არ დაივიწყო, არ უღალატო, არ შეიცვალო!

იცით როგორი ისტორია მინდა მოგიყვეთ, ალბათ ადამიანების უმეტესობას რომ გამოცდილი აქვს და ჩემნაირად ეტკინა...
***

მაშინ თბილისში, კიკვიძის ბაღს ჩეხავდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ამ ვანდალიზმის წინააღმდეგ. 
ხალხი ბაღში შეიკრიბა და აპროტესტებდა მწვანე ადგილების ასე უღმერთოდ ჩეხვას, მით უმეტეს ეს ბაღი მართლაც მშვენიერია (თუ არ ჩავთვლით საღამოს საათებში იქ მობოდიალე სუბიექტებს)


მეც იქ ვიყავი, მაშინ პირველად იყო, რომ ასეთ თემაზე გამართულ საპროტესტო ღონისძიებაში, გინდაც აქცია უწოდეთ, მონაწილეობა მივიღე.

მთელი დღის განმავლობაში ხალხი მიდი-მოდიოდა, ტელევიზიები მორბოდნენ და მირბოდნენ. 
ჩვენი საპროტესტო პუნქტი თითქმის არავის დაუტოვებია.
მშიოდა და მწყუროდა კიდეც, თუმცა ადგილიდან ფეხის მოცვლა არ მინდოდა.

ზუსტად ამ განცდებში რომ ვიყავი ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და წყლის, ყინულივით ცივი ბოთლი გამომიწოდა.
ისე დავიბენი მადლობაც ვერ გადავუხადე, თუმცა წყალი თქრიალით ჩავუშვი მუცელში. სასწაული შვება ვიგრძენი.

იმ დღეს ის ბიჭი სულ ჩემს გვერდით იყო როგორღაც, ხან რაზე ვლაპარაკობდით ხან რაზე.
აღმოჩნდა რომ გარემოს დაცვაში დიდი ხანია მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ხერხებით. საინტერესო ისტორიებს მიყვებოდა და მთელი დღე არც დაღლა მიგრძვნია და არც  მოწყენა.

ამ დღეს ბედნიერად დავემშვიდობეთ ერთმანეთს (თუმცა დიდად სასურველი მიზნის მიღწევით ვერ დავიკვეხნიდით იქ მყოფები) და იმედი გვქონდა, რომ ასეთ ადგილებში არ შევხვდებოდით და მეტად არავინ დააზიანებდა ქალაქში სკვერებს ან ბუნების სხვა ლამაზ ქმნილებებს.

****
არ ვიცი გახსოვთ თუ არა ძველ იპოდრომზე რომ გზის გაყვანა დაიწყეს რა ამბები იყო.
იქაც ბევრი ხალხი მოგროვდა (ბევრი ცოტა ფარდობითი ცნებაა, მაგრამ მაინც)

რა თქმა უნდა მეც იქ დავერჭვე. მიუხედავად იმისა, რომ იპოდრომზე არც ვსეირნობდი და არც ძალიან მიყვარდა ეგ ადგილი, მაინც ვთვლიდი, რომ ამხელა მწვანე ტერიტორია ქალაქის ცენტრში ცუდი არ იყო და არ უნდა დაეცემენტ-ასფალტებინათ.

შუა დღეს, როდესაც  მზე უღმერთოდ აჭერდა და ყველა რაღაცას იყო შეფარებული, მხარზე მსუბუქი დარტყმა ვიგრძენი.

-შოთაა - გულწრფელად გამიხარდა, გადავკოცნე
-დარწმუნებული ვარ წყალი ისევ არ გაქვს - დიდი ბოთლით ყინულივით ცივი წყალი მომაწოდა


სასწაულია პირდაპირ, საიდან მიხვდა, რომ ისევ დებილივით მოუმზადებელი მივედი თაკარა მზეში დასადგომად და როგორ მეორდება ისტორია.

-სულ დამავიწყდა მომეძებნე, ძალიან ცხელა და გავითიშე
-ეგ არაფერი მარიამ - ასე ოფიციალურად რატომ მომართავს დღემდე არ ვიცი 
- დასანანია, რომ ამასწინად კახეთში ვერ გნახე
- როგორ თუ კახეთში? რა ხდებოდა? - გულწრფელად გამიკვირდა, არც გამიგია ასეთი ამბავი

მოკლედ ამიხსნა რა ხდებოდა კახეთში და ამის შემდეგ კიდევ ბევრ უსამართლობასა და ცუდ რამეებზე ვისაუბრეთ. 
საღამოს, როდესაც ხალხმა დაშლა დაიწყო, შოთამ შემომთავაზა წამოდი ცხელი დღის ბოლოს სადმე დასვხდეთ და ლუდი დავლიოთ, როგორც მახსოვს მუქი ლუდია შენი ფავორიტიო.

