არაშენდა პარკში - ნაწილი III

თებერვალში ვაკის პარკში დიდი აქტივობა იყო, პარტიზანული ბანაკის მიმდებარედ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები იმართებოდა - მერე რა თუ ციოდა და ყინავდა.



იქ მოსულმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ეს უბრალოდ დროსტარება კი არა რეალურად დიდი მიზნისთვის გარჯა იყო. პარკი არის იმისთვის, რომ ადამიანებმა დრო ჯანმრთელ და სასიამოვნო გარემოში გაატარონ.

პარკში იყო მუსიკის დღეები, გამოფენები, Free Market-იც, მოკლედ ყველაფერი, რომ ვაკის პარკში მისულ ადამიანებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ.
ყველა მხიარულობდა, აკეთებდა იმას რაც შეეძლო - უკრავდა, მღეროდა, "სლექლაინზე" სიარულს ასწავლიდა მსურველებს, ზოგიც ჩაის აკეთებდა და გულმოდგინედ უმასპინძლდებოდა შეციებულებს.


ყოველ საღამოს მხიარული საზოგადოება მწვანე კარავში იკრიბებოდა ფეჩის გვერდით და ათას გასართობს იგონებდა. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ აქტიურად დაინერგა "პაატასთავობანა", ბევრი  სასაცილო ამბების  გახსენება მოყოლა და რა თქმა უნდა უკვე ჩვეულ ამბად ქცეული ღამის მორიგეობები.
იმისთვის, რომ მორიგეობა არ ყოფილიყო მოსაწყენი და თანაც უსაფრთხოც გამოსულიყო, მორიგეები წყვილებად რჩებოდნენ, იყო სიაც რომლის მიხედვითაც მსურველები ეწერებოდნენ სასურველ დღეებში და პირნათლად ასრულებდნენ ამ წმინდა საქმეს - ხუმრობა ხომ არაა თებერვლის ყინვაში ღია კარავში დარჩენა და მორიგეობა მთელი ღამით.

თებერვალში გავიგეთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას ბერას სტუდია უმოწყალოდ ანადგურებდა, იქაც იყვნენ პარტიზნები, იქაც აპროტესტეს - თუმცა "მესიას" არავინ აღუდგა წინ მათ გარდა.


ამ პერიპეტიების პარალელურად მთელი ბანაკი ცდილობდა მოქმედი გეგმის შემუშავებას, რა თქმა უნდა პასუხისმგებელ პირებამდე სწორი და საჭირო მესიჯების მიტანას, მაგრამ ყური არავის შეუბერტყავს.
საღამოობით მწვანე კარავში დიდი კრებები იმართებოდა იმისათვის რომ გვესაუბრა არსებულ სიტუაციაზე და დაგვესახა მოქმედების გეგმა, რომ შეგვეფასებინა ჩვენი შანსები და მოვლენების განვითარება.


ვაკის პარკში კი ისევ აქტიურად მორიგეობდნენ მოხალისეები, ეს იყო ადგილი საიდანაც უნდა დაწყებული მოქალაქეების მოსმენა და საზოგადოების გამარჯვება - ადგილი რომელსაც პრეცედენტი უნდა შეექმნა!

ამ პერიოდში პარკში პირველი უცხო ქვეყნის მოქალაქე გამოჩნდა, გამოჩნდა და ბინაც დაიდო პარტიზანებთან. ძალიან სასაცილო და კეთილი ტობიასი პარტიზან მებაღეთა რიგებში ძალიან უცებ და უკანმოუხედავად ჩაეწერა. ეს კეთილი ახალგაზრდა საქართველოს  ბევრ მოქალაქეზე მეტად აქტიურობდა, ბევრად უფრო დიდი წვლილი მიუძღვის ყველაფერში ვიდრე აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლების დიდ ნაწილს - სამწუხარო და მწარე რეალობა ასეთია.


სანამ ცხვირიდან სისხლი არ წაგვსკდება ერთი წუთითაც არ ვფიქრდებით იმაზე რა შეიძლება დაგვემართოს. სანამ სუნთქვა არ გავიჭირდება და ყელში რაღაც მარწუხებივით არ წაგვიჭერს მანამდე დაფიქრება და ანალიზის გაკეთება არც მოგვდის თავში.

შემდეგ კი უკვე გვიანია ხოლმე!

მარტის თვის დასაწყისში გავიგეთ სასტიკი ამბავი, რომ ბუდაპეშტის ქუჩაზე (ყოფილი ჰოსპიტალის) ტერიტორიაზე 80 უზარმაზარი ხე მოიჭრა. 
პარტიზანებმა რა თქმა უნდა სასწრაფო რეაგირება მოახდინეს, თუმცა იმის გამო, რომ მოსახლეობამ ერთი გაიფართხალა და მოეშვა ეს ამბავი ვერ გადავძლიეთ. 
იყო ტერიტორიაზე შეპარვის მცდელობები (რომ გაგვერკვია რას აკეთებდნენ) რადგან გარედან კარგად შეფუთული ღობეები ჰქონდა შემოკრული ტერიტორიას.


ბევრი მცდელობის მიუხედავად პარტიზანმა მებაღეებმა ვერაფერი შეცვალეს ამ მშენებლობასთან დავაკშირებით, რა თქმა უნდა მერიის ზედამხედველობის სამსახურიც გამოიძახეს, მაგრამ არაფერი - არაფრის მაქნისები არიან და ასეთად რჩებიან ამ დრომდე.

მარტში ისე მოხდა, რომ ვაკის პარკის ტერიტორიას კიდევ ერთხელ შეუტიეს, მაგრამ სულ სხვა ადგილას. ყოფილი ატრაქციონების ადგილას ვიღაც ვიგინდარამ ხეების მოჭრა დაიწყო და ამაზე რა თქმა უნდა მერიის უფლებაც იყო გაცემული გიორგი ქორქაშვილის ხელმოწერით (მასზე დიდი მტერი თბილისს ცოტა თუ ჰყავდა). რა თქმა უნდა რეაგირების გარეშე ეს შემთხვევაც არ დარჩენიათ პარტიზანებს, მაგრამ რა გინდა რომ გააკეთო ამხელა ქალაქში 30-50 ადამიანის რესურსით მაშინ, როდესაც ყოველ მეტრში რაღაცას ანადგურებენ და ამაზე ქალაქის მმართველობის ნებართვა არსებობს?

როგორ უნდა შეაგნებინო ადამიანს, რომ იმ ტოტის მოჭრა რომელზეც ზის - დამღუპველლია?? ანალიზის და ფიქრის უნარი ან გაქვს ან არა - მისი განვითარება ძაააააააააალიან რთული ამბავია, ჩვენს ერს კი არც მუშაობა უნდა ამაზე და თანდაყოლილიც არ აქვს.


ამ დროს რა თქმა უნდა ისევ აქტიურად გრძელდებოდა სხვადასხვა აქტივობები პარკში (მაგალითად დარგვის აქციები, პარტიზანული "სიურპრიზების" გაკეთების მასტერკლასები და სხვა) იმისათვის, რომ უფრო მეტ ხალხს გაეგო მოძრაობის შესახებ, უფრო მეტი ადამიანი დაფიქრებულიყო არსებულ სიტუაციაზე, უფრო მეტი რეაქცია მოჰყოლოდა მერიის შტერულ გადაწყვეტილებებს.

ამ დროს ვაკის პარკში კოკა ნიკოლაძის უგეენიალურესი პერფორმანსიც გაიმართა - მოლაპარაკე/მომღერალი მიწა.
სპეციალურად შექმნილი აპარატურით კოკა საშუალებას აძლევდა ყველას ეგრძნოთ თუ როგორ ფეთქავს და როგორ გვესუბრება დედამიწა. ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო რამე გამოვიდა.
ჩემი მეგობრის პატარა შვილიც კი სახლში მისული დედას უყვებოდა როგორ მღეროდა მიწა როდესაც ვიღაც ბიჭი დირიჟორივით ხელებს იქნევდა ზემოთ ქვემოთ.
ამ აქტივობამ გულგრილი არავინ დატოვა.

22 მარტს კი ახალგაზრდა მოხალისეებმა მორიგეობის რეკორდი მოხსნეს - სამორიგეოდ  დარჩა 8 ადამიანი. რა თქმა უნდა კარავში მაქსიმუმ ორი ადამიანის დასაძინებელი ადგილი იყო, თუმცა მათ გარისკეს. დილას მორიგეობის გადაბარებისას აღმოჩნდა, რომ ღამე ძალიან ექსტრემალურად გაუტარებიათ - ჯერ გემრიელობებს აკეთებდნენ ფეჩზე ხოლო შემდეგ ისე უცნაურად ეძინათ, რომ ამის შესახებ ისტორიის მოსმენა არამდგრადი ფსიქიკის ადამიანისთვის სულ არ იყო მიზანშეწონილი.


დიახ, ბანაკში აბსოლუტური მეგობრობა, მხიარულება და ერთსულოვნება სუფევდა, იმდენადაც კი რომ ზუსტად ამ სარეკორდო საღამოს სრულიად უცნობმა (მანამდე რომ არ გამოჩენილა) ადამიანმა მოხალისეებთან ერთად საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა და ბანაკში ტორტით მივიდა.

არ ვიცი სიტყვებით როგორ უნდა გადმოსცე ის ემოცია, რომელიც ასეთი ისტორების გახსენებებისას გიპყრობს.


საზოგადოების გამოფხიზლებას დიდი დრო სჭირდება, ასეთი სიტუაციისას კი დრო არ არის, ყოველი წამი ერთი ნაბიჯია განადგურებული ქალაქისა დაგარემოსკენ.

პარტიზანები უერთდებოდნენ მწვანე მუშტის აქციებსაც სხვადასხვა თემების შესახებ! ერთად დგომა უპირველესი წესია როდესაც წინააღმდეგობას ისეთ მონსტრს უწევ როგორიც შეუვალი და გაუგონარი ხელისუფლებაა.


რა თქმა უნდა ბანაკში არც ფეისბუქის დაბადების დღის აღნიშვნა არ დავიწყებია არავის, რომ არა ეს გამოგონება ძალიან გართულდებოდა როგორც ვაკის პარკის ისე სხვა ადგილების დაცვა და ინფორმაციის მიმოცვლა, ასევე ისეთი კარგი ადამიანების გაცნობა როგორებიც ამ მოძრაობაში გაერთიანდნენ. ამ დღეს ბანაკში ტორტითა და სასიამოვნო ღრიანცელით აღნიშნავდა ყველა.

იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ პარტიზანები მცირე საგანმანათლებო საქმიანობასაც ეწეოდნენ და გარდა დარგვა - დათესვის მასტერკლასებისა ბანაკში ფიზიკის გაკვეთილებიც კი იყო, ხოლო მშობლებისთვის ტრენინგებიც - ბავშვის აღზარდასთან დაკავშირებულ თემებზე.


საზოგადოება საჭიროებს არა მხოლოდ გააქტიურებას არამედ ინფორმაციას სხვადასხვა თემებზე, ზუსტად ეს არის სამოქალაქო აქტივობის საფუძველი - იყო ინფორმირებული და იცოდე რა გეკუთვნის და რა შეგიძლია მოითხოვო! (ეს ისე მოწოდების მაგივრად) 

თვის მიწურულს (28 მარტს) პარტიზანმა მებაღეებმა მერიაში პატარა მაგრამ ძალიან შინაარსიანი ფლეშმობი მოაწყვეს.


მერიის დარბაზში პიკნიკი მოეწყო. ეს იყო აქცია - "სასტუმრო პარკში? პიკინიკი მერიაში!"

დაახლოებით 20 ადამიანი მოვემზადეთ, მივედით მერიაში, შევიტანეთ პეტიცია (რომელიც ეგრეც არ განუხილავს მერიას და მგონი პირდაპირ სანაგვეში გადაყარეს) და შემდეგ უცებ გაიშალა პლედები, გაჩნდა უკულელე, ფრისბი და ბადმინტონი, ქოლგიანი და წიგნებიანი ადამიანები და რამდენიმე წუთის განმავლობაში მერიაში ისეთ ამბავი იყო თავი დიდ სკვერში გეგონებოდა.


რა თქმა უნდა დაცვა დაიბნა (არ აქვთ მითითება რა უნდა ქნან შენობაში თუ ვინმე პიკნიკს გამართავს) და ვერაფერი ქნა, ხოლოდ 5 წუთის შემდეგ ყველანი ავიშალეთ, ავლაგდით და მშვიდად გამოვედით შენობიდან - სამწუხაროდ ამ ფლეშმობმაც ვერაფერი ვერ შეაგნებინა მერიის თანამშრომლებს.




რა თქმა უნდა პარტიზანები არ დანებებულან, არ დაუყრიათ ფარხმალი, უფრო მეტად შეიკვრნენ ერთ გუნდად და უფრო კარგი იდეები დაებადათ საზოგადოებისა და ხელისუფლების გამოსაღვიძებლად.

Post a Comment

0 Comments