ვფიქრობ ყველას გვქონია ცხოვრებაში (არაერთი) მომენტი, როდესაც დიდად არ მოგვწონებია ის რაც გვეცვა, ან ესა თუ ის ტანსაცმელი მთლად კარგად ვერ გვქონდა ტანზე, მაგრამ მაინც ჩაგვიცვამს რაღაც მიზეზების გამო.
ეს ყველაფერი გასაგებია და ძალიანაც ყოველდღიური, მაგრამ ვერაფერით ვერ გავიგე დღეს ერთი რამე.
გახლდით ერთ - ერთ დიდ შოპინგ ცენტრში (ტიფლის ქალაქსა შინა), გასახდელიდან გამოვიდა ლამაზი, საკმარისზე მეტად გამხდარი, საშუალო სიმაღლის გოგო.
საშუალო მკერდი და ჩამოქნილი თეძო ჰქონდა, არც ტრაკი უწყობდა დიდად ხელს ფორმიანობით, თუმცა ჯამში ვერ დაიწუნებდით მის აღნაგობას.
უცნაური კაბა ჰქონდა არჩეული (მაგრამ ეგ არაა მთავარი), რომელიც იყო იმ სტილის სხეულზე რომ მჭიდროდ მოტმასნილი უნდა იყოს და სილუეტს სრულად იმეორებდეს. ამ გოგოს მისი არჩეული კაბა კი თეძოზე და წელზე მოფამალებული ჰქონდა და ძალიან ცუდად იკეთებდა ნაოჭებს.
საყვარელი, აღფრთვანებით უყურებდა საკუთარ თავს სარკეში და ეს სასტიკი გამყიდველებიც კვერს უკრავდნენ - "ვაიმე ისეა რომ ტანზე გაკვდებაო".
ჰოდა რატომ მოვიყვანე ეს ამბავი შესავალში.
რა თქმა უნდა ყველას გვინდა რომ სუპერ - პუპერ, დაცემა "ვიდზე" ვიყოთ სულ, ყველაფერი გვიხდებოდეს რასაც ზედ ავიჩონხლით და მოკლედ მოვდიოდეთ და მოგვქონდეს, მაგრამ ტანსაცმლის არჩევისას სად გვიქრება რეალობის აღქმა??
მეც მომსვლია რომ ისე მომწონებია რაღაც, მიუხედავად ადგილ ადგილ ცუდი ნაკეცებისა მიყიდია, თუმცა მერე ისე ვინანე, რომ ერთხელ მოსინჯულზე ვცდილობ არაფერი ვიყიდო (მით უმეტეს თუ ამ რაღაცაში სარფიანადაც ვიხდი).
ამ ყველაფერთან ერთად, ჩემი აზრით პრობლემა იმაშიცაა, რომ ესთეტიკის სხვადასხვა აღქმა გვაქვს ყველას და ამასთანავე არ გვასწავლიან იმას რაც მაგალითად მე მოდისა და ტანსაცმლის ისტორიის შესახებ ენციკლოპედიაში მაქვს ამოკითხული.
ის რომ მაგალითად მოკლე ფეხებს დაბალწელიანი ტანსაცმელი კიდევ უფრო ამოკლებს, რომ მართხკუთხა მხრების პატრონმა არ უნდა ჩაიცვას სამკუთხედყელიანი ზედა და ა.შ.
თუმცა ამ ცოდნასაც რომ თავი დავანებოთ, სარკეში რომ ვიყურები ხომ ვხედავ რომ ჩემს არც ისე სტანდარტულ და უზომიერესად ფერხორციან საჯდომს ძალიან შემოტკეცილი შარვალი არ უხდება??
რატომ ვხდებით კაცმა არ იცის რისი მსხვერპლი? ალბათ უფრო მოდის, თუმცა მოდა ხომ ჰიპნოზი არაა რომ საკუთარი სხეულისა და თავის აღქმა დაგვაკარგვინოს და თვალები დაგვიბინდოს??
1 Comments
ReplyDelete:0
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!