ცხელი და სველი განწყობა - ქალი

იმდენი რამის დაწერა მინდა რომ არც ვიცი საიდან დავიწყო.
ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, დრო ელვისებურად მიჰქრის და სულ არ ედარდება ჩემი შეგრძნება იმისა, რომ ვერაფერს ვასწრებ ცხოვრებაში და უამრავი რამე გასაკეთებელი მრჩება.

ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ქრონოლოგიურად გავიხსენო რისი დაწერა მინდოდა პოსტს დაახლოებით ასეთი სახე ექნება:

ბაკო ჩამოვიდა
დიახ,დიახ, 4 წლიანი საზღვარგარეთული ცხოვრების და სწავლის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნდა და ჯერ არსად აღარ გეგმავს წასვლას. ვერ გეტყვით რაოდენ მძაფრი შეგრძნებაა ის რასაც მე განვიცდი.
ჩვენ აღარ გვაშორებს ბევრი, ბევრი ათასი კილომეტრი და საზღვრები, ის უბრალოდ თბილისის ერთ ერთ უბანშია და მე სულ მარტივად 15 წუთიანი მგზავრობის შემდეგ შემიძლია ოთახის კარზე დავუკაკუნო და ვუთხრა: "ბაკო რამე ხომ არ გაგვეფუჭებინა დღეს?" და შემდეგ უკვე მასთან ერთად გეგმების სწრაფი განხორციელებისათვის ზრუნვა დავიწყო.
ძალიან რთული იყო პირველი განშორება, ძალიან რთული იყო ყოველი ზაფხული როდესაც ის 3 თვით ბრუნდებოდა და მერე ისევ იკარგებოდა მთელი წლით. ძალიან რთული იყო ყოველი სიახლე, რომელსაც ელვისებურად ვერ ვუზიარებდი და მიწევდა ლოდინი თუ როდის შევძლებდით სკაიპით ჭორაობას.
ახლა ის აქაა, სულ რამოდენიმე კილომეტრში, არ გვიშლის ხელს არანაირი საზღვარი და მსგავსი რთული რამ იმისათვის, რომ ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ცხოვრება.
ის აქ არის! ის დაბრუნდა!


ბაკოს დაბრუნებასთან დაკავშირებული ემოციების გარდა კიდევ ბევრი სხვადასხვა უცნაური შეგრძნებები მაქვს.
ჩემი შეგრძნებები სიახლის ძიებასთან და რაღაც დანაკლისთანაა კავშირში. არ ვიცი ადამიანები ყოველთვის განიცდიან თუ არა მსგავს რაღაცას, მაგრამ მე უკვე საკმაო ხანია რაღაც მინდა, თუმცა ძალიან მიჭირს იმის გარკვევა თუ რა. ეს დანაკლისი ძალიან ხშირად მახსენებს თავს და შიგნიდან მღრღნის.
სიმართლე რომ ვთქვა საკუთარ ყოფას არ ვუჩივი, ბედნიერი ვარ და საერთოდაც არაფერი მაქვს საწუწუნო, მაგრამ ჩემს შინაგან ხმას არაფრით არ უნდა ეს შეიგნოს და სულ მაწუხებს.
მაწუხებს იმდენად, რომ თავში 1000 სულელური აზრი მომდის, კიდევ კარგი საღი აზრი ჯერ არ დამიკარგავს და შემიძლია ეს იდეები უცებ გავყარო თავიდან, თუმცა ვინ იცის როდემდე შევძლებ წინააღმდეგობის გაწევას, ესეც არ იყოს იქნებ მძაფრი შეგრძნებები მომენატროს უცებ და სისულელეების კეთება დავიწყო.

ამ დანაკლისთან ერთად ადამიანები მაოცებენ ძალიან. უმადური არსებები ვართ და ამის აღიარება არაფრით არ გვინდა. როდესაც გვაქვს ვერ ვირგებთ, ვკარგავთ - ვწუწუნებთ, არ გვაქვს და სწორედ მაშინ გვინდა ყველაზე მეტად.
უცნაურადაა სამყარო მოწყობილი.

ისე ადამიანები ისევ ჩემი სისუსტეა და რაღა თქმა უნდა ყოველთვის ხდება ისე, რომ სულ ახალ ახალ და განსხვავებულ ვიღაცეებს ვპოულობ, თუ ისინი მპოულობენ. 
როგორც არ უნდა იყოს ყველაფერი საკმაოდ სწრაფად ხდება და მე კიდევ გააზრებას ვერ ვასწრებ.

ამ ყველაფერთან ერთად სამყაროც მეკაიფება მგონი. არა, არ იფიქროთ ვემდუროდე, უბრალოდ როცა რაღაც ძალიან მინდა (გააზრებულად) უეჭველი ვაღწევ ამას, მაგრამ იმდენად უცნაური გზებით და ხერხებით რომ ჩემს არანორმალურ თავშიც კი არ ჩნდება ხოლმე მსგავსი ვარიანტები. ერთია რომ ვერაფრით ვისწავლე ჭკუა ზუსტად ჩავუთქვა ხოლმე ის რაც მინდა, თორემ მერე წუნიას შთაბეჭდილებას ვტოვებ საკუთარ თავთან.

მგონი სულ ეს იყო რაც მინდოდა მომეყოლა, უბრალოდ ცალცალკე პოსტებად ვერ მოვახერხე და ახლა ერთბაშად ამოვხეთქე.


Post a Comment

0 Comments