რაც მართალია, მართალია - საკუთარ მახსოვრობას ვერაფერს დაუწუნებდა.
იმ საღამოს იმდენი ვილაპარაკეთ და იიიმდენი დავლიეთ, რომ სახლში სულ ფორთხვით დავბრუნდი, თუმცა ის კი მახსოვდა, რომ რაღაც არ უნდა დამვიწყდებოდა და ეს რაღაც მარცხენა უკანა ჯიბეში მედო.

*****
სარეცხის შეყრისას ყველა ჯიბეს ვაცარიელებ, იმიტომ რომ რამდენჯერმე საკმაოდ მსხვილი კუპიურა შემომერეცხა და ვერაფერი ვეღარ ვუქენი.

დაკუჭული ქაღალდი ძლივს ამოვაცოცე, გავხსენი მაინც - რა იცი რა წერია.
შოთა ********ძე
ტყვიავის ქუჩა # X
5937222**
 - ფუჰ, ჯანდაბა ჩემს თავს, ლუდით გალეწვის მერე უნდა დამერეკა. როგორ დამავიწყდა.

- მას მერე 4 დღე გავიდა, დროზე უნდა დამერეკა რა.
ვიდექი და  საკუთარ თავს ვტუქსავდი. ვერაფრით ჩამოვყალიბდი რა მექნა.

ბოლოს ყველაზე მარტივი რამ მოვიფიქრე - სმს გავგზავნე, მოკლე ბოდიშით და მცირე გეგმით.

****
არ ვიცი რა გაგრძელებას ველოდებოდი მე თვითონ იმ სმსის მერე და საერთოდაც, თუმცა გეტყვით, რომ მეორე შეხვედრის შემდეგ ძალიან კარგი მეგობრები გავხდით, თუ მაქეთკენ მივდიოდით (მოკლედ რაღაც მასეთ და არაფერი მეტი).



ისე საწინააღმდეგო არც არაფერი მქონდა, გეგმა მე არ დამისახავს და არაფერი.

*****
შოთასთან მეგობრობა მართლაც მაგარი აღმოჩნდა, სულ სადღაც დავბოდიალობდით, ათას თავგადასავალში ვეხვეოდით

მასთან ერთად მოწყენას ვერ ვახერხებდი.
სულ ჰქონდა იდეა სად და რა გაგვეკეთებინა, რა გვენახა და როგორ გაგვეტარებინა დღე.

*****
ჩემი და შოთას მეგობრობის მესამე წელიწადი იწყებოდა ალბათ, როდესაც შოთამ შეთქმული ხმით დამირეკა და ამოდი ჩემთანო მითხრა.

არ დამიყოვნებია რა თქმა უნდა, ელვისებურად გავვარდი.
სახლში შესვლისთანავე იმდენი კითხვა მომაყარა თავბრუ დამეხვა, აშკარად ძალიან აღტკინებული იყო.

-ყავა? ჩაი? წვენი? ან წყალი?? ნაყინი??
-დაჯე, დაღლილი ხარ ალბათ არა?? მაპატიე, რომ ასე უცებ თავზარი დაგეცი, არა კი არ მინდოდა, მაგრამ ამას შენ რომ მოგიყვები ეგრევე მიხვდები რატომ შენ ჯერ და მერე სხვები, ჯანდაბა სხვები და საერთოდ , აუ არ იცი იცი რა მაგარია...

სამი წრე დაარტყა სამზარეულოს და ისევ აბდაუბდა საუბარი გააგრძელა...
-გეყოს ახლა ვააა - ავღრიალდი, დამაწყდა ნერვები.
- ა უი , მაპატიე, ხოდა მოკლედ ახლა უნდა მოგიყვე რა ეს ამბავი... არადა ძაან ახლართულია და პირდაპირ მოკლედ ხომ არ გითხრა, ან იქნებ ჯობია თავიდან ბოლომდე მოგიყვე.... ვერ გადავყწვიტე მოკლედ.

ასე იმეორებდა სანამ მეორედ არ ავკივლდი, შემდეგ ჩამოჯდა ტაბურეტზე, ღრმად ჩაისუნთქა და ამოუსუნთქავად მომახალა

-გარემოს დაცვის სამინისტროში დავიწყე მუშაობა! ორშაბათს გავდივარ.
ახლა მე ავკივლდი, ავხტი - დავხტი, მივახტი - ჩავეხუტე , მერე წრეებზე სირბილი დავიწყე.
როგორც აღმოჩნდა მისი პოზიცია არც ისე უბრალო და ხელწამოსაკრავი იყო, არ ვიცი როგორ მოხვდა იქ და არც მიკითხავს - ჩემი საქმე არ იყო ნამდვილად.

მთავარი იყო, რომ შოთა იქ მოხვდა სადაც საჭიროა და ახლა ბევრ რამეს მოევლებოდა. ის აუცილებლად იზრუნებდა იმაზე, რომ არ გაეჩეხათ ნარგავები თბილისში და საერთოდაც საქართველოში, რომ ბუნების ძეგლები უსაფრთხოდ ყოფილიყო და მოოოოკლედ...

ამ საღამოს იმდენი ვილაპარაკეთ იმაზე თუ რას გააკეთებდა და რას გეგმავდა შოთა, რომ ბოლოს ძალა გამოგველია და ძლივს მოვახერხეთ საწოლებამდე მისვლა.

*****
შოთას დანიშვნიდან გავიდა ზუსტად 4 თვე, ამ პერიოდში მოხდა ყველაზე საშინელი რამ - ყაზბეგის გზაზე არსებული ულამაზესი ტრავერტინები დააზიანეს.
არა, დააზიანეს ნამდვილად მსუბუქად ნათქვამია - დედა მოუ***ს.



რა თქმა უნდა გავიგე თუ არა პირველი რაც ვქენი აღვშფოთდი და მეორე შოთას დავურეკე.
აღშფოთებულმა ისტერიკით მივაყარე, რომ ასე მოხდა და აბა სად არიან, რას შვებიან, რა იციან.

 არ მეგონა ასეთი იმედგაცრუება თუ არსებობდა, არ მეგონა ადამიანები ასე თუ იცვლებოდნენ, არ მეგონა ადამიანები საკუთარ პრიორიტეტებს თუ მკვეთრად იცვლიდნენ.

-იცი რა მარიამ, მე რა შემიძლია, ვერაფერს ვიზამ. ჩვენი ექსპერტები (თუ რაღაც ამდაგვარი მითხრა) უკვე გზაში არიან, მაგრამ არ მგონია რამეს ეშველოს.
-შოთა გამოშტერდი?? რეებს მეუბნები?? წამოდი აქცია გავაკეთოთ, რამე ქენი შოთა მანდ, არ გადამრიო- ასე ვკიოდი ტელეფონში დიდი ხანი და უცებ მივხვდი, შოთა ჩემთვის აღარავინ იყო. შოთა საერთოდ აღარ იყო შოთა.

ტელეფონი გავთიშე და შოთას ნომერი წავშალე, თუმცა ვინანე, რომ მანამდე დაბლოკილთა სიაში არ გადავიტანე.

****
ამასწინად შოთა შემხვდა ქალაქის ერთ დიდ მარკეტში, თვალი ავარიდე - შოთამაც იგივე გააკეთა.

დასანანია, რომ ადამიანები მშიშრები არიან, დასანანია, რომ ადამიანები იმ მიზნებს და პრიორიტეტებს ივიწყებენ რომლებიც მათ ქმნიან.

Post a Comment

5 Comments

  1. Anonymous9:14 PM

    პოსტის კითხვა ამ ემოციით დავიწყე :D და ამ ემოციით დავასრულე :(

    ReplyDelete
    Replies
    1. მესმის :| მე ურთიერთობა დავიწყე და დავასრულე ეგრე :(

      Delete
  2. uh, ra rtul situaciashi agmchnidt shenc da isic.
    yazbegs rac sheexeba piradad me cofebs vkridi, darcmunebuli var shoac mae iqneboda, magram bevri mizezis gamo ar tu ver imoqmeda.

    adamianuri faqtori mainc.

    ReplyDelete
  3. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ შოთა არ შეცვლილა და ისევ ის არის. უბრალოდ, პრობლემა დაინახა შიგნიდან და მიხვდა, რომ ამ პრობლემას არცთუ ხშირად უფრო რთული სახელი და უფრო შორს მიმავალი ფესვები აქვს, ვიდრე მაგალითად, ის, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო უსაქმურების ბანდაა. შოთამ დაინახა, რომ ყაზბეგის ტრავერტინები დიდი ხნის წინ დაწყებული უმოქმედობის კიდევ ერთი სავალალო შედეგია და ის, რასაც წლების განმავლობაში აფუჭებდნენ, შეუძლებელია, ერთი ხელის დაკვრით მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, არავისზე ნაკლებად შესტკიოდა გული ტრავერტინზე, უფრო პირიქით და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არც შენს მიმართ გრძნობს თავს სუფთად და არც საკუთარ სინდისთან. უბრალოდ, მისთვისაც დარტყმა იქნებოდა, რომ ის შესაძლებლობები და ბერკეტები, რაც ეგონა, რომ ექნებოდა, არ აღმოაჩნდა...

    არ მჯერა, რომ ადამიანი ოთხ თვეში გადაიქცა სტანდარტულ ჩინოვნიკად. ასე არ ხდება, განსაკუთრებით, ამ კონკრეტულ სამინისტროში :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!