რომელიც ტრადიციული თუშური წესით არის აშენებული.

მოვინახულეთ თითქმის მთელი თუშეთი (წოვა თუშეთის ნაწილის გარდა), ძალიან მეგობრული და გულღია ხალხია, მთის ხალხისათვის უცნაურად გულღიაც კი.

მასპინძელი შენაქოში (Guest House Old Tusheti) უკეთილესი და ძალიან გენიალური ადამიანი იყო. 


ბატონი ელდარი გვიმასპინძლდებოდა ტრადიციული თუშური კერძებით, საღამოობით მის მიერ ზამთარში (როდესაც მარტო რჩება სოფელში) დაწერილი სიმღერებითა და ლექსებით გვანებივრებდა. 
გვეძინა უსაყვარლეს ოთახებში სადაც ისეთი თბილი საბნები დაგვხვდა, რომ კინაღამ მოვიხარშე მიუხედავად ღია ფანჯრის და საკმაოდ დაბალი ტემპერატურისა.

რა თქმა უნდა კოტორი, ხავიწი და თუშური ხინკალი პირველი იყო რაც გავსინჯეთ, ამასთანავე ხმელ კალტითაც გავიმასპინძლდნენ (რომელიც ლუდს უზომოდ უხდება)

მოკლედ გეტყვით, რომ თუშეთში თავი ისე ვიგრძენი როგორც სახლში და ვფიქრობ როდისმე თუშური სოფლის სრულუფლებიანი მაცოხვრებელიც გავხდები თუმცა იქამდე ბევრი გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და თუშებისთვის თავი მოსაწონებელი - როგორც აღმოჩნდა სოფელი ახალი მაცხოვრებლის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას არც ისე ადვილად იღებს.


თუშეთი უნდა ნახოთ და ნახოთ არა ჩარბენით, არამედ საფუძვლიანად და მშვიდად, ვფიქრობ შემდეგ წელს უფრო დიდი ხნით დავბრუნდები იქ და კიდევ უფრო უკეთ მოვინახულებ ყველა კუთხე-კუნჭულს, ბატონ ელდარსაც აუცილებლად ვეწვევი.

თუშეთი ის ადგილია სადაც ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე შეგიძლია თავი მშვიდად იგრძნო და არ იდარდო არაფერზე ამქვეყნად.

პ.ს საკუთარი მანქანით წასვლა შესაძლებელია, თუმცა გზა დამღლელი და საკმაოდ რთულია. 

პ.პ.ს დასარჩენი თითქმის ყველა სოფელშია (Guest House-ბი) და მდინარის პირას ბანაკის გაშლაც ძალიან ადვილად შეიძლება.

პ.პ.პ.ს უკეთესი იქნება თუ თან თუში გეხლდებათ, უფრო მეტ საინტერესოს გაიგებთ ვიდრე თქვენს ნებაზე რომ იბოდიალოთ.

პ.პ.პ.პ.ს
თუშეთში დასალევი აუცილებელი სადღეგრძელოებია:

მთა-ბარის სალოცავების
სადიდებელი

მთა-ბარის სალოცავების დიდება იყოს!
ხელ მოგვიმართონ,
ჭერ აგვიმაღლონ,
მტერ დაგვიმარცხონ,
მოკეთე გაგვიხარონ,
შეგვეწიონ:
ორფეხში,
ოთხფეხში,
ნაწველში,
ნადღვებში,
გვაშორონ:
ავსა,
ბოროტსა,
ადიდებულ წყალსა,
აგორებულ ქვასა,
აზვავებულ ზვავსა,
მაქც-ფათერაკსა.
გადმოგვხედონ და გვიწინამძღვრონ.
სადიდებელ ჩვენ იყოს,
სამწყალობელ იმათი!


ცოდვილა-უპატრონოთა (წასულების სადღეგრძელოა)

ცოდვილა-უპატრონოთ შენდობა იყოს _
ვისაც რო მომგონებელ,
ჭიქის წამქცევ არ დარსჩ,
შინმძახეგაწყვეტილებისა,
ქვაყორეჩანგრეულთა,
ჭინჭარამოსულებისა,
ვინც ჩვენ სუფრას შემოხედავდეს,
ყველათ მისავალ მიუვიდეს,
ნურას დაგვემდურებიან.

Post a Comment

3 Comments

  1. ცოდვილა-უპატრონოებისა წასულების არაა,რამდენადაც მე ვიცი, იმათია, ვინც უშვილძიროდ გადაშენდა და შენდობის მთქმელი არ ყავს და უკიდეგანოდ სევდიანია ეგ სადღეგრძელო :(

    http://bunbunlandia.wordpress.com/2012/07/02/cupofcoffee/

    ReplyDelete
  2. რა ლამაზია საქართველოს მთიანეთი, დასავლეთი გინდა, თუ აღმოსავლეთი.

    ხინკალი, ოჰ! თუშური არ გამისინჯავს, მაგრამ წარმომიდგენია, როგორი უნდა იყოს.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!