ბეტონით დაცული აღმგზნები სიკვდილი

ამ ბოლო დროს (მას შემდეგ რაც ქინდლი ვიჩუქე) ძალიან შემიყვარდა სხვადასხვა მშვიდ კაფეებში ჯდომა და კითხვა.
სულ მარტო ვზივარ ხოლმე და გაბმულ, ერთგვაროვან ზუზუნში ძალიან ბედნიერი ვნთქავ უცნაურ წიგნებს.
დედაჩემმა რომ ჩემი წიგნების ჩამონათვალი ნახა, ასე მითხრა "ცოტა გაგიფრენიაო".

ზუსტად ასე, მარტო და მშვიდად ვიჯექი იმ დღესაც. ბედნიერი ვხვრეპდი (დიახ, დიახ უზნეოდ და ხმამაღლა) კენკრის ჩაის, უზარმაზარი ჭიქიდან და თვალს ვერ ვწყვეტდი ჩემს ახალ წიგნს ნეკროფილიაზე.

ძალიან მოულოდნელად ჩემს მაგიდასთან სკამი ამოძრავდა, ძალიან შევშინდი და გაფართოებული თვალებით (სავარაუდოდ) გავიხედე საპირისპირო მხარეს.
არაფერი განსაკუთრებული, ვიღაც ჩვეულებრივად ჩაცმული, საშუალო სიმაღლის ტიპი იდგა და უხერხულად მიღიმოდა.


დამნაშავე ბავშვივით იყო ატუზული მაგიდასთან, ალბათ ჩემი შეშინების შეეშინდა ან არ იცოდა რა ეთქვა.
ასე მივჩერებოდით ერთმანეთს ალბათ კარგა ხანს, სანამ ისევ მე არ გავბედე ხმის ამოღება (შოკიდან გამოსვლის შემდეგ):

- გისმენთ? და თან ვცადე მშვიდი და ნაზი ღიმილი გადამეფინა სახეზე.
ისევ შტერი სახით იდგა და საკუთარ მუხლებს, ან წინდებს ან სულაც ფეხის წვერებს უყურებდა.


- შემიძლია რამით დაგეხმაროთ? ახლა ცოტა მკაცრად ვცადე კითხვა დამესვა.
ძლივს გაბედა ხმის ამოღება
-იცით ასე 20 წუთია თქვენს უკან ვზივარ და ვცდილობდი მეც წამეკითხა თქვენი წიგნი და....
აქ გაწყდა აზრი.
მე ისევ გაოცებული და პირდაფჩენილი ჩუმად ვუყურებდი, იმ იმედით რომ რამე კიდევ წამოსცდებოდა. 
უიმედო იყო სიტუაცია, მეტი არაფერი დასცდენია, უბრალოდ იდგა.

-ვერაფერი გავიგე, მაინც რა გნებავთ? ახლა უკვე ისე დავიბენი, რომ ხმის გამკაცრებაც არ გამომივიდა.
-არა, უბრალოდ, იცით მეც... ისევ აბლუკუნდა და ძალიან მოულოდნელად დაალაგა სათქმელი 
- აი ეს დღიური, მინდოდა მომეცა , უცებ მივხვდი რომ... აიი ნახავთ. ბოლოში ჩემი ნომერია, შემდეგ დამიბრუნეთ რომ წაიკითხავთ. გამიღიმა და აღმოჩნდა რომ ძალიან სასიამოვნოდ იღიმოდა.

სწრაფი მოძრაობით ცხვირწინ დამიხეთქა ტყავის კანში ჩასმული, გაცრეცილი ფურცლების დასტა და ელვისებურად გავარდა კარში.
დავრჩი ასე გაღიმებულ-გაოგნებული. ერთი მომენტი ისიც ვიფიქრე ალბათ ამ ბლოკნოტს რამე უსვია და მინიმუმ შავი ჭირი უნდა დამემართოს მეთქი, თუმცა ბოლოს ცნობისმოყვარეობამ ყველაფერს სძლია და გადავფურცლე.

პირველი გვერდი -

14.მარტი 2011 წელი

დღეს ახალი ბინადარი მოიყვანეს, კარგად ვერ შევათვალიერე, თუმცა მაღალი შუბლი და პატარა აპრეხილი ცხვირი დავუნახე. თეთრ კანზე უცნაური სილუჯეები ეტყობოდა. საქმეს ვერ მოვწყდი, ძალიან მეჩქარებოდა, თუმცა შევნიშნე, რომ დიდი კამპანია არ ყოფილა. მშვიდად და წყანარად ჩაიარა ყველაფერმა და შემდეგ მეც დამიძახეს.
გამიჭირდა, მე ხომ მისი დათვალიერება კარგად ვერ მოვასწარი, ისე დახურეს კუბოს თავი. სხვა რა გზა მქონდა დავეხმარე საფლავის დახურვაში და ისევ გავაგრძელე გვერდითა საფლავის თხრა. დიიდი ხანი ვფიქრობდი მათი წასვლის შემდეგ ამომეღო და მენახა მისი სახე თუ არ ღირდა. თავიდან ვერაფრით ამოვიგდე აპრეხილი ცხვირი და თეთრ კანზე განაწილებული სილურჯეები.
იქნებ უფროსი რომ წავა, გვიან ვესტუმრო....

ჩაი ისე გამალებით მოვხვრიპე, რომ მთელმა კაფემ შემომხედა და რაღა თქმა უნდა ყლუპიც გადამცდა, ვიხრჩობოდი და თან იმაზე მეფიქრებოდა ახლა რომ მოვკვდე და იქ დამმარხონ სადაც ეს ტიპი მუშაობს მესაფლავედ ან მის ასისტენტად მეთქი.


ვერაფრით გავძელი და ბლოკნოტის შუაში გადავშალე:

26 სექტემბერი

უკვე საკმაოდ ცივა, დღეს ვიღაც მოიყვანეს, არავინ ჰყავდა. ერთი ადამიანი მოჰყვა, ისიც ალბათ ზრდილობის და წესის გამო, არ დალოდებია მთელს რიტუალს ისე წავიდა.  კუბოს თავზე მარტო ვიდექი და შუახნის მამაკაცს დავყურებდი.
ძალიან სიმპატიური მომეჩვენა, თავზე ხელი გადავუსვი და ვფიქრობდი რას იფიქრებდა თუ მისი სული სადმე ჩემს გვერდით იდგა. იმდენ ხანს ვუყურე ამ კაცს, რომ  ცოცხალიც კი მეჩვენა.

ბლოკნოტი დავხურე და ღრმად ჩავისუნთქე, ისე ღრმად რომ თავბრუ დამეხვა.
ნეკროფილია? იქნებ ჯერ დამწყები ნეკროფილია ან არ ვიცი...
ბოლო ფურცელზეც გადავშალე, სადაც დაპირებისამებრ ნომერი უნდა ყოფილიყო, იქ კი ნომერთან ერთად აი რა დამხვდა:

ალბათ გამიგებთ, თქვენც ხომ ამით ხართ ამ მომენტში დაინტერესებული. არაფერი, უბრალოდ მონათესავე სულის პატრონი ხართ მე მგონი და გავბედე თქვენთვის ჩემი დღიური მეჩვენებინა.


555**4**0 და სახელი.

კიდევ ერთხელ დამიარა ჟრუანტელმა ტანში. ვიჯქი და ხან მეღიმებოდა, ხანაც "ვიგრუზებოდი". გავუცრუვო ადამიანს იმედი და ვუთხრა, რომ არც ერთი წუთით არ მესმის მისი "სიყვარულის" თუ უბრალოდ ავყვე და მოვუსმინო?


რეალურად რომ ვთქვათ, ვერაფერს ცუდს და საშინელს ნეკროფილიაში ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემი ფილია ნამდვილად არაა. ხოდა ასე ვიჯექი ძალიან დიდიხანს, სანამ მიმტანმა არ გამაფრთხილა სალაროსა და სამზარეულოს დახურვის შესახებ.

ბლოკნოტი ფრთხილად ჩავდე ჩანთაში და ნომერი ავკრიფე, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დამებრუნებინა პატრონისათვის, თან რაც შეიძლებოდა მალე....


Post a Comment

6 Comments

  1. რეებს კითხულობ, მარო :(

    ReplyDelete
  2. ავვვ და შეხვედრა სად დათქვით, კუკიაზე? :D

    ReplyDelete
  3. მოლ - იცი რა მაგარია?? ♥

    კუდა - ნწუ :ევილ:

    ReplyDelete
  4. ვაიმე... გეხვეწები გვითხარი, რომ ეს ყველაფერი შენი წიგნიდან გადმოსული წარმოსახვის ნაყოფია!..

    pleaseeee...

    ReplyDelete
  5. გაგრძელება?

    ReplyDelete
  6. Tatia - nu raavici :) :P

    Nati - araferi saintereso ;)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